გაამართლა თუ არა საატესტატო გამოცდებმა?
14 ივნისი, 2014
 გაამართლა თუ არა საატესტატო გამოცდებმა? ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
2014 წლის 25 მაისს საქართველოს მასშტაბით საატესტატო გამოცდები დასრულდა. აბიტურიენტებმა, რომლებმაც შეძლეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ბარიერის გადალახვა, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან. საინტერესოა, როგორ ჩაიარა საატესტატო გამოცდებმა, რა ხარვეზები გამოიკვეთა და როგორ აფასებს საგამოცდო სისტემას ექსპერტი.
გიორგი კორძაიამ თბილისის 42-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. სწავლის გაგრძელებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე აპირებს. როგორც გიორგიმ აღნიშნა, საატესტატო გამოცდების მიმდინარეობისას ბავშვებში მაინც იგრძნობოდა დაძაბულობა: „რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ალბათ, არა მარტო მე, ძალიან ბევრ აბიტურიენტს ექნება პრეტენზია. გამოცდების პირველი ნაწილის სისტემა (გეოგრაფია, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა) აშკარად სხვანაირი იყო, ასე ვთქვათ, კომპიუტერი გაფასებდა ობიექტურად, მაგრამ მეორე ნაწილში, როგორც ჩანს, "დაინდეს" ბავშვები და აამუშავეს სისტემა, რომელიც ადვილად გაკლებდა ქულას. მაგრამ ასევე ძნელად თუ მოახერხებდი ზღვარს ქვევით ქულის მიღებას, ანუ სისტემა იყო შემუშავებული საშუალო ქულებზე. იქ იყო მთელი რიგი ხარვეზებისა, მაგალითად: მოდიოდა კითხვა, რომელსაც სამი სავარაუდო პასუხი ჰქონდა და მეოთხესთან არაფერი არ ეწერა, ამ დროს კი ვერ იგებდა მოსწავლე, რა უნდა ეპასუხა კითხვაზე, თანაც მსგავსი კითხვები განმეორდა რამდენჯერმე. ასევე ვერ ვიტყვი, რომ სისტემა მრავალფეროვანი იყო - მე რა კითხვებიც მომდიოდა, ის მოსდიოდა ჩემ გვერდით მჯდომ მოსწავლესაც“.

გიორგი კორძაიას აზრით, მოსწავლე, რომელიც მართლა სწავლობს, არ დაეთანხმება საატესტატო ან ეროვნული გამოცდების გაუქმებას: „თუ ჩვენ გვინდა რეალური შედეგი, გამოცდები უნდა ჩატარდეს ეროვნულ ცენტრში, როგორც საატესტატო, ასევე ეროვნული, რადგან სკოლა მაინც ნაცნობი გარემოა და გადაწერა უფრო მარტივია, ეროვნული ცენტრი კი ისეთ განწყობას ქმნის, ბავშვი ხვდება, რომ მას არაფერი არ დარჩენია სწავლის გარდა“.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს საქართველოს მთავრობამ სკოლებში გამოსაშვები, საატესტატო გამოცდების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. ტესტირების შინაარსობრივი, ადმინისტრაციული თუ ტექნიკური მხარის მომზადება, შემდეგ კი განხორციელება გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაევალა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, კომპიუტერული ტესტირების სხვადასხვა მიდგომის განხილვისას უპირატესობა მიენიჭა ინტერნეტით განხორციელებულ ტესტირებას. სისტემის მეტი სანდოობისა და დაცულობისთვის შეიქმნა სპეციალური პროგრამა ე.წ. Gcat browser-ი, რომელიც უზრუნველყოფს ტესტირების სრულ დაცულობას და ზღუდავს კომპიუტერის სტანდარტულ შესაძლებლობას ( start, copy, paste, task manager და ა. შ).

2011 წელს ქვეყანაში პირველი კომპიუტერზე ადაპტირებული გამოსაშვები გამოცდები ჩატარდა. 2013 წლიდან კი გამოსაშვები გმაოცდები 2 ნაწილად გაიყო. მეთორმეტეკლასელებმა ოქტომბერში გამოცდა 4 საგანში: გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკასა და ქიმიაში ჩააბარეს, დარჩენილ 4 საგანში კი: ქართულში, უცხო ენებში, ისტორიასა და მათემატიკაში, გამოცდა მაისში ჩააბარეს.

როგორც სოფიო დოლიძემ, ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, აღნიშნა საატესტატო გამოცდები არის ერთგვარი შემაჯამებელი გამოცდა, რომელიც აფასებს, თუ რამდენად მიაღწია თითოეულმა მოსწავლემ, რომელიც ამთავრებს მე-12 კლასს, იმ სტანდარტს, რომელიც დაუსახა მას სახელმწიფომ: „არსებობს ეროვნული სასწავლო გეგმა, არსებობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მინიმალური სტანდარტი ყველა საგანში, რომელიც ისწავლება სკოლაში და საატესტატო გამოცდებით მოწმდება მიაღწია თუ არა მოსწავლემ იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელსაც 12 წლის განმავლობაში ესწრაფვოდა. ეს არის სასერტიფიკაციო ტიპის გამოცდა, კრიტერიუმზე ორიენტირებული გამოცდა, ანუ არსებობს კრიტერიუმი, რისთვის უნდა მიგვეღწია. გამოცდის იდეა ის არის, რომ სკოლაში როცა არის მოსწავლე 12 წლის განმავლობაში, მინიმალური ცოდნა სავალდებულო საგნებში უნდა ჰქონდეს. ამიტომ საატესტატო გამოცდები რაღაც ერთგვარი ცოდნის მობილიზების საშუალებად იქცა. სკოლებში მიაჩნიათ, რომ საატესტატო გამოცდები ერთგვარ სტიმულირებას ახდენს სასწავლო პროცესის იმიტომ, რომ მოსწავლეები კიდევ ერთხელ თავს უყრიან იმ ცოდნას, რომელიც შეიძინეს ამ წლების განმავლობაში. ცდილობენ, იმ საგნებშიც მიიღონ მინიმალური კომპეტენცია და ცოდნა, რომლებითაც განსაკუთრებულად გატაცებულნი არ არიან და განსაკუთრებით არ აინტერესებთ“.

სოფიო დოლიძემ ასევე აღნიშნა, რომ შეფასებისა და გამოცდებისა ეროვნული ცენტრის მიზანი ყოველთვის არის ორიენტირებული იყოს ხარვეზების გამოსწორებაზე: „ძალიან იშვიათად არის ხოლმე ტექნიკური პრობლემები. იცით, რომ საქართველოში არსებული ყველა სკოლა მიმოფანტულია გეოგრაფიულად ძალიან ვრცელ არეალზე, არის მაღალმთიან სოფლებში სკოლები, რთულად მისაღწევ ტერიტორიებზე, შესაბამისად, არის შემთხვევები, რომ ინტერნეტი გამოირთოს, ან არ იყოს მიწოდება, რაღაც პერიოდით შეიძლება გამოირთოს დენი, საქართველოში ვცხოვრობთ და ხდება ასეთ რაღაცეები. ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ სესია ბოლომდე მივიდეს, თუ სესია ბოლომდე არ მივიდა, დამატებითი სესია ინიშნება. ჩვენ წელს ასეთი შემთხვევა არ გვქონია, ყველა სესია დასრულდა მთლიანად, ყველა მოსწავლემ შეძლო მუშაობის გაგრძელება და გამოცდის ბოლომდე მიყვანა, თუკი მოხდა ასეთი ტექნიკური მიზეზების გამო მუშაობის შეწყვეტა. სხვა მხრივ ხარვეზი რეალურად არ გვქონია. თუმცა, აბიტურიენტებმა მიიჩნიეს ზოგიერთი ფაქტი ხარვეზად, მაგალითად, ამბობენ, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში 4-პასუხიანი დავალებები იყო და მხოლოდ 3 გამოჩნდაო. არ იყო ეს ასე. დავალებები იყო 3-პასუხიანი და ამ თვალსაზრისით, როდესაც ვერ ამოიცნეს პასუხი ეტყობა, იფიქრეს მეოთხეც უნდა ყოფილიყო და ის იქნებოდა სწორი. ძრითადი რაოდენობა დავალებებისა არის მართლაც 4-პასუხიანი და, ალბათ, მოლოდინი ჰქონდათ ერთგვარი, რომ აუცილებლად ყველა დავალება უნდა ყოფილიყო 4-პასუხიანი. სავარაუდოდ, არ იცოდნენ ის თემა კარგად და ვერ დაინახეს სწორი პასუხი, ასევე, სამწუხაროდ, არის ისევ მღელვარების მომენტი. მიუხედავად იმისა, რომ საატესტატო გამოცდა თავისი ფორმატით ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე ერთიანი ეროვნული გამოცდები“.

სოფიო დოლიძემ ასევე ისაუბრა იმ ქულების მნიშვნელობაზე, რომლებსაც აბიტურიენტები საატესტატო გამოცდაზე იღებენ: „მოსწავლეები ასევე ღელავენ ქულებზე, რომლებიც სართოდ არაფრისთვის არ არის მნიშვნელოვანი. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა ქულას მიიღებს აბიტურიენტი, არც მედლისთვის, არც სკოლისთვის, არც ატესტატისთვის, არც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. მოლოდინი, რომ მე, რასაც სკოლაში ვიღებ, ყოველთვის ის უნდა მქონდეს, აბსოლუტურად, არასწორია. არ უნდა შევადაროთ ერთმანეთს, სკოლაში როგორ ვსწავლობ და საატესტატოზე რას მივიღებ, ასევე არ უნდა შევადაროთ ერთიან ეროვნულ გამოცდებს. არ უნდა გვქონდეს შიში, რომ ვიწინასწარმეტყველოთ, ვთქვათ, ამ ქულის საფუძველზე ერთიან ეროვნულ გამოცდებს როგორ ჩავაბარებთ, ეროვნულ გამოცდებზე ძალიან ბევრი განსხვავებული კომპონენტია“.

კითხვაზე გაამართლა თუ არა საატესტატო გამოცდებმა, სოფო დოლიძემ შემდეგი პასუხი გაგვცა: „უნდა გითხრათ, რომ სპეციალური კვლევა ამის შესახებ არ ჩატარებულა და კვლევით დასაბუთებული, გამყარებული პასუხის გაცემა არ შემიძლია. მაგრამ თუკი შევხედავთ, ისევდაისევ, შარშანდელ გამოცდილებას, მაშინ ჩვენ ვერ მოვახერხეთ საატესტატო გამოცდების ჩატარება და ყველა ძალიან უკმაყოფილო იყო. უკმაყოფილოები იყვნენ მშობლები, მასწავლებელები იმ ფაქტით, რომ ეს გამოცდები არ იყო. საატესტატო გამოცდები სკოლებში სწავლის პროცესის სტმულირების საშუალებად მიაჩნიათ; ეს შეხედულება კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ საატესტატო გამოცდებმა, სავარაუდოდ, გაამართლა“.

განსხვავებული შეხედეულება აქვს ექსპერტს განათლების საკითხებში შალვა ტაბატაძეს, რომელიც ფიქრობს, რომ საგამოცდო სისტემა დღეს გადატვირთულია, ხოლო საატესტატო გამოცდები იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ტარდება, მიუღებელია: „დაახლოებით 12 გამოცდის ჩაბარება უწევთ აბიტურიენტებს, ჯერ 8 საგნის საატესტატო გამოცდებზე და შემდეგ 4 საგნის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. შედეგის ეფექტურობის თვალსაზრისით კი კთხვის ნიშნის ქვეშ დგას. მაშინ, როდესაც საუბარია საატესტატო გამოცდებზე, რომელიც, ფაქტობრივად, მოსწავლეს არაფერს აძლევს, არც სამომავლო კარიერის თვალსაზრისით და არც რეალურად არ ზომავს იმ უნარებსა და კომპეტენციებს, რასაც ზოგადი განათლება უნდა აძლევდეს მოსწავლეს. იმ სისტემით, რა სისტემითაც ტარდება და იმ შედეგებით, რა შედეგებიც არის, რა თქმა უნდა, ეფექტის მომცემი არ არის. უკეთესი იქნებოდა ის თანხა, რაც ამ გამოცდების ჩატარებაზე იხარჯება, მოხმარდეს ხარისხის მართვის მექანიზმს სკოლაში და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, ვიდრე კონკრეტული გამოცდისთვის მოსწავლეების გამოცდას და სისტემის მოწყობას ისე, რომ, მხოლოდ და მხოლოდ, ამ გამოცდისთვის დაიწყონ ბავშვებმა მომზადება“.

შალვა ტაბატაძემ ასევე აღნიშნა, რომ ცალკე საკითხია თვითონ ტესტების გამართულობა, რომელთა შემოწმების არანაირი მექანიზმი არ არსებობს და არავინ იცის, მართლაც რა ტიპის ტესტებია ჩადებული, რამდენად გამართულია ეს ტესტები და რამდენად ზომავს იმ კომპეტენციებსა და უნარებს, რასაც ზოგადი განათლების სისტემა უნდა აძლევდეს მოსწავლეს: „ერთადერთი პლუსი, რაზეც აპელირებდნენ და დღემდე აპელირებენ არის ის, რომ, გარკვეულწილად, ბავშვები მიუბრუნდნენ ზოგიერთ ისეთ საგანს, რომელსაც არ სწავლობდნენ და შედეგად გარკვეული ცოდნა მიიღეს იმავე ქიმიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიაში. ეს ცოდნა მიიღეს მხოლოდ და მხოლოდ გამოცდებისთვის მომზადების კუთხით, მაგრამ ამხელა რესურსის დახარჯვა, მხოლოდ ამ ოდნავი მობრუნების გამო, არაა ეფექტური ხარჯი, უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად უწყობს ეს გამოცდები ხელს სკოლაში მიღებულ ზოგად განათლებას“.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სოფიო დოლიძემ გნაცხადა ახლო მომავალში საგამოცდო სისტემის განახლება არ იგეგმება.
სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary