თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსზე
25 მაისი, 2014
თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
არც თუ ისე დიდი ხანია, რაც თავისუფალი უნივერსიტეტი აგრარული უნივერსიტეტის შენობაში გადავიდა და 1200-ზე მეტმა სტუდენტმა ნუცუბიძის შენობიდან დიღმის კამპუსში გადაინაცვლა.
როგორც პრორექტორმა მარინა ქარჩავამ გვითხრა, ადგილმდებარეობის ცვლილებას კონკრეტული მიზეზი არ ჰქონია, ეს, უბრალოდ, მენეჯმენტის გადაწყვეტილება იყო და ამ ცვლილებას არცერთი ფაკულტეტი არ დაუზარალებია. ის ლაბორატორიები რაც ძველ შენობაში იყო, აგრარულის შენობაში გადმოვიდა, გაფართოვდა და ზოგიერთ შემთხვევაში მიემატა კიდეც: „პირობები გაუმჯობესდა თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ეს შენობა დაპროექტებულია, როგორც საუნივერსიტეტო, ხოლო ძველი შენობა, რომელიც ნუცუბიძეზეა, დაპროექტებული იყო, როგორც სკოლის შენობა. ვფიქრობ, ეს უკვე გაუმჯობესებაა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურასა და ლაბორატორიებს, ამ მხრივაც უკეთესობაა. ყველა ლაბორატორია, რაც თავისუფალს ჰქონდა, ეს იყო კომპიუტერული მეცნიერებების MACS ლაბორატორია, ფიზიკის ლაბორატორია, რომელიც კიდევ უფრო გაფართოვდა, ასევე რაც ენებს სჭირდება, ლინგაფონური კაბინეტები აქაც გადმოვიდა და ამას დაემატა რობოტიკის ლაბორატორია, რაც ნუცუბიძეზე არ გვქონდა. ამიტომ ამ მხრივ უნივერსიტეტმა ყველაფერი შეინარჩუნა და უფრო მეტად გააფართოვა“.

უნივერსიტეტის ადგილმდებარეობის შეცვლამ სტუდენტები დიდად არ აღაფრთოვანა, თუმცა, პრორექტორის თქმით, როგორც წესი, ნებისმიერ ცვლილებას მოჰყვება უკმაყოფილება: „ნუცუბიძეზე დავდივარ და დიღმის კამპუსში დავდივარ - ერთმანეთისგან განსხვავდება ხომ? ამიტომ, მარტო სტუდენტს კი არა, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გასჩენოდა კითხვა. მეც მქონდა კითხვა იმიტომ, რომ ძველ ნუცუბიძის კამპუსთან 2 წუთის სავალში ვცხოვრობდი, აქ მეორე ბოლოში ვარ... ვფიქრობდი, როგორ ვივლიდი, მაგრამ, როგორც ხედავთ, დავდივარ და არც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ყველაფერს ეჩვევა ადამიანი და, მით უმეტეს, ამაში არაფერია ტრაგიკული“.

ცვლილებით არც მარიამ ბაჯელიძე იყო კმაყოფილი, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტია. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ახალ შენობას უკვე ეჩვევა და მოსწონს კიდეც: „ტერიტორიულმა ცვლილებამ, პირადად ჩემში, უკმაყოფილება გამოიწვია. 2 წლის განმავლობაში ძველ შენობაში ვსწავლობდი და შეგუების მომენტი მქონდა. ის პატარა შენობა იყო, ყველა ერთმანეთს იცნობდა. პირველი კურსი რომ მოდიოდა, კომუნიკაციას მაშინვე ვახერხებდით და უფრო შეკრულები ვიყავით. ახალ შენობაში, რომელიც საკმაოდ დიდია, ეს მომენტი დაიკარგა. ახლა ნელ-ნელა ვეჩვევი ამასაც. ახალი შენობა მომწონს, მართალია, რაღაც პრობლემები აქაც არის, მაგრამ, ძირითადად, ინფრასტრუქტურით კმაყოფილი ვარ. ლაბორატორიებთან უშუალო შეხება არ მაქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი რამ, რაც ხელს უწყობს ინფორმაციის მიღებასა და პროფესიულ ზრდას, მისასალმებელია“.

როგორც აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტმა თეონა ჩარკვიანმა აღნიშნა, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების შემატებით მისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა, თუმცა, დასძინა, რომ რაოდენობრივად სტუდენტების გაზრდამ ლექციების ხანგრძლივობაც გაზარდა: “რაოდენობრივად სტუდენტების მომატებამ გამოიწვია ის, რომ სმენებად დაიყო სასწავლო პროცესი და ზოგი სტუდენტი ამითაა უკმაყოფილო, რომ ზამთარში ძნელია, როდესაც სწავლა 8 და 9 საათზე გიმთავრდება. ურთიერთობის მხრივ რა გითხრათ, აგრარულისა და თავისუფალის სტუდენტებს თითქმის არ გვაქვს ერთანეთთან კონტაქტი“.
სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary