რაში გამოიყენება ერთიანი ეროვნული თუ სამაგისტრო გამოცდების სარეგისტრაციო თანხა?!
28 სექტემბერი, 2013
რაში გამოიყენება ერთიანი ეროვნული თუ სამაგისტრო გამოცდების სარეგისტრაციო თანხა?! ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ვინც ერთიანი ეროვნული, თუ სამაგისტრო გამოცდები უკვე გაიარა, იცის, რომ გამოცდებზე რეგისტრაციისას თანხის გადახდაა საჭირო. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ საგანზე დარეგისტრირება 10 ლარი ღირს, ხოლო სამაგისტრო გამოცდებზე - 50.
შოთიკო გულბანი, ერთ-ერთი ის მაგისტრანტია, ვისაც სარეგისტრაციო თანხის გადახდა მოუწია. მისი აზრით, სრულიად გაუგებარი და ბუნდოვანია, თუ რაში გამოიყენება მის მიერ გადახდილი თანხა: “გასაგებია, რომ გამოცდაზე გასვლისას გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ რაღაც წვრილმანი ხარჯებია გასაწევი, მაგრამ არ მგონია, რომ ეს თანხა 50 ლარს აღწევდეს. კონკრეტულად სად მიდის ეს თანხა, ჩემთვის გაურკვეველია. მოგეხსენებათ, ყოველ წელს ათასობით მაგისტრი აბარებს, 50 ლარი კი, საბოლოო ჯამში, საკმაოდ დიდ თანხას აღწევს. დიდი ნაწილისთვის ამის გადახდაც რთულია. კარგი იქნება, თუ შეამცირებენ და მას იმ მინიმუმამდე დაიყვანენ, რაც აუცილებელია მხოლოდ და მხოლოდ რეგისტრაციის ხარჯებთან“.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის იურისტის სოფო გიორგაძის თქმით, ეს სიმბოლური გადასახადია, რომლის დაწესებასაც კონკრეტული მიზეზები ჰქონდა: “2005 წლიდანვე, მას შემდეგ რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გადაწყდა, რომ თანხა განსაზღვრულიყო. რეალურად სახელმწიფოს ერთიანი ეროვნული გამოცდები გაცილებით მეტი უჯდება. აუცილებელი იყო სიმბოლური თანხის დაწესება, თუნდაც, საგანში 10 ლარი (ხოლო სამაგისტროზე 50 ლარია) იმისთვის, რომ აბიტურიენტი ყველა საგანში არ დარეგისტრირებულიყო, რაც ბიუჯეტისთვის კიდევ უფრო მეტი ხარჯი იქნებოდა და დარეგისტრირებულიყო მხოლოდ იმ საგნებზე, რომელიც მას სჭირდება“.

ფასიანია შედეგების გასაჩივრების პროცესიც, რომელიც 30 ლარს შეადგენდა, ახლა კი - 50 ლარია. ცენტრის იურისტის თქმით, აპელაციაზე თანხის განსაზღვრა მეტ აუცილებლობასთან იყო დაკავშირებული: “აპელაციისას თანხის განსაზღვრა აუცილებელი იყო, ვინაიდან გასწორების შემდეგ შემოდის საპრეტენზიო განაცხადები და გადამხდელი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ უღირს თანხის გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღმოვჩნდებოდით ისეთი რეალობის წინაშე, როგორც არის ოლიმპიადებზე, სადაც გასაჩივრება უფასოა და შემდეგი ლოგიკით ხელმძღვანელობენ: „ გავასაჩივრებ, ჩემი რა მიდის“. ის თანხა კი, რაც საპრეტენზიოზე შემოდის, ხმარდება საპრეტენზიო კომისიას, ვინაიდან, ვინც ტესტი შეადგინა, ვინც გაასწორა, არ შეიძლება, რომ გასაჩივრებულიც მან გაასწოროს. ამისთვის ჩვენ ვქირაობთ დამოუკიდებელ ექსპერტებს, რაც, ცხადია, დამატებით თანხებთან არის დაკავშირებული“ - აღნიშნა იურისტმა.

დავინტერესდით, გათვალისწინებულია თუ არა რაიმე სახის შეღავათი სოციალურად დაუცველი თუ დევნილის სტატუსის მქონე აბიტურიენტებისთვის. როგორც სოფო გიორგაძემ გვითხრა, ეს გათვალსიწინებული არ არის და სარეგისტრაციო, თუ სააპელაციო გადასახადი ყველასთვის ერთია. ამ კუთხით არც მომავალში იგეგმება ცვლილებების შეტანა. თაკო ხახუბიასაც მოუწია სარეგისტრაციო თანხის გადახდა, მიუხედავად იმისა, რომ ის აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტია: "ჩემი აზრით, დევნილები და მით უფრო, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის დროს არ უნდა იხდიდეს გადასახადს. დევნილისა და სოციალურად დაუცველის სტატუსი ანგარიშგასაწევი უნდა იყოს".

ექსპერტის, განათლების საკითხებში, სიმონ ჯანაშიას თქმით, უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდების გადასახადი არა მხოლოდ საქართველოშია: “მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მსგავსი სისტემა მოქმედებს და გამოცდების ღირებულება უფრო მეტად იზრდება, რაც უფრო მაღალი საუნივერსიტეტო საფეხურისთვის არის განკუთვნილი“.

ექსპერტის აზრით, გამოცდებზე დარეგისტრირების, ან აპელაციის დროს თანხის მოთხოვნა, ძირითადად, ორ საკითხს უკავშირდება: „გამოცდების წარმოების ხარჯებსა და გამოცდის ორგანიზატორების სურვილს, რომ მაქსიმალურად შეამცირონ გამოცდებზე ან სააპელაციო პროცესში ნაკლებად მოტივირებულ მონაწილეთა რაოდენობა. გადასახადის დადგენისას ხშირად ფიქრობენ ხოლმე, რომ თუნდაც, სიმბოლური თანხის მოთხოვნა უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს გამოცდაზე გამსვლელს, ვიდრე ეს თანხის გარეშე იქნებოდა. პასუხისმგებლობა კი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გამოცდაზე მხოლოდ ისეთი ადამიანი გავიდეს, ვისთვისაც გამოცდების მიზნებია მნიშვნელოვანი და არა უბრალოდ გამოცდებში მონაწილეობის გამოცდილების მიღება, ან რაიმე სხვა. რამდენად მოქმედებს ეს პრინციპი, ეს სხვა საკითხია. ცხადია, თუ სააპელაციო თანხა მაღალია, ხოლო აპელაციის გზით სარგებლის მიღების შანსები დაბალი, ნაკლები ადამიანი შეეცდება ამ პროცესში მონაწილეობას“.

როგორც ექსპერტი ამბობს, სამაგისტრო გამოცდების ხარჯების შემთხვევაში, პრობლემა განსხვავებულია, ვიდრე ბაკალავრიატის შემთხვევაში: “ამ დროს გამოცდებზე გამსვლელები უკვე უფრო დამოუკიდებლები არიან და მეტი შესაძლებლობა აქვთ, რომ საკუთარი შემოსავლები ჰქონდეთ. ცხადია, ზოგადად, თუ ბაკალავრიატდამთავრებულს აქვს სერიოზული ფინანსური პრობლემები, არაფერი ცუდი იმაში არ არის, თუ სახელმწიფო მათ გამოცდების და შემდგომში სწავლის ხარჯების დაფარვაში დაეხმარება. მეორე მხრივ, საქართველოში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ მაგისტრატურის სარგებელი პიროვნებისთვის ნაკლებია ფინანსური უკუგების თვალსაზრისით, ვიდრე ბაკალავრიატის. ამიტომ, როდესაც სახელმწიფოს ხელში არსებული მცირე რესურსების განაწილებაზე დგება საკითხი, ალბათ, ამ ფაქტორსაც უნდა ითვალისწინებდეს, როდესაც გამოცდების საფასურის სუბსიდირების საკითხი დგება“.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველ, ასევე დევნილის სტატუსის მქონე აბიტურიენტებს, სიმონ ჯანაშია ფიქრობს, რომ მათთვის მოტივაცია აუცილებელია: “გამოცდებში მოთხოვნილი თანხა მცირე ნაწილია იმ ხარჯების, რაც ადამიანის უმაღლესში სწავლას უკავშირდება. სკოლის შემდგომი განათლება შესაძლებლობას აძლევს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს, რომ იმ სიღარიბიდან გამოვიდნენ, რომელშიც ისინი დღეს არიან. შესაბამისად, გამოცდების ხარჯების ანაზღაურება ერთ-ერთი დახმარება იქნებოდა ამ მიმართულებით. ცხადია, სახელმწიფო და საზოგადოება უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ფინანსური ბარიერი მინიმალური იყოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც უმაღლესში სწავლის სურვილი აქვს, მაგრამ უკიდურესად შეზღუდული შესაძლებლობებია ამისთვის“.

გამოცდების ხარჯების შესამცირებლად საუკეთესო გამოსავალს გამოცდების სავალდებულო ხასიათისა და რაოდენობის შემცირებაში ხედავს: „არავითარი გრძელვადიანი ან ხელშესახები სარგებელი გამოცდების იმ რაოდენობას, რაც ბაკალავრიატში ჩასაბარებლად არის საჭირო, დღეს არ აქვს. გამოცდების ის სტრუქტურა, რომელიც აიძულებს აბიტურიენტებს, რომ რაც შეიძლება მეტი გამოცდა ჰქონდეს ჩასაბარებელი, ზრდის გამოცდების ხარჯებს და მხოლოდ გამოცდის ჩამტარებლებისა და რეპეტიტორების ინტერესებს ემსახურება და არა აბიტურიენტის, უმაღლესის ან სკოლისას“.


სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary