სეუ-ს თვითმმართველობა და სტუდენტები
12 აპრილი, 2014
სეუ-ს თვითმმართველობა და სტუდენტები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თვე-ნახევარია რაც სეუ-ში თვითმმართველობის პრეზიდენტი შეიცვალა. ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი გაბუნია მისი წინამორბედის შაკო მესხის გუნდის წევრია. როგორც შაკო ამბობს, მისი პრეზიდენტობის დროს სტუდენტებთან ურთიერთობა პირველ რიგში იყო საქმიანი: "ჩემი დამოკიდებულება სტუდენტებთან ყოველთვის იყო მშვიდი და მეგობრული. შესაბამისად, მთელი თვითმმართველობა მუშაობდა ამ პრინციპით და ამ დამოკიდებულებას სეუ–ს თითოეული სტუდენტი დაგიდასტურებთ".

თვითმმართველობის როლს უნივერსიტეტში შაკო მესხი შემდეგნაირად განსაზღვრავს: "სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის ძირითადი მისიაა:

1. უნივერსიტეტის მართვაში სტუდენტთა ჩართულობის უზრუნველყოფა;
2. სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესება;
3. სტუდენტების შუამდგომლობა ადმინისტრაციასთან და მათი სამართლებლივი უფლებების დაცვა;
4. სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის მარეგულირებელი ორგანოა, მაგრამ, ამავე დროს, სტუდენტებისგან ვალდებულება აქვს აღებული, რომ მათი სტუდენტური ცხოვრება უფრო გაახალისოს და ინტელექტუალურ მხარესაც შეუწყოს ხელი. ვფიქრობ, სტუდენტური თვითმმართველობის არსებობა აუცილებელი პირობაა უნივერსიტეტში".

შაკო თავისი პრეზიდენტობის პერიოდში რამდენიმე პროექტს გამოყოფს, რომელიც მისთვის ძალიან მნიშველოვანია: "2012 წელს ჩვენი უნივერსიტეტი გახდა სტუდენტური დღეების გამარჯვებული, ასევე ჩემთვის საამაყოა ის, რომ ამავე წელს სეუ-ს თვითმმართველობა წლის საუკეთესო თვითმმართველობის სტატუსის მფლობელი გახდა. ასევე გამოვყოფდი სამეგრელოს სკოლებში მოსწავლეებისათვის ტრენინგ-სემინარების ჩატარებას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუციებზე. 2013 წელს ევროუნივერსიადაზე სეუ-ს რაგბის გუნდის გამარჯვება და "იავნანას" 10 წლისთავზე უნივერსიტეტ სეუ-ს რექტორის ინიციატივით ერთ-ერთი ოჯახისათვის საცხოვრებელი სახლის გადაცემა".

როგორც სეუ-ს თვითმმართველობის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, თვითმმართველობის დამოკიდებულება ადმინისტრაციასთან იყო სამაგალითო სხვა უნივერსიტეტის თვითმმართველობისათვის: "ეს იყო გუნდური მუშაობის პრინციპი იმ საკითხებზე, რაც ჩვენს უფლება-მოვალეობაში შედიოდა. საერთოდ, ასეთი კარგი ურთიერთობის დამსახურებაა, რომ ჩვენი თვითმმართველობა ამ მხრივ ერთ–ერთი სამაგალითო იყო და არის. მაგრამ აღვნიშნავ, რომ ეს ჩვენი რექტორის დამსახურებაა. ბატონი გია თვითონ არის ძალიან კარგი მენეჯერი და თანამშრომლებისთვის კარგი უფროსი. სტუდენტებს სწორედ ეს გვაძლევს მაგალითს".

სეუ-ს თვითმმართველობის ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი გაბუნია არამხოლოდ თვითმმართველობისა და სტუდენტების უერთიერთობას, არამედ სტუდენტებისა და ადმინისტრაციის ურთიერთობასაც უსვამს ხაზს: "არამარტო თვითმმართველობასთან, ადმინისტრაციასთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ სტუდენტებს და უფრო ახლო - რექტორთან. ნებისმიერ საკითხზე 24 საათის განმავლობაში შეუძლია სტუდენტს დაგვიკავშირდეს და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, მოვახდინოთ რეაგირება. ყოფილა შემთხვევა, ღამის 3-4-5 საათზეც დაურეკავთ. ძირითადად, ინფორმაციის მიღების მიზნით გვიკავშირდებიან, როდესაც უფრო დეტალურად აინტერესებთ კონკრეტული ინფორმაცია. ბევრ სტუდენტს თავისი იდეა აქვს, პროექტის, თუ გართობის მხრივ. ყველაფერში შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ადმინისტრაციასთან ერთად, რა თქმა უნდა".
გიორგის თქმით, თვითმმართველობის საქმიანობა 100%-ით ცნობილია სტუდენტებისთვის და მათთვის ნებისმიერი ინფორმაცია თვითმმართველობის შესახებ ხელმისაწვდომია.

რაც შეეხება თვითმმართველობის სამომავლო გეგმებს, გიორგის პასუხი შემდეგია: "მზად ვართ ნებისმიერ სტუდენტთან თანამშრომლობისთვის, ვგეგმავთ ბევრ შემეცნებით, გასართობ და სპორტულ ღონისძიებებს, ისევდაისევ სტუდენტების იდეებით. პირველ რიგში, 15 აპრილს ყველა "სეუელს" ვეპატიჟებით "night Office"-ში სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, რექტორისა და ადმინისტრაციის დახმარებით. იწყება ინტელექტუალური თამაშის მეორე ტური "რა? სად? როდის?". ასევე გოგოების ტურნირი ფეხბურთში, შებდეგ - ბიჭებში. ვგეგმავთ რამდენიმე საქველმოქმედო და პოეზიის საღამოს".

"თვითმმართველობის საქმინობას მეტნაკლებად დადებითად ვაფასებ. უფრო მეტად წინასაარჩევნოდ აქტიურდებიან, თუმცა, საქმესაც აკეთებენ. ღონისძიებებს გეგმავენ და თავადაც იღებენ მონაწილეობას. ალბათ, სწორად დაგეგმილი მენეჯმენტი არ აქვთ და სტუდენტურ ცხოვრებაში მხოლოდ სტუდენტების ნაწილია ჩართული".

"არჩევნების შედეგად თვითმმართველობა შეიცვალა. ძველი თვითმმართველობის გაკეთებული საერთოდ არაფერი მახსოვს. წარმოიდგინე ქედმაღალი ადამიანი, რომელსაც თანამდებობაზე დანიშნავენ და თავი მეფე ჰგონია. თუმცა, გასაკვირი არც არის იმიტომ, რომ ეს ქართველების სენია, თუნდაც მცირე ძალაუფლებას იგრძნობს და თავი შენზე ზემდგომი ჰგონია. რაც შეეხება ახლებს, ბევრი ჩემი მეგობარია ახალი თვითმმართველობის წევრი. კარგი ბავშვები არიან, ყოველ შემთხვევაში, მე ვისაც ვიცნობ. თითქმის ყოველ კვირას აწყობენ კინოჩვენებას და სხვადასხვა აქტივობას. ინფორმირებას რაც შეეხება, არ იზარებენ და გვატყობინებენ სიახლეებს. პირადად ჩემთვის იყო ერთი გულდასაწყვეტი ფაქტი. ვწერ ლექსებს, გავიგე, რომ ტარდებოდა პოეზიის საღამო, სადაც ყველა სტუდენტს შეეძლო მონაწილეობის მიღება. ბევრი ფიქრისა და დაძალების შემდეგ მონაწილეობა გადავწყვიტე, მაგრამ არ დამიკავშირდნენ. მალევე გავიგე, რომ საღამო ჩატარდა. ჩემმა მეგობარმა, რომელიც თვითმმართველობის წევრია, მკითხა: რატომ არ გამოვდიოდი. მიზეზი რომ გაიგო, მთხოვა, გავსულიყავი მაინც, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე არ დავთანხმდი და აღარ მოვინდომე სადმე მიმეღო მონაწილეობა. კიდევ ერთი მომენტია, ვფიქრობ, ერთი პირველკურსელი მეორეს ზემოდან არ უნდა უყურებდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის "თვითმმართველობაშია!"

ასეთია სეუ-ს სტუდენტების კომენტარები. მათ ვინაობას არ ვასახელებთ, ჩვენთან თანამშრომლობის გამო უნივერსიტეტში პრობლემები, რომ არ შევუქმნათ, რადგან უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კვლავ უარს აცხადებს ჩვენთან თანამშრომლობაზე.
სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary