ბიბლიოთეკაში სტუმრობისას ადამიანები გარდა ცოდნის გაღრმავებისა, უნდა იღებდნენ სამუშაოდ მშვიდ გარემოს. თუმცა, ეს უკანასკნელი უნივერსიტეტების ბიბლიოთეკაში თითქმის წარმოუდგენელია. განსაკუთრებით გამოცდების პერიოდში, როდესაც ყველა სტუდენტი ერთდროულად მუშაობს საგამოცდო მასალებზე.
ყველა უნივერსიტეტი საკუთარ სტუდენტებს ისეთ ბიბლიოთეკას უნდა სთავაზობდეს, რომელიც არა მარტო საჭირო ლიტერატურით უზრუნველყოფს მათ, არამედ სამუშაოდაც შესაბამის გარემოს შეუქმნის.
"წიგნების რაოდენობა ჩემს ფაკულტეტზე ძალიან შეზღუდულია, რაც მაიძულებს, ვისარგებლო სხვა ბიბლიოთეკებით. ჩემი უნივერსიტეტი ვერ უზრუნველყოფს წიგნების იმ რაოდენობას, რაც, ზოგადად, ყველა სტუდენტისათვის არის საჭირო. ამას გარდა, ის წიგნები, რომლებიც უნივერსიტეტს აქვს სამართლის ფაკულტეტისათვის, ზოგიერთი მათგანი გამოუსადეგარია, ვინაიდან იშვიათია ახალი წიგნები, როდესაც ახალი წიგნი შემოდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, მათი რაოდენობა არ აღემატება 2-3 ცალს, რაც ძალიან ცოტაა ასობით სტუდენტისათვის. გარდა ამისა, საშინელი ხმაურია ბიბლიოთეკაში. ამ ზუზუნისა და ხმაურის ფონზე კი სწავლა შეუძლებელია" - გვითხრა სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა ქეთევან სიმონიშვილმა.
"ხშირად ყოფილა შემთხვევა ამა თუ იმ თემის დამუშავებისას დამჭირვებია სხვადასხვა წიგნი, თუმცა, იძულებული გავმხდარვარ, წავსულიყავი ეროვნულ ბიბილოთეკაში, ან სხვა უნივერსიტეტის ბიბილიოთეკაში, ვინაიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არ მოიპოვებოდა წიგნები. მომსახურე პერსონალით კმაყოფილი ვარ, ძალიან თბილი ხალხია, ცდილობენ, დაგეხმარონ, თუმცა, ამაოდ. იმდენად არასაკმარისია წიგნების რაოდენობა, რომ დილით ძალიან ადრე უნდა მიხვიდე, რომ რომელიმე მათგანი მოგიწიოს და ამიტომაც, თავს ვარიდებ ბიბლიოთეკაში შესვლასა და დროის ფლანგვას. მაგალითად, წელს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარები არ მოიპოვებოდა უნივერსიტეტში მაშინ, როცა ეს საგანი ძირითადია"- განაცხადა მესამე კურსის სტუდენტმა ნინი სარჯველაძემ.
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს ილიუნის სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ნინო აშორდია. "ბიბლიოთეკაში არ მოიპოვება საკმარისი რაოდენობა წიგნებისა, რაც უზრუნველყოფს სამართლის ფაკულტეტის ბავშვების განათლებასა და ინფორმირებას. გარდა ამისა, ბიბლიოთეკაში არ არის შექმნილი გარემო, რომ მკითხველმა შეძლოს წიგნის მშვიდად წაკითხვა: ხმაური, ზაფხულში სიცხე და სხვა უამრავი რამ ქმნის დიდ დისკომფორტს. ხშირად მიწევს ვისარგებლო სხვა ბიბლიოთეკებით წიგნების არასაკმარისი რაოდენობის გამო".
ილიაუნის ბიბილიოთეკის დირექტორის თეონა ყაველაშვილის თქმით, სტუდენტების უზრუნველყოფა სასწავლო მასალებით ხდება სხვადასხვა ფორმით. "რა თქმა უნდა, ბიბლიოთეკა მაქსიმალურად ცდილობს, მოიცვას საჭირო სასწავლო მასალები. ჩვენს დარბაზებსა და ელექტრონულ ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ფორმითაა ისინი წარმოდგენილი (ნაბეჭდი წიგნი, რიდერი, ელ.წიგნი, აუდიო წიგნი, სამეცნიერო სტატია, ელ.ჟურნალი და ა.შ), რათა სტუდენტებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. ასევე აქტიურად ხდება სასწავლო მასალების მიწოდება "არგუსის" მეშვეობით, სადაც კონკრეტული ლექციისათვის საჭირო სასწავლო მასალა იტვირთება ელექტრონულად. წიგნების საჭირო რაოდენობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, პერიოდულად არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული სახელმძღვანელო გვაქვს იმ რაოდენობაზე ბევრად ნაკლები, რამდენ სტუდენტსაც ჭირდება. მაგრამ ასეთ დროს, ვიყენებთ ისეთ ალტერნატიულ რესურსს, როგორიცაა "რიდერი". რაც შეეხება კომფორტულ გარემოს, ამ ეტაპზე ბიბლიოთეკა მკითხველს ემსახურება 11 სამკითხველო დარბაზით. აქედან ერთი დარბაზი სრულად წარმოადგენს კომპიუტერულ რესურსცენტრს, სამი დარბაზი კომბინირებულია (სამკითხველო+კომპიუტერები), ხოლო დანარჩენი მხოლოდ სამკითხველოს ტიპისაა. თითქმის ყოველ წელს ვცდილობთ, დავამატოთ გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის მქონე დარბაზები. შარშან გავხსენით ძველი სამკითხველო დარბაზი ჭავჭავაძის 32-ში. მართალია, რაოდენობრივად ბევრ სტუდენტს იტევს ეს დარბაზი, მაგრამ ცოტა მოძველებულია, ამიტომ წელს დავიწყეთ მისი ეტაპობრივი შეკეთება. ასევე იგეგმება ჯგუფური სამუშაო ოთახის დამატება. სივრცე უკვე მზადაა და, ალბათ, შემოდგომის სემესტრისათვის გავხსნით" - აღნიშნა ილიაუნის ბიბლიოთეკის დირექტორმა.