უმაღლესი განათლება - უფასო თუ ფასიანი საჭიროება
21 დეკემბერი, 2014
უმაღლესი განათლება - უფასო თუ ფასიანი საჭიროება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან ძალიან მალე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიაში უმაღესი განათლების მიღება სტუდენტებისთვის უფასო გახდებოდა. თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, „უფასო განათლება“ არ არსებობს. მაშინ რა იგულისხმება „უფასო“ განათლებაში, რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს მას და რამდენად რეალურია, საქართველოში უმაღლესი განათლება უფასო გახდეს სტუდენტებისთვის?

Erasmus + ეროვნული ოფისის კოორდინატორი ლიკა ღლონტი „უფასო“ განათლებას შემდეგნაირად განმარტავს: „უფასო“ განათლება, როგორც ასეთი არ არსებობს, ყოველთვის ვიღაც იხდის ფულს. ამ შემთხვევაში „უფასო“ განათლებაში იგულისხმება ის, რომ სწავლის საფასურს ფარავს არა მომხმარებელი, ანუ სტუდენტი, არამედ სახელმწიფო. შესაბამისად, სახელმწიფოს უნდა უღირდეს ამ ინვესტიციის ჩადება. ვიცით, რომ განათლებაზეა გამოყოფილი მწირი ბიუჯეტი, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახელმწიფოს სურს გაზარდოს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა. სინამდვილეში ეს საკმაოდ ხელოვნური გადაწყვეტილებაა, რომელიც ეფუძნება კვლევებს და რომელსაც გრძელვადიანი ხედვა არ გააჩნია“.

როგორც სტუდენტი ოთო კობახიძე აღნიშნავს, როდესაც უნივერსიტეტში სწავლა სტუდენტებისთვის უფასოა, იზრდება მისი ხელმისაწვდომობა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც თავისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო მისი მიღება ეზღუდებოდა: „მიმაჩნია, რომ უმაღლესი განათლება სტუდენტებისთვის უნდა იყოს უფასო. ვფიქრობ, უფასო უმაღლესი განათლება ამ სფეროს კომერციალიზაციისაგან დაცვის მნიშვნელოვანი გზაა. უარყოფით მხარეებს, იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი განათლება უფასო გახდება, ვერ ვხედავ“.

როგორც ივანე ჯავახიშვილის სხელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანო მაჭავარიანი აღნიშნავს: „„უფასო“ უმაღლესი განათლების შემთხვევაში პრობლემა შეიძლება იყოს ის ფაქტი, რომ ჩვენთან ტენდენციურია „დიპლომიანი სიძე/პატარძლი“ ამიტომ ყველა უნივერსიტეტში აბარებს, უნდა თუ არა, ან აინტერესებს თუ არა, ჩაბარების შემდეგ კი თავს დიდად არ იკლავენ სწავლით".

უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ნუგზარ ჩიტაია ამბობს, რომ უკვე არსებობს ასეთი „უფასო“ განათლების შემთხვევა, როდესაც სტუდენტი არ იხდის სწავლის საფასურს: „სახელმწიფოს მიერ სტუდენტების დაფინანსების 2 პროგრამა გვაქვს. პირველი პროგრამა ეს არის დაფინანსება, 100%-იან გრანტს თუ მოიპოვებს სტუდენტი, ის სწავლის საფასურს არ იხდის, მის ნაცვლად იხდის სახელმწიფო. ამის გარდა, არსებობს მეორე პროგრამა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებზე არის ჩამონათვალი, სადაც სწავლა დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ სრულად, ამდენად სტუდენტისთვის ასეც და ისეც სწავლა არის უფასო. როდესაც არსებობს ტერმინი „უფასო განათლება“, სტუდენტსაც ჰგონია, რომ არავინ არ იხდის ფულს და უფასოა სწავლა და სინამდვილეში, სახელმწიფო იხდის მის ნაცვლად სწავლის საფასურს; ეს ან კონკრეტულ სტუდენტს აქვს იმ დამსახურებისთვის რომ მან წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, ან სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულ პროგრამებზე გადაწყვიტა სწავლა და სახელმწიფო აფინანსებს“.

ნუგზარ ჩიტაიას განცხადებით, დღეს სულ 21 საგანმანათლებლო პროგრამა არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული: „ეს დაფინანსებული პროგრამები შეირჩა იმის მიხედვით, რაც ქვეყნის განვითარებისთვის იყო აუცილებელი საჭიროება ან კადრების დეფიციტი იგრძნობოდა ამა თუ იმ გარკვეულ სპეციალობებზე. უახლოეს მომავალში, მაგალითად 2015 წლისთვის არ იგეგმება მსგავსი რამ, რომ უმაღლესი განათლება „უფასო“ გახდეს სტუდენტებისთვის, ანუ სახელმწიფომ დააფინანსოს ყველა მიმართულება. მაგრამ შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა გაიზარდოს, ეს ყველაფერი უნდა გამოცხადდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციამდე, რომ სტუდენტს საშუალება ჰქონდეს დროულად დარეგისტრირდეს“.

როგორც ექსპერტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია აღნიშნავს, შეიძლება გადასახადი არ იყოს უნივერსიტეტში კონკრეტული სტუდენტებისთვის, მაგრამ ხარჯი რომ არ ჰქონდეს სტუდენტს, ასეთი რამ უბრალოდ შეუძლებელია, ან შეიძლება ეს ხარჯები აუნაზღაუროს სახელმწიფომ: „ხარჯები შეიძლება იყოს ნებისმიერი სტუდენტისთვის: ეს არის სწავლის გადასახადი, ეს არის სასწავლო მასალები, ეს არის ცხოვრების თანხები, ეს არის ის ფული, რასაც ვერ იღებს სტუდენტი იმიტომ, რომ სწავლობს და არ მუშაობს, ანუ ეს არის ფული, რომელიც მას ექნებოდა ალტერნატიული არჩევანის შემთხვევაში, ვთქვათ, რომ წასულიყო და ემუშავა ნებისმიერ სხვა ადგილას -ეს ყველაფერი არის ხარჯი. ამ ხარჯების ანაზღაურებას ჩვენი სახელმწიფო დღევანდელი ეკონომიკური პირობების შემთხვევაში ვერ შეძლებს, ან შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკვეთრად შეამცირებს უნივერსიტეტებში სტუდენტების რაოდენობას, რაც რეალურად მაინცდამაინც ეკონომიკისთვის კარგი არ არის“.

სიმონა ჯანაშიამ ასევე ისაუბრა იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც იმ შემთხვევებში ჩნდება, როდესაც სახელმწიფო აფინანსებს უმაღლესი განთლების პროგრამებს: „იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო უფინანსებს სტუდენტებს სწავლას, იწყება სტუდენტთა რაოდენობის რეგულირება, ასევე იწყება მერე შეზღუდვები მიმართულებების მიხედვით. შემდეგ ამბობენ, რომ მაგალითად ჰუმანიტარები არ გვჭირდება, ტექნიკურები გვჭირდება და ა.შ. და რეალურად ჩნდება ახალი პრობლემა, შეიძლება ნაკლები ხარჯი იყოს სტუდენტისთვის სწავლა, მაგრამ სტუდენტად გახდომა იყოს რთული და კონკრეტული მიმართულებებზე აბსოლუტურად შეუძლებელი, ძალიან მაღალი იყოს კონკურსი. მეორე პრობლემა არის თავად პასუხისმგებლობა სტუდენტის მხრივ; ვთქვათ, ჩვენ როდესაც საკუთარ ასე ვთქვათ თანხის ინვესტიციას ვახდენთ, შეიძლება უფრო მაღალი პასუხისმგებლობა გვქონდეს ამ თანხის მიმართ, ვიდრე გვქონდეს, როდესაც ვინმე სხვა გვიფინანსებს სწავლას“.

სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary