პრაქტიკა და დასაქმება „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის
14 ივნისი, 2014
პრაქტიკა და დასაქმება „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
იყო დრო, როდესაც თუ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდი და უნივერსიტეტი პრაქტიკაზე გაგაგზავნიდა, აუცილებლად საუკეთესო სტუდენტი უნდა ყოფილიყავი. პრაქტიკა კი ძირითად შემთხვევაში ერთჯერადი იყო და დასაქმების შანსიც ნაკლებად იყო.

ახლა ეს მიდგომა შეიცვალა და აბიტურიენტების დიდი ნაწილისთვის პრიორიტეტს ის სასწავლებელი წარმოადგენს, რომელიც სტუდენტების პრაქტიკას მეტ-ნაკლებად მაინც უზრუნველყოფს.

ამჯერად, თავისუფალი უნივერსიტეტის პრაქტიკული ნაწილით დავინტერესდით, რისთვისაც უნივერსიტეტის პრორექტორს მარინა ქარჩავას მივმართეთ.

როგორც მან განგვიმარტა, თავისუფალი უნივერსიტეტი კერძო კომპანიებთან ხელშეკრულებებს არ აფორმებს და არც პირადად ერევა სტუდენტების დასაქმებაში. მისი თქმით, უნივერსიტეტი სტუდენტებს ასწავლის იმ უნარებს, რომლითაც თავად უნდა მოიძიოს ადგილი და დასაქმდეს: „კომპანიებთან არავითარი ხელშეკრულებები არ გვაქვს, მხოლოდ სახელმწიფო უწყებებთან, რომლებიც ჩვენს სტუდენტებს პრაქტიკას სთავაზობენ. თუმცა, ეს ჩვენთვის ის პრაქტიკა არ არის, რაც რეალურად სტუდენტს უნდა ჰქონდეს. ყველა სასწავლო პროგრამაში არსებობს პრაქტიკული კომპონენტი, ეს არის: საყოველთაო, იგივე საველე პრაქტიკის სახით, ზედა კურსის, რომლის გარეშეც ვერ დაამთავრებ უნივერსიტეტს. ასევე, ბიზნესსკოლაში გვაქვს საგანი სახელწოდებით „მუშაობა ორგანიზაციაში“, რომელსაც თავისი სილაბუსი აქვს და თუ არ დასაქმდები, საგანს ვერ გაივლი. სილაბუსითაა გათვალისწინებული დასაქმების მოთხოვნა, რომ სტუდენტი თვითონ უნდა დასაქმდეს“.

როგორც მარინა ქარჩავა ამბობს, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სტუდენტი ვერ დასაქმდა. მხოლოდ ერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც სტუდენტს თავად არ ჰქონდა დასაქმების სურვილი: „იყო ერთი შემთხვევა, როდესაც სტუდენტი 21 ინტერვიუზე მივიდა და არ დასაქმდა. აღმოჩნდა, რომ არ უნდოდა და იმიტომ არ დასაქმდა. ეგონა, რომ ეს მოთხოვნა არ იყო სერიოზული, რის გამოც ამ საგანში მიიღო F შეფასება და მოუწია საგნის ახლიდან გავლა. ის სტუდენტი ამის შემდეგ უკვე დასაქმდა და ახლაც მუშაობს. ჯერჯერობით სხვა მსგავსი შემთხვევა, რომ სტუდენტი ვერ დასაქმდა, არ ყოფილა. ადამიანს სათბურის ტიპის პირობები არასდროს არ ექნება. აუცილებლად ვიღაცამ ხელი ხომ არ უნდა მოგკიდოს და გთხრას, დასაქმდი-ო? მთელი ცხოვრება ასე ხომ ვერ იქნება? ჩვენ ვასწავლით და ვაძლევთ იმ უნარებს, რომლის მიხედვითაც სტუდენტი დასაქმდება“.

უნივერსიტეტს მსგავსი მიდგომა უკვე 5 წელია აქვს და პრორექტორის თქმით, საკმაოდ კარგად ამართლებს. თუმცა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ვაკანსიებიც ეგზავნება და შემდეგ უკვე სტუდენტებისთვისაც ხდება ამ ინფორმაციის მიწოდება.

გიორგი დგებუაძე თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის მესამე კურსის სტუდენტია და როგორც ის ამბობს, სწავლების უდიდეს ნაწილს პრაქტიკული ნაწილი შადგენს: „ვაკეთებთ პრეზენტაციებს, წელს მარკეტინგის კონცენტრაციის სტუდენტები გადაგვანაწილეს რამდენიმე კომპანიაში და მარკეტინგული გეგმების შედგენა დაგვავალეს, რაც ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას იძლევა. დავალებებში უმეტესწილად რეალური სიტუაციების განხილვა გვიწევს, ანუ თითქმის არაფერია რეალობას მოწყვეტილი და მხოლოდ თეორიული. როდესაც რაღაცას სწავლობ, ხვდები, თუ რაში შეიძლება გამოგადგეს. მე პირადად, აქ მიღებულ ცოდნაზე მეტად მიღებულ გამოცდილებას ვაფასებ. პრეზენტაციების ჩატარების, სწორი შეკითხვების დასმის, მთავარი აზრის განსაზღვრისა და შენი აზრის დამაჯერებლად გადმოცემის უნარს გიმუშავებენ“.

რაც შეეხება დასაქმებას, გიორგის თქმით, თავისუფალ უნივერსიტეტს დასაქმების 99%-იანი მაჩვენებელი აქვს , თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კურსდამთავრებულთა ის ერთი პროცენტი ვერ დასაქმდა: „ ეს ფიზიკურად შეუძლებელია, ვინაიდან მეოთხე კურსზე გვევალება report-ის დაწერა, სადაც შევაჯამებთ იმ გამოცდილებას, რომელიც მინიმუმ ერთი სემესტრი მუშაობის შედეგად მივიღეთ. ანუ, თუ არ იმუშავე, ამ საგანსაც ვერ ჩააბარებ და შესაბამისად, დიპლომსაც ვერ მიიღებ. ის ერთი პროცენტი ის ხალხია, ვინც მეოთხე კურსზე დასაქმდა, მაგრამ შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო მიატოვა მუშაობა. დასაქმებაში უნივერსიტეტიც გვეხმარება, გვიგზავნიან იმ კომპანიების საკონტაქტო ინფორმაციას, რომლებიც ვაკანსიებს აცხადებენ. როგორც ვიცი, ლექტორებთან კონსულტაციის შემდეგ ქმნიან სათითაოდ ყველა სტუდენტის პროფაილს, სადაც ჩანს, თუ რა სფერო მოსწონს სტუდენტს და სად გრძნობს თავს მაქსიმალურად კომფორტულად. ამ მონაცემების საფუძველზე ხდება ჩვენი გადანაწილება სხვადასხვა კომპანიაში“.

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტი ვალდებულია, შეასრულოს ყველა პირობა, რომელსაც სტუდენტს ჰპირდება. იქნება ეს განათლების მიცემა, დასაქმება თუ სხვა, თუმცა, დასძენს: „არ ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტი ვალდებული უნდა იყოს, მისცეს რაიმე დამატებითი სახის დაპირება სტუდენტს. აბიტურიენტი თვითონ აკეთებს არჩევანს. თუ მას არ მოსწონს, რომ რომელიღაც X უნივერსიტეტი მას დასაქმების გარანტიას არ აძლევს, მაშინ შეუძლია არ ჩააბაროს ამ უნივერსიტეტში და ჩააბაროს იქ, რომლის დაპირებებიც უფრო სანდო და მისაღები იქნება მისთვის. თან უნივერსიტეტი ვერ აიღებს ვალდებულებად, რომ დაასაქმოს ყველა კურსდამთავრებული. ამ პირობის დადება შეუძლებელია, ვინაიდან სტუდენტი ძალიან ბევრია, ვაკანტური ადგილი - ცოტა, კონკურენცია კი - ძალიან დიდი. დასაქმების პირობას არც თავისუფალი უნივერსიტეტი იძლევა. იგი მხოლოდ მონაცემებს აქვეყნებს: რომ საქმდება 99%. შეიძლება ვიღაც ვერ დასაქმდეს, შეუძლებელი არაფერია. უნივერსიტეტი ვერ იქნება დასაქმების გარანტი“.

სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary