ESM (ბიზნესის სკოლა) 1992 წელს შეიქმნა და მას მიღებული აქვს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის (CEEMAN) აკრედიტაცია.
როგორც ESM-ის მაშინდელი სტუდენტი მარი გვასალია ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩაბარება მისაღები გამოცდებით ხდებოდა, ბიზნესსკოლაში მოხვედრა საკმაოდ რთული იყო, ხოლო მაგისტრატურაზე სამუშაო გამოცდილების ქონა აუცილებლობას წარმოადგენდა. ESM-ში სწავლის გადასახადი მთლიანობაში 6300 ევრო იყო.
2007 წელს ცოდნის ფონდის დამუძნებელმა კახა ბენდუქიძემ ESM-თბილისისა და თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტების შეერთებით ჩამოაყალიბა თავისუფალი უნივერსიტეტი. მას მოგვიანებით (2007 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად) რამდენიმე სკოლა კიდევ დაემატა, კერძოდ, სამართლის სკოლა, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლა, ფიზიკის სკოლა, ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა და მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა.
მარი გვასალიამ მისაღები გამოცდებით ESM-ში ჩააბარა, თუმცა, მისი სწავლის პერიოდში მოხდა გაერთიანება და თავისუფალი უნივერსიტეტის დიპლომის აღება მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი უნივერსიტეტი მალევე გახდა ერთ-ერთი ლიდერი უმაღლესი სასწავლებელი, ESM-ის შემოერთებამ სტუდენტების აზრი ორად გაყო: "სტუდენტებში იყო საუბარი, ზოგს ESM-ის დიპლომი უნდოდა, ზოგისთვის კი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ბოლოს მაინც თავისუფალი უნივერსიტეტის დიპლომები ავიღეთ" - გვეუბნება მარი.
როგორც თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ირაკლი ამბროლაძე ამბობს, სტუდენთა უკმაყოფილება შეიძლება იმ ფაქტს გამოეწვია, რომ უწევდათ ისეთი საგნების გავლა, რომელიც მათ პროფესიას არ ეხებოდა: "ზოგისთვის უარყოფითი მხარე ის იყო, რომ უწევდათ ისეთი საგნების სწავლა, რომელიც მათ ინტერესის სფეროს არ წარმოადგენდა (მაგალითად ESM-ელი გადიოდა აზია-აფრიკის საგანს) თუმცა, მე პირადად კმაყოფილი ვარ, რომ ზოგადი განათლების მიღების საშუალება მეძლეოდა. ჩემი აზრით, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე მიჯაჭვა. როგორც მინიმუმ, მრავალმხრივ აზროვნებაში საკუთარი თავის გავარჯიშების საშუალება გეძლევა, პირადად ჩემთვის კარგია ეს. რაც შეეხება სწავლის ხარისხს, ცალსახად ვერც გაუმჯობესებას ვიტყვი და ვერც გაუარესებას. მიწოდების ხარისხი, ვფიქრობ, არ შეცვლილა. ESM-ის ლექტორი როგორც ადრე ასწავლიდა, ისე ასწავლის დღესაც. მიღების ხარისხი შეიძლება შემცირდა იმიტომ, რომ სტუდენტს მრავალ საგანზე უწევს ფიქრი და ორიენტირება, თუმცა, ეს სტუდენტის უნებისყოფობის ბრალია და სხვა არაფრის. ხოლო თუ სტუდენტი განათლებას ვერ იღებს თავისი უნებისყოფობის გამო, ამაზე არ უნდა ვინერვიულოთ".
რაც შეეხება თავისუფალი უნივერსიტეტის ამჟამინდელი სტუდენტების კომენტარებს, გამოკითხული სტუდენტების პასუხი ცალსახა იყო. მათი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ESM-ში (შეერთებამდე) სწავლა არ მოუწიათ, სწავლის ხარისხზე პასუხის გაცემა უჭირთ.
თავისუფალი უნივერსიტეტის პრორექტორის მარინა ქარჩავას თქმით, უნივერსიტეტი მუდმივად სიახლეების დანერგვის პროცესშია და, ალბათ, გასაკვირი არც იქნება, თუ ის კვლავ განაგრძობს გაფართოებასა და ფაკულტეტების დამატებას.