უზრუნველყოფს თუ არა თეატრალური უნივერსიტეტი სტუდენტებს პრაქტიკული კურსით?!
09 თებერვალი, 2014
გალერეა
უზრუნველყოფს თუ არა თეატრალური უნივერსიტეტი სტუდენტებს პრაქტიკული კურსით?! ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მისია პუნქტებადაა დაყოფილი, რომელთაგან რამდენიმე პუნქტი სტუდენტების პრაქტიკულ კურსს ეხება, კერძოდ:

• პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და კურსების დანერგვით პრაქტიკულ მუშაობაზე ორიენტირებული სახელოვნებო განათლების მიღების შესაძლებლობა;
• მჭიდრო თანამშრომლობა სხვა სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სასწავლო პროგრამებზე ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, მიღწევების გაზიარება და რეკომენდაციის გაცემა;
• შემოქმედებითი აზროვნებისა და პროცესისათვის სამუშაო სივრცის გამოყოფა; შემოქმედებით პრაქტიკაზე ორიენტირებული თეორიული კვლევების წახალისება;

რამდენად უზრნველყოფს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერისტეტი საკუთარი სტუდენტებს პრაქტიკული კურსით, კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანს დავით ჯანელიძეს გავესაუბრეთ. „იმისთვის, რომ სტუდენტს პრაქტიკა ჰქონდეს, ქვეყანაში უნდა არსებობდეს წარმოება. საქართველოში ეს ძალიან მწირეა, აქედან გამომდინარე, სტუდენტები, რა თქმა უნდა, იღებენ პრაქტიკას, თუმცა, აქაც რაღაც ერთგვარი შერჩევის, კონკურსის გზით. მაგალითად, თუ ჩემი სტუდენტობის დროს კეთდებოდა 20-25 ფილმი, დღეს კეთდება 2-3, ამიტომ, ძირითადად, ჩვენ სტუდენტებს ასაქმებს ან კერძო კომპანია, ან კინოსტუდია, რის გამოც, ბევრი სტუდენტის აყვანა ვერ ხერხდება. ჩვენ ვერ დავავალდებულებთ კეძო კომპანიებს, რომ სტუდენტები წაიყვანონ პრაქტიკაზე. ამ შემთხვევაში, უნივერსიტეტს რაც შეუძლია, არის ის, რომ მისცეს კარგი რეკომენდაცია, რომლითაც მიიღებენ მას“.

ფაკულტეტის დეკანის თქმით, კონკრეტული პროექტებისადმი თავად სტუდენტებისგანაც არ შეიმჩნევა მასობრივი დაინტერესება: “რასაც ვუყურებ, თითქმის ყველა პროექტში ერთი და იგივე სტუდენტები ჩანან, რომლებიც ძალიან მონდომებულები არიან. ვიღაცას უნდა მონაწილეობის მიღება ყველა პროექტში, ვიღაცას ამბიცია აქვს მხოლოდ. მაგალითად, როდესაც კინოს გადაღება მიმდინარეობს, გადამღებ ჯგუფს ვთხოვთ, რომ ჩვენი სტუდენტები რამენაირად ჩართონ ამ საქმეში. ზოგჯერ არის, რომ გადაღების პროცესში სტუდენტებს (მაგალითისთვის) ქუჩის გადაკეტვა ევალებათ და ამ გზით მონაწილეობის მიღება. ზოგი არ თანხმდება, მხოლოდ საკუთარი ამბიციების გამო. რეალურად კი ეს კარგი შანსია იმისთვის, რომ ადგილზე ნახო და გაეცნო, თუ როგორ ხდება ქუჩის გადაღება“.

დავით ჯანელიძე ამბობს, რომ სტუდენტების ინერტულობა მხოლოდ თეატრალური უნივერსიტეტის ჭრილში არ უნდა განვიხილოთ და ეს მხოლოდ ამ უნივერსიტეტის პრობლემა არ არის: “ვერ იტყვი, რომ მხოლოდ თეატრალურ უნივერსიტეტში არ არის სტუდენტების მხრიდან მეტი დაინტერესება, მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია აქტიური და პასიური სტუდენტების ნაკადი, არ აქვს მნიშვნელობა რას სთავაზობს მას უნივერსიტეტი“.

კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანის თქმით, უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სტუდენტები, რაც შეიძლება, მეტ პროექტში იყვნენ ჩართულნი: “ყველა გზას ვიყენებთ იმისთვის, რომ სტუდენტები მაქსიმალურად ჩავრთოთ პროექტებში. ეს იქნება თხოვნა ნაცნობების, მეგობრებისთვის, თუ ახლობლებისთვის, რომლებიც დღეს რეალურად იღებენ და აკეთებენ რამეს. ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც პრაქტიკიდან ჩვენი სტუდენტები აუყვანიათ და დღესაც იქ მუშაობენ. პრაქტიკა ეს არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ აჩვენო შენი შესაძლებლობა და სამომავლოდ დასაქმდე“.

დავით ჯანელიძე პრაქტიკული კურსის განვითარების გზას ახალ ტექნიკაში ხედავს, რომელიც სულ ცოტახნის წინ შეიძინა უნივერსიტეტმა: “დაახლოებით 1 წლის წინ აპარატურის მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო უნივერსიტეტში, რაც დღეს აღარ არის. ჩვენ გავაკეთეთ სპეცკურსი, სადაც სტუდენტები კამერებსა და სხვადასხვა ტექნიკასთან მუშაობას სწავლობენ. თუ სტდუდენტი არ გაივლის ამ სპეცკურსს, ის ვერ შეძლებს აპარატურასთან მუშაობას. ვფიქრობ, რომ ამ რესურსით სამომავლოდ ბევრი კარგი რამის გაკეთებას შევძლებთ“.

როგორც სასწავლო სტუდიის ხელმძღვანელმა გვითხრა, “თუ სტუდენტები ამ კამერებთან მუშაობას ისწავლიან, მაშინ ისინი ყველაფერის გადაღებას შეძლებენ“.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი ქეთა მიქელაძე პრაქტიკული კურსით ნაწილობრივ კმაყოფილია: “ვწერთ ნიუსებს, ვაკეთებთ ბლოგებსა და რადიოგადაცემებს. მე პირადად, ჟურნალისტი ვარ საზოგადოებრივ მაუწყებელში და უფრო დიდ პრაქტიკას გავდივარ, უნივერსიტეტის წვლილი არაფერია. ვისურვებდი, რომ გამოცდილი ჟურნალისტების გაკვეთილები ჩაგვიტარონ ისე, როგორც რეჟისორებს აქვთ ხოლმე. მაგალითად, ბოლოს მახმალბაფი იყო ჩამოსული და სამდღიანი მეცადინეობა ჩაატარა. დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი ჟურნალიტიკის გაკვეთილებს. მინდა, რომ მედიაცენტრი გაიხსნას, თუკი იქნება ამის საშუალება. ანუ, მინიტელევიზია ისევე, როგორც კავკასიის უნივერსიტეტშია, ან თუნდაც რადიო. როგორც ვიცი, ჩვენთანაც აპირებენ ტელევიზიის გახსნას, ვნახოთ, რა იქნება“.

„პრაქტიკას, მხოლოდ გადაცემების კეთების სახით გავდივართ, უფრო კონკრეტულად ჯგუფები ვამზადებთ რადიოგადაცემებს. მთელი კვირის განმავლობაში მომხდარი მოვლენებიდან ვირჩევთ ყველაზე მნიშვნელოვანს. კმაყოფილი ვარ-მეთქი, რომ გითხრათ მოგატყუებთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცუდი არც ეს არის. შეიძლება, უფრო დაგვტვირთონ პრაქტიკის კუთხით. ვისურვებდი, რომ უფრო მეტად იზრუნოს უნივერსიტეტმა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მყოფი სტუდენტების პრაქტიკაზე“ - გვითხრა ანი გიგაურმა.

დათა ბარათაშვილი ფიქრობს, რომ მის პროფესიულ ზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის თეატრალურ უნივერსიტეტს: „პრაქტიკას ნამდვილად გავდივარ. კერძოდ, რადიოგადაცემებს ვაკეთებთ, რომელიც საბოლოოდ, ძალიან კარგი გამოდის. ვფიქრობ დიდი გამოცდილებაა, როდესაც ამ გადაცემას გიფასებს ისეთ პროფესიონალი, როგორიც გოგა ჩართოლანია. ასე რომ, უნივერსიტეტის დიდი წვლილია ჩემს პროფესიულ ზრდაში. ამავდროულად, ვფიქრობ, ყველა სტუდენტმა უნდა იაქტიუროს და უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დაიგროვოს გარკვეული გამოცდილება“.
სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary