სტუდენტთა შეფასების სისტემა
21 დეკემბერი, 2012
სტუდენტთა შეფასების სისტემა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს კრედიტების დაგროვების სისტემა, რომელიც ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებას ეყრდნობა.
შეფასების მაქსიმალური ზღვარი 100 ქულაა, კრედიტი კი ასახავს იმ სამუშაოს რაოდენობას, რომელიც ამა თუ იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასასრულებლად არის საჭირო. ყველა სასწავლო კურსს გარკვეული კრედიტი შეესაბამება - 10, 5, 3. სტუდენტის მიერ ერთ სემესტრში არჩეული კრედიტების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35-ს, ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად მან უნდა დააგროვოს 240, ხოლო მაგისტრის ხარისხისთვის - 120 კრედიტი.

სტუდენტთა აკადემიური მოსწრება ასქულიანი სისტემის მიხედვით ფასდება. შესაძლებელია, გამოცდის ერთხელ გადაბარება.

შეფასების სისტემაში გათვალისწინებულია ლექციებსა და სემინარებზე დასწრება, შუალედური გამოცდები, აქტივობა პრაქტიკულ მეცადინეობებსა და დასკვნითი გამოცდის შედეგი. ამ კრიტერიუმების მიხედვით ქულათა კონკრეტული გადანაწილება მოცემულია თითოეული საგნის სილაბუსში.

ძველ ხუთქულიან სისტემასთან შედარებით ახალი ასქულიანი სისტემა სტუდენტის წარმატების უკეთ დიფერენციაციის საშუალებას იძლევა და ბევრად უფრო მოქნილია.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ მაია ტორაძეს შეფასების ასქულიანი სისტემის მიმართ პრეტენზიები ჯერ არ სმენია. ის მიიჩნევს, რომ ეს არის კარგი საშუალება მაქსიმალური სიზუსტით გაიზომოს სტუდენტის სემესტრული აქტივობა.

შეფასების სისტემაზე განსხვავებული მოსაზრება აქვს განათლების საკითხების ექსპერტ სიმონ ჯანაშიას. "მნიშვნელობა არა აქვს, შეფასების სისტემა რამდენ ქულიანია, მთავარია, ქულებს როგორ წერენ პროფესორები, რამდენად არის წინასწარ ცნობილი სტუდენტებისთვის, თუ რა კრიტერიუმებით შეფასდებიან, რა არის ის კომპეტენციები, რომელთა მიღწევაც ფასდება მაღალი, საშუალო და დაბალი ქულით. შეფასების სისტემის მთავარი პრობლემა საქართველოში ის არის, რომ ცენტრალიზებულად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრძანების საფუძველზე შედგენილ საუნივერსიტეტო მოთხოვნებს ეფუძნება. ამ ბრძანებაში თავის დროზე გაიწერა, რა შეიძლება იყოს მაქსიმალური ქულების რაოდენობა სხვადასხვა კომპონენტის მხრივ და ასევე ისიც, რომ კურსის ბოლოს აუცილებელია გამოცდა. ამგვარი რეგულაციები ხელს უშლის კარგ პროფესორს, გამოიყენოს შეფასების დახვეწილი ფორმები, იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტი ახდენს ამ ბრძანების ხისტ ინტერპრეტირებას"-აღნიშნავს სიმონ ჯანაშია.

ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტ მარიამ მეტივიშვილს შეფასების სისტემა მოსწონს, რადგან მისი აზრით, ყველაფერი 100%-იანი ხარისხით იზომება. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ანა კაკურიაც ემხრობა ასქულიან შეფასებას. მისი თქმით, ახალგაზრდების ცოდნის შეფასება უკეთესად ხდება.

მაია აბაიაძე
სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary