თსუ-ს რექტორის არჩევნები 16 აგვისტოს გაიმართება
12 ივნისი, 2013
თსუ-ს რექტორის არჩევნები 16 აგვისტოს გაიმართება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა თსუ-ს რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აკადემიურმა საბჭომ ალექსანდრე კვიტაშვილი დანიშნა.
დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების დადგენილება თსუ-ს ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. როგორც დაბულებაშია ნათქვამი, რექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება მისი პირადი განცხადების საფუძველზე მოხდა. ალექსანდრე კვიტაშვილის თქმით, მისი გადაწყვეტილება არის უნივერსიტეტის ავტონომიურობის დაცვის ერთადერთი გზა - არჩეულ აკადემიურ საბჭოს მიეცეს საშუალება, თავად გადაწყვიტოს - ვინ იყოს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ან ახალი რექტორი. "ჩემი გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გატარებული პოლიტიკით არის ნაკარნახევი. სამინისტროში გუშინწინ შედგა უნივერსიტეტების რექტორებთან შეხვედრა, სადაც ჩვენ გვთხოვეს, მონაწილეობა მიგვეღო კანონპროექტის შემუშავებაში. თუმცა, აღმოჩნდა, რომ კანონპროექტი ცვლილებებით უკვე 31 მაისს იყო პარლამენტში შეტანილი და გუშინ პარლამენტის ბიურომ განიხილა. ამ ცვლილების თანახმად, უნივერსიტეტების რექტორების მოვალეობის შემსრულებლებს ნიშნავს მთავრობის ხელმძღვანელი. ეს უნივერსიტეტის ავტონომიაში ძალიან უხეში ჩარევაა. თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ დღესვე გამოაცხადა ახალი რექტორის თანამდებობაზე კონკურსი. ორთვიან ვადაში აკადემიური საბჭო აირჩევს ახალ რექტორს და გარედან რექტორის დანიშვნას ვერავინ მოახერხებს" - განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა. ის იმედს გამოთქვამს, რომ თსუ-ში რექტორის არჩევა დემოკრატიული, ცივილიზებული გზით მოხდება. "აუცილებელია, უნივერსიტეტში ერთხელ მაინც ცივილიზებული ფორმით შედგეს რექტორის შეცვლა. არჩეულ ახალ რექტორს მე გადავაბარებ ყველა საქმეს, დავეხმარები სიტუაციის გარკვევაში"- აღნიშნა თსუ-ს ყოფილმა რექტორმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის დავით ზურაბიშვილის თქმით, უნივერსიტეტის ავტონომიის ხელყოფაზე საუბარი უცნაური და არასწორია.

გუშინ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების იმ მმართველ სუბიექტებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ შესაბამისი თანამდებობის დაკავებისთვის კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უფლებამოსილება შეუწყდებათ.

განათლების საკითხების მკვლევარის შალვა ტაბატაძის აზრით, ამ კანონპროექტს სულ მცირე 4 პრობლემა აქვს: კანონპროექტი მომზადებულია ერთი ადამიანის გასათავისუფლებლად და ამისთვის საკანონმდებლო ცვლილებები არ უნდა ხორციელდებოდეს. უმაღლეს სასწავლებელს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს უნიშნავს პრემიერმინისტრი. შალვა ტაბატაძის თქმით, უნივერსიტეტების ავტონომიის შეზღუდვის დაფიქსირება უკვე საკანონმდებლო დონეზეა და ამ გადაწყვეტილებას კონკრეტულ უნივერსიტეტში კონკრეტული ადამიანის დასანიშნად შესატანი ცვლილებების ელფერი დასდევს. "კანონპროექტი ადგენს რექტორის, დეკანისა და სხვა უნივერსიტეტების თანამშრომლების ხელფასებს გარკვეული ზღვრებით. უმაღლეს სასწავლებელს შესაძლებელია, უღირდეს, აირჩიოს მაღალანაზღაურებადი რექტორი, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის განვითარებას და სახელმწიფო რატომ უნდა ზღუდავდეს, გაუგებარია. დოქტორანტები ვეღარ იმუშავებენ ასისტენტ-პროფესორებად. ამ გადაწყვეტილებით შესაძლებელია, ბევრი ადამიანი დარჩეს უმუშევარი. ასევე შესაძლებელია, ზოგიერთი პროგრამის განხორციელებას საერთოდ შეექმნას საფრთხე, რადგან არის პროგრამები, სადაც ასისტენტ-პროფესორებად სწორედ დოქტორანტები მუშაობენ" - აღნიშნავს განათლების საკითხების მკვლევარი და დასძენს, რომ ამ თვალსაზრისით კანონპროექტში არის გარკვეული გამოსავალი. პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტს აქვს უფლება, დოქტორის ხარისხის არმქონე ადამიანი ასოცირებულ პროფესორად, ასისტენტ-პროფესორად ან ასისტენტად დანიშნოს. დასავლურ პრაქტიკა, შალვა ტაბატაძის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ავტონომიურობასა და აკადემიურ თავისუფლებას ეფუძნება და არცერთი ეს პრინციპი არ არის ასახული წარმოდგენილ კანონპროექტში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება აღნიშნულ კანონპროექტს და ხაზს უსვამს მასთან დაკავშირებულ რამდენიმე პრობლემას. ისინი მიიჩნევენ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიცირება დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პერსონალთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა ხდებოდეს. ასევე, სრულიად მიუღებელია, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება აღნიშნული პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე. ამ დროისათვის არ არსებობს გადაწყვეტილების სწრაფად მიღების საჭიროების რამენაირი დასაბუთება. ასეთ ვითარებაში კი, კანონპროექტის სწრაფი განხილვა და მიღება ზიანის მომტანი იქნება მთლიანად საზოგადოებისათვის, რადგან თავისთავად გამოირიცხება სამოქალაქო მონაწილეობა და ჩართულობა კანონის შექმნის პროცესში.

საია-ს წარმომადგენლები ამართლებენ იმ ცვლილებას, რომ რექტორის თანამდებობის დაკავება შეუძლია მხოლოდ იმ პირს, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული პირის აკადემიურ ხარისხს. თუმცა, საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აისახოს აღნიშნული მოთხოვნის შემოღება დღეს მოქმედი რექტორებისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე, დამატებითი დისკუსიის საგანი უნდა გახდეს, წერია საია-ს ვებგვერდზე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ განიხილოს ზემოთ აღნიშნული კანონპროექტი დაჩქარებული წესით, ყველას მისცეს მის განხილვაში ჩართვის შესაძლებლობა და მოუსმინოს დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებს. საქართველოს მთავრობამა და პარლამენტმა დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები უნივერსიტეტების ავტონომიურობის გასაძლიერებლად და დაიწყონ მუშაობა შესაბამისი ცვლილებების მოსამზადებლად ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით.

აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით რამდენიმე სტუდენტი გამოვკითხეთ. ილიაუნის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტის ნათია კაპანაძის თქმით, თუ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელები, მაშინ უნდა შეიცვლოს მათი კანდიდატურა. ასე უფრო სწორი იქნება და სამართლიანი იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვისაც უფრო მეტი კვალიფიკაცია აქვს და აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს.
სტუდენტი სალომე სეფიაშვილი ფიქრობს, რომ ძალიან კარგია სტუდენტის ლექტორად დანიშვნა. "პრაქტიკიდან გამომდინარე შეიძლება, ამ სტუდენტმა უფრო მკაცრად გასწავლოს და უფრო კარგად გადმოგცეს მასალა, ვიდრე ასაკიანმა" - ამბობს სალომე.
"მე მგონი, კარგი იქნებოდა, თუ უფრო ადრე დაიწყებდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო სტრუქტურებზე ზრუნვას, ჩემი აზრით, ამ საკითხში ბევრი მოუწესრიგებელი ნიუანსი არსებობს. რექტორებს რაც შეეხებათ, მათი საქმიანობა უფრო აშკარა უნდა გახდეს სტუდენტებისთვის, უფრო მჭიდრო კავშირში უნდა იყვნენ სტუდენტებთან. საერთო ჯამში, ამ კანონპროექტის მიღება აუცილებელიც არის, რადგან დგება მომენტი, როცა ძველი უნდა შეიცვალოს ახლით" - აღნიშნავს ილიაუნის სამართლის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ნანუკა ბულისკერია.

თსუ-ს პოლიტოლოგიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტის ზაალ კვინჩიას თქმით, ,,ჯერ ერთი, არც მთავრობის მიერ საგანმანათლებლო სისტემაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებების ისნპირირებას ვამართლებ, და მეორე - არც იმის მომხრე ვარ, ყოვლად დამყაყებულ მდგომარეობაში იყვნენ ისეთი ლექტორი თანამდებობაზე, რომელთა კომპეტენცია და დამოკიდებულება თავისი მოვალეობების მიმართ აკადემიური სტანდარტებიდან გამომდინარე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ის, რომ უმაღლეს სასწავლებლებში კომპეტენტური და პატიოსანი პროფესურის აპოგეა არ გვაქვს, ალბათ, ყველამ უწყის, ამიტომაცაა საქართველო რომ უმაღლესი განათლების დივერსიფიკაციის დონით ერთ-ერთი ბოლოა მსოფლიო რეიტინგში. დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე წარმოდგენილ ახალი 2012-2013 წლების ინდექსის მიხედვით, საქართველოს აქვს კატასტროფული მაჩვენებლები განათლებისა და მეცნიერების განვითარების კუთხით. კერძოდ, განათლების სისტემის განვითარების დონე – 114-ე ადგილი; სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხარისხი – 125-ე ადგილი; მეცნიერული კვლევებისა და ტრენინგების ხარისხი – 119-ე ადგილი. აი, ეს მონაცემებია ჩემი პასუხი არსებულ კანონპროექტზე, საჭიროა, მაგრამ სახელმწიფოს ჩარევა უშუალოდ ხელმძღვანელის დანიშვნაში საკმაოდ გადამეტებულია" - გვითხრა ზაალ კვინჩიამ.


თსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა 12 ივნისს. კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადად განისაზღვრა 12 ივლისის 18.00 საათი. თსუ-ს რექტორის არჩევნები 16 აგვისტოს გაიმართება.
სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary