დასაქმება ილიაუნის სტუდენტებისთვის
11 იანვარი, 2015
დასაქმება ილიაუნის სტუდენტებისთვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.

სტაჟირების ახალ პროგრამას ილიაუნის თვითმართველობის პრეზიდენტიც დადებითად აფასებს: „საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში პრაქტიკა ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ჩვენთან კი სტაჟირება ხშირად ცხადდება. ასევე, ტარდება დასაქმების ფორუმიც. ახალი ინიციატივაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. ჯერჯერობით კონკრეტული პროექტის შესახებ მცირე ინფორმაციას ვფლობ, თუმცა, თუ შესაძლებელია სტაჟირება კონკრეტული სპეციალობის მიხედვით გაიარონ, ეს ნამდვილად იქნება პოზიტიური სიახლე“– აღნიშნა თორნიკე ჩიქოვანმა.

შევეცადეთ, გაგვერკვია სტუდენტების ინფორმირებულობა. ამისთვის მცირე კვლევა ჩავატარეთ, 30–მდე სტუდენტი გამოვკითხეთ. როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ 20 %–ს არ ჰქონდა ინფორმაცია სიახლის შესახებ. მათი შეფასებები საკმაოდ არაერთგვაროვანია.

„იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც ახლა მაქვს, შემიძლია გითხრათ, რომ საინტერესო პროექტი უნდა იყოს. მე მგონია, რომ იგი ბევრს დაეხმარება აუცილებელი უნარ–ჩვევების განვითარებაში. მივესალმები იმასაც, რომ სტუდენტების შრომა დაფასდება და მათ სტიპენდიას მისცემენ. ისინი დიდ გამოცდილებას შეიძენენ, რაც აუცილებლად გამოადგებათ მომავალში, პროფესიული საქმიანობისას“ – გვითხრა ანანო მჟავიამ.

„ამ პროექტის შესახებ თქვენი ნათქვამიდან შევიტყვე. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებ, ზოგადად, სტაჟირებას, რადგან საქართველოში იგი ან „მარადმწვანეა“, ან მალევე სრულდება დამსაქმებლის მხრიდან ცალმხრივი სარგებლის მიღების შემდეგ. როგორც წესი, მეილზე გვიგზავნიან ასეთ ინფორმაციას, ჯერ არაფერი მინახავს. დეტალების გაცნობის გარეშე ნამდვილად არ შემიძლია შევაფასო. თუმცა, თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, საინტერესო ჩანს“ – თქვა ნიკა ცხადაძემ.

„ეს ინფორმაცია საიტზე გუშინ ვნახე. ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვსწავლობ, რადგან ჩვენი უნივერსიტეტი სხვებისგან განსხვავებით, არა მარტო განათლებაზე ზრუნავს, არამედ გვეხმარება, მოვახდინოთ მისი რეალიზება. მონაწილეობა არაერთ პროექტში მიმიღია. ბედს აუცილებლად ვცდი აქაც. სამომავლოდ უნივერსიტეტში მინდა, რომ ვიმუშავო. თუ ამის შანსი სტუდენტობაში მექნება, გამოდის, ოცნება ამიხდება“ – აღნიშნა ნინო მახარაძემ.

„ სტუდენტების დასაქმება ქართულად? ძალიან სასაცილოა. ამ შემთხვევაში 2 სცენარი ვითარდება. პირველი – ირჩევენ ისეთ სტუდენტს, რომელსაც აქვს მაღალი GPA და ისინი, ვინც იმავე დასაქმების გამო ვერ ვახერხებთ მაღალი ქულების მოგროვებას, თუმცა, ვაკმაყოფილებთ კრიტერიუმებს, ვიჩაგრებით. ან მეორე - სთავაზობენ ისეთ გრაფიკს, რომ ფაქტობრივად, არათუ უნივერსიტეტში სიარულს, არამედ მეცადინეობას ვერ ახერხებ, თანაც მიზერულ თანხად“– განაცხადა ლადო გიორგაძემ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან, დაპირების მიუხედავად, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ვერ მივიღეთ.
სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
6 ნოემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოსა“ და „საერთაშორისო განათლების ცენტრის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა დისკუსია უმაღლესი განათლების საკითხების შესახებ. დისკუსია ეხებოდა საქართველოში უმაღლესი განათლების დაფინანსებასა და ხელმისაწვდომობას. საინტერესოა, თუ რატომ გადაწყდა აღნიშნულ თემაზე დისკუსიის მოწყობა, რა პრობლემები გამოიკვეთა დისკუსიის ფარგლებში და რამდენად არის ხელმისაწვდომი საქართველოში უმაღლესი განათლება სტუდენტებისთვის.
სრულად






Carpet Cleaning Calgary