უმოქმედო სამედიცინო პუნქტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში?!
27 ივლისი, 2013
უმოქმედო სამედიცინო პუნქტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში?! ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სამედიცინო პუნქტი? სად, უნივერსიტეტში? არც გამიგია"; "არა, არ აქვს სამედიცინო პუნქტი, ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია"; "მადლობა ღმერთს არ დამჭირვებია, მაგრამ არც არაფერი მსმენია სამედიცინო პუნქტის შესახებ";
"აქვს საერთოდ? მგონი არ აქვს"; "წესით უნდა ჰქონდეს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი" - ასეთი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების რეაქცია კითხვაზე, გსმენიათ თუ არა უნივერსიტეტის სამედიცინო პუნქტის შესახებ?

ინფორმაცია თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან გადავამოწმეთ. "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებში 2 სამედიცინო პუნქტია - უნივერსიტეტის მეორე და მეათე (მაღლივ) კორპუსებში. პუნქტების ასეთი განლაგება სამედიცინო დახმარების ოპერატიულად აღმოჩენის მიზნით მოხდა. სამედიცინო პუნქტები აღჭურვილია შესაბამისი სამედიცინო აპარატურითა და მედიკამენტებით. სამედიცინო დახმარებას სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს კვალიფიციური ექიმები უწევენ".

სამედიცინო პუნქტების ადგილზე შემოწმება გადავწყვიტეთ და მითითებულ ორივე კორპუსს (მეორეს და მაღლივ კორპუსებს) ვესტუმრეთ. ვნახეთ, რომ უნივერსიტეტს ოთახი სახელწოდებით "ოჯახის ექიმი" ნამდვილად აქვს. ადგილზევე გავესაუბრეთ უნივერსიტეტის ექიმს ბაბული ბოსტოღანაშვილს. ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ არ ფლობენ ინფორმაციას სტუდენტები სამედიცინო პუნქტის შესახებ, გვიპასუხა, რომ სტუდენტების ინფორმირება მის კომპეტენციაში არ შედის, თუმცა, კონკრეტულად ის სამედიცინო პუნქტი, რომელშიც მუშაობს, მარტის თვიდან ფუნქციონირებს და შესაძლოა, ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ სტუდენტებმა ჯერ ისევ არ იციან "ოჯახის ექიმის" შესახებ. ბაბული ბოსტოღანაშვილი ფიქრობს, რომ უნივერსიტეტში ექიმის არსებობა აუცილებელია. "არის გადაუდებელი შემთხვევები, ისეთი როგორიც არის კოლაფსი, წნევის დაცემა, რომელსაც სჭირდება პირველადი დახმარების ადგილზე გაწევა და არა 15-20 წუთის, სასწრაფოს მოსვლის შემდეგ". უნივერსიტეტის ექიმი არა მარტო სტუდენტებს, არამედ უნივერსიტეტის თანამშრომლებსაც ემსახურება და სასწრაფო სამედიცინო დამხარების საჭიროების შემთხვევაში სხვა კორპუსებშიც უწევს გადასვლა. რამდენად საკმარისია უნივერსიტეტისთვის 2 ექიმი, ამაზე ამბობს, რომ ეს ადმინისტრაციას უნდა ვკითხოთ - "პირველი და მეორე კორპუსი ახლოს არის და ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წამოადგენს, დანარჩენ კორპუსებზე რა მოგახსენოთ, რა თქმა უნდა, ცოტა შორია, მაგრამ ადმინისტრაციას უნდა ჰკითხოთ, რამდენად საკმარისია ორი ექიმი. ეს არ მეხება, მე ჩემ საქმეს ვაკეთებ".

ცისია ცერცვაძე თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია და როგორც ის ამბობს, დასჭირდა სამედიცინო დახმარება, მაგრამ არავინ გაუწია. "ამ გაზაფხულს ლექციაზე გავხდი ცუდად. მაღალ ტემპერატურასა და თავბრუსხვევას ვგძნობდი. ჩავედი სამედიცინო პუნქტში, მაგრამ იქ არავინ დამხვდა. შემდეგ მეგობრების დახმარებით ლექციებიდან წასვლა მომიწია. კიდევ მახსოვს - ჩემს მეგობარს გული წაუვიდა, გონზე ვერ მოგვყვავდა. ჩავიყვანეთ სამედიცინო პუნქტში, მაგრამ იქ ელემენტარული პირობებიც არ იყო, რომ დახმარებოდნენ. როგორც ჩანს, წნევა დაეცა და წნევის დამარეგულირებელი წამალიც კი არ ჰქონდათ. ჩვენ წავედით აფთიაქში და მოვუტანეთ".

მედიკამენტების ნაკლებობაზე საუბრობს ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი ბაქარ ჩხაიძეც - "პირველ კურსზე დაგვჭირდა ექიმის დახმარება. მივედით, მაგრამ გამაყუჩებელი წამალი არ ჰქონდათ. მას მერე არ მქონია შეხება. ვფიქრობ, რომ ორი ექიმი საკმარისი არ არის ამხელა უნივერსიტეტისთვის, წესით, ერთ კორპუსში ერთი ექიმი მაინც უნდა იყოს".

ჩვენ დავინტერესდით სხვა უნივერსიტეტების სამედიცინო პუნქტებითაც. აკმაყოფილებენ თუ არა ისინი სტანდარტებს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მათგანს საერთოდ არ გააჩნია მსგავსი პუნქტი. ამის შემდეგ განათლების და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ კითხვით, ვალდებულინი არიან თუ არა უმაღლესი სასწავლებლები, რომ მოქმედი სამედიცინო პუნქტი ჰქონდეთ და საჭიროებისას სტუდენტებს შესაბამისი დახმარება გაუწიონ? სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, არანაირი დადგენილება არ არსებობს, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებს დაავალდებულებს სამედიცინო პუნქტის არსებობას უნივერსიტეტის ბაზაზე. მათი თქმით, უმაღლესი სასწვალებებლები არიან დამოუკიდებელნი და თავად უნდა გადაწყვიტონ მსგავსი საკითხები.

საია-ს იურისტის ირმა პავლიაშვილის თქმით, უმაღლესი განათლების შესახებ კანონი, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება #99/ნ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ განსაზღვრავს, რომ უმაღლესმა საგანამანათლებლო დაწესებულებამ სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომის გასაცემად უნდა გაიაროს ავტორიზაციის პროცედურა, რაც მოიცავს შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის განსაზღვრული და აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფას. "ერთ-ერთი სტანდარტი არის მატერიალური რესურსი, რომელიც რამდენიმე კომპონენტს შორის სწორად განსაზღვრულია, რომ დაწესებულებაში დაცული უნდა იყოს პერსონალისა და სტუდენტების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, რისთვისაც არსებობს სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტი ვერ აკმაყოფილებს ერთ-ერთ სტანდარტს, ატორიზაციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ. უნივერსიტეტს ავტორიზაცია ენიჭება 5 წლის ვადით, თუმცა, შემდეგ, ყოველწლიურად ხორციელდება სტანდარტის შესრულების მონიტორინგი, რომელიც შეიძლება მოხდეს, როგორც თვითშეფასების ანგარიშისწარდგენით, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით და თუ შემოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ დაწესებულება არ შეესაბამება ერთ-ერთ სტანდარტს, საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე. შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს მექანიზმი პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უზრუნველსაყოფად ექიმის/ექთნის ან ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი თანამდებობის პირი და პირველადი დახმარების აღმოჩენის საშუალებები (მედიკამენტები, სამედიცინო აღჭურვილობა), რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს პირველადი დახმარების გაწევა, სანამ შესაბამისი სამსახური მივა ადგილზე. აღნიშნული პირების სამუშაო აღწერილობაში განსაზღვრული უნდა იყოს მათი ფუნქციები, ასევე დაწესებულება უნდა ზრუნავდეს შესაბამისი აღჭურვილობის განახლება/შეძენაზე" - გვითხრა ირმა პავლიაშვილმა.


სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary