2013 წლის დადგომასთან ერთად სტუდენტებისათვის ახალი სასწავლო სემესტრი მოდის.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ამჟამად საგამოცდო პერიოდი იწყება. ამიტომ სტუდენტებს სხვადასხვა ღონისძიებისთვის ნაკლებად სცალიათ. თუმცა, უნივერსიტეტში მაინც შეიმჩნევა გარკვეული შემოთავაზებები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად სთავაზობს სტუდენტებს გაცვლით პროგრამებს. ამჟამად ილიაუნიში მიმდინარეობს ერასმუს მუნდუსის სამი პროექტი: ALღAKLIშ II, ELEჩთღA და EUღOEAშთ. აღნიშნული პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა 2013 წლის 18 იანვარს ჩატარდა. ერასმუს მუნდუსი უმაღლეს განათლების სფეროში თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამაა. მისი მეორე აქტივობა მოიცავს სტუდენტების, მკვლევარებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული და არაევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
საგარეო ურთიერთობისა და განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილის ირინა სულხანიშვილის თქმით, ერასმუს მუნდუსის პროექტები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა, პრინციპი ერთია - მობილობა. "ჩვენგან სტუდენტები მიდიან რომელიმე ქვეყნის უნივერსიტეტში და იქ რამდენიმე სემესტრს სწავლობენ. შესაბამისად, ამავე პროექტების ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ სტუდენტები, მკვლევარები, პროფესორები და ა.შ. მთავარია, გამოცდილების გაზიარება. ჩვენ ინტენსიურად ვატარებთ საინფორმაციო შეხვედრებს ყველა იმ გამოცხადებულ პროექტზე, სადაც ჩვენი უნივერსიტეტია პარტნიორი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ საინფორმაციო შეხვედრას ვატარებთ, როგორც ჩვენთან უნივერსიტეტში, ასევე გავდივართ სხვა უნივერსიტეტებშიც" - ამბობს ირინა სულხანიშვილი.
ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს მრავალფეროვანი საუნივერსიტეტო ცხოვრება აქვთ. მათი დროის სახალისოდ და სასარგებლოდ გატარებისთვის ზრუნავს მრავალი კლუბი, რომელიც თვითონ სტუდენტებითაა დაკომპლექტებული: უნიკინო, თეატრი, არქეოლოგიური მუზეუმი, წიგნის მაღაზია "ლიგამუსი", უნიფუდი, ალპური კლუბი.
რაც შეეხება სპორტულ ცხოვრებას, 2013 წლის 2-7 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის მყინვარწვერზე ალპინიადას ატარებს. მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ 19 მაისიდან 26 მაისამდე, ხოლო გასაუბრება 27-28 მაისს გაიმართება. შეირჩევა მონაწილეობის მსურველი სულ 20 სტუდენტი, რომლებსაც სამთო გამყოლთა საერთაშორისო ექსპერტები მკაცრი კრიტერიუმების მიხედვით აარჩევენ. რა თქმა უნდა, უპირატესობა მიენიჭება მათ, ვისაც მთამსვლელობის ან ლაშქრობის გამოცდილება ექნება. უნივერსიტეტი ალპინიადის მონაწილეებს ტრანსპორტით, კვებითა და სამთო გამყოლებით უზრუნველყოფს.
ალპური კლუბის წევრებს უპირატესობებიც აქვთ, ეს არის 40%-იანი ფასდაკლება უნივერსიტეტის სასტუმროებზე, ფასდაკლება სპორტკომპლექს "ქარიშხალას" სერვისებზე.
ასევე, ცხადდება მიღება უნივერსიტეტის საფეხბურთო ნაკრებისთვის "უნიბურთი".
სტუდენტებს ყოველ პარასკევს 18 საათზე საშუალება აქვთ, იხილონ მსოფლიო კინემატოგრაფიის შედევრები. მიუხედავად იმისა, რომ "უნიკინო" განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივეერსიტეტის სტუდენტებისთვის, კინოსეანსზე დასწრება სხვა დაინტერესებული პირებისთვისაც თავისუფალია. აღსანიშნავია ისიც, რომ სტუდენტები ჩართულები არიან ფილმების თარგმნაში და აქვთ შესაბამისი ანაზღაურება. ამ პარასკევს, 1 თებერვალს, "უნიკინო" მაყურებელს სტივენ სპილბერგის ფილმ "ტერმინალს"სთავაზობს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს თავისი თეატრიც, რომელიც ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას დგამს სპექტაკლებს. ამჟამად რეპერტუარში აქვთ 9 სპექტაკლი და მაყურებელს მომავალში პრემიერებს შესთავაზებენ.
ილიაუნის F კორპუსში განთავსებულია არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც 2009 წელს დედოფლისწყაროს ნაზარლების ნამოსახლარზე, სამაროვანისა და ხორანთის ნაქალაქარზე მოპოვებული მასალებით დაარსდა.
ყველასთვის ცნობილია წიგნების მაღაზია "ლიგამუსი". აქ სტუდენტების თავშეყრის აქტუალური ადგილია. ხშირად ტარდება პოეზიის საღამოები, წიგნების პრეზენტაციები. "ჩვენ ხშირად ვატარებთ "ლიგამუსში" სხვადასხვა ღონისძიებას. სტუდენტებისგანაც ვიღებთ შემოთავაზებებსა და ვაძლევთ საშუალებას, ჩაატარონ იქ პოეზიის საღამოები თუ სხვა აქტივობები" - ამბობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე სოფო მანელიძე. მისივე თქმით, 2 და 9 თებერვალს იგეგმება ღია კარის დღეები აბიტურიენტებისთვის. "ჩვენ ვატარებთ შეხვედრებს თითქმის ყველა თემაზე. ხშირად ჩამოგვყავს NAშA-დან ქართველი პროფესორები, რომლებიც უძღვებიან ლექციებს ნანოტექნოლოგიებსა და სხვა საინტერესო თემებზე" -აღნიშნავს სოფო მანელიძე.
რაც შეეხება სტუდენტებს, ისინი სხვადასხვანაირი აქტიურობით ერთვებიან სტუდენტურ ცხოვრებაში. "მე თვითონ უშუალოდ არ ვიღებ მონაწილეობას, თუმცა ვცდილობ, დავესწრო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს. მინდა, რომ უფრო მეტი კულტურული ღონისძიება ჩატარდეს და მიეცეს ხელოვან ხალხს საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალება, ასევე კარგი იქნება თუ დაიგეგმება მეტი შემეცნებითი პროექტი" - ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო ფალავანდიშვილი.