„წელს გავედი ეროვნულ გამოცდაზე, არ გამიმართლა, უცხო ენაში დამაკლდა ქულები, მაგრამ წელს ისევ ვაპირებ მომზადებასა და ეროვნულ გამოცდებზე ხელახლა გასვლას. მივიჩნევ, რომ ბაკალავრზე სწავლა მნიშვნელოვანია, რომელიც გვეხმარება განათლების მიღებასა და დასაქმებაში, ამიტომ არ ვფიქრობ კოლეჯებსა და პროფესიულ სასწავლებლებზე“ - დიანა ზაზაშვილი.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 42 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რომელთაგან 13 ათასი ჩაიჭრა, ხოლო 700-მა აბიტურიენტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა, ვერცერთ მითითებულ უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოხვდა.განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, 700 აბიტურიენტს მეორადი ჩარიცხვის საფუძველზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების შანსი მიეცა, მაგრამ განათლების სამინისტრო და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ საკითხზე ვერ შეთანხმდა, რის გამოც ახალგაზრდების ბედი ბოლომდე გარკვეული არ არის. რაც შეეხება საგამოცდო ტესტების სირთულეს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ის არ შეცვლილა და წინა წლების ტესტების ანალოგიური იყო.
განათლების საკითხების ექსპერტის შალვა ტაბატაძის შეფასებით, 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები რამდენიმე ფაქტორით გამოირჩეოდა: "წელს იყო აბიტურიენტთა ყველაზე დიდი რაოდენობა, რაც, სავარაუდოდ, ექსტერნატის ფორმით ჩამბარებელთა რაოდენობის მკვეთრმა ზრდამაც გამოიწვია; მოხდა პრეცედენტი, როდესაც მინისტრის პირადი გადაწყვეტილებით მოხდა დამატებით აბიტურიენტების ჩარიცხვა და მათ მიერ მეორადი არჩევანის გაკეთება, როდესაც მეორადი ჩარიცხვის სისტემა წელს არ მოქმედებდა; მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი თქვა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, რაც, ვფიქრობ, განათლების სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის სერიოზული პრობლემაა; ზოგადად, ჩემი აზრით, თვალსაჩინოა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების არსებულმა სისტემამ ამოწურა საკუთარი რესურსი. მიუხედავად იმისა, რომ სისტემა ობიექტურია, ის ვერ უზრუნველყოფს სამართლიან და თანაბარ საგანმანათლებლო შესაძლებლობას, ის არ არის ეფექტური სკოლის როლისა და ფუნქციის გასაზრდელად და, შესაბამისად, სკოლებში სწავლების ხარისხის ასამაღლებლად, ის არ არის ეფექტური უმაღლესი სასწავლებლების ეფექტურობისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია უმოკლეს ვადაში ამ სისტემის რეფორმირებაზე დაიწყოს მუშაობა" .
ზოგადად, არის თუ არა აუცილებელი, რომ ყველა სკოლადამთავრებული უმაღლეს სასწავლებელში აბარებდეს, ამაზე შალვა ტაბატაძემ გვიპასუხა, რომ ეს სავალდებულო არ არის და გამოცდებზე გამსვლელი აბიტურიენტები სულაც არ წარმოადგენენ სკოლადამთავრებულთა უმრავლესობას: "სკოლადამთავრებულთა და უმაღლეს სასწავლებელში ჩამბარებელთა შეფარდებას თუ ავიღებთ, დაახლოებით კურსდამთავრებულთა საშუალოდ 50%-ს შეაქვს განაცხადი უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად, ამათგან ნაწილი კი უმაღლესში ვერ ხვდება".
იმ აბიტურიენტებისთვის, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ვერ ჩააბარა, პროფესიული კოლეჯებისა და სასწავლებლების კარი ღიაა. "წელს წესი შეიცვალა და თუ წინა წლებში პროფესიულ პროგრამებზე მოსახვედრად ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური ზღვარის გადალახვა იყო საჭირო, წელს ჩაჭრილ აბიტურიენტსაც შეუძლია ჩაბარება ელემენტარული შიდა გამოცდების წარმატებით დაძლევის შემდეგ" - გვითხრა გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 25 აგვისტოს უკვე დაიწყო და 14 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამ დრომდე რეგისტრაცია საქართველოს მასშტაბით 5 ათასამდე აპლიკანტმა გაიარა.
ახალი სასწავლო წლიდან ყველა დარეგისტრირებულ პირს შესაძლებლობა ექნება, მისთვის სასურველ პროფესიას დაეუფლოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 19 პროფესიულ და 14 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც პროფესიული პროგრამები ხორციელდება.
ექსპერტის შალვა ტაბატაძის თქმით, პროფესიული სასწავლებლების არამიმზიდველობა საბჭოთა მემკვიდრეობიდან მოდის, როდესაც ასეთი ტიპის სასწავლებლები არ იყო პრესტიჟული: "პროფესიული განათლების პრესტიჟის გაზრდა სხვადასხვა გზით შეიძლება, პირველ რიგში, პროფესიული სასწავლებლების და ბიზნესის კავშირით, ანუ პროფესიულ სასწავლებლების დამთავრებულის დასაქმების შესაძლებლობის რეალურად შექმნით და ამ სასწავლებლების შრომით ბაზარზე ორიენტირებით, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების სამუშაოების ჩატარება და თვითონ პროფესიული განათლების სისტემის რეფორმირება. პროფესიულ კოლეჯებში იმ პროფესიის დაუფლების მსურველები უნდა მიდიოდნენ, ვინც იმ კონკრეტულ სპეციალობაში პროფესიას შეისწავლის და არა იძულებით პროფესიაარჩეული აბიტურიენტები" - აღნიშნა ექსპერტმა.
ჩვენ დავინტერესდით, თუ რას სთავაზობენ ჩაჭრილ აბიტურიენტებს ავტორიზებული თუ არავტორიზებული პროფესიული სასწავლებლები. არაავტორიზებული კოლეჯებიდან, სამწუხაროდ, არავინ გვიპასუხა, ხოლო პროფესიული სასწავლებლებიდან მხოლოდ "ორიენტირი" გამოგვეხმაურა. სასწავლებლის წარმომადგენლის თქმით, ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგვაწვდიან.