ილიაუნის არგუსი სიახლეებითა და ახალი პრობლემებით
28 სექტემბერი, 2013
ილიაუნის არგუსი სიახლეებითა და ახალი პრობლემებით ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
„მითხრეს, ფერების მიხედვით აირჩიე, თუ დალტონიკი არ ხარო. კი, მესმის, დალტონიკი არ ვარ, ვხატავ და ფერებსაც კარგად აღვიქვამ, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე შეიძლება სწორად ავირჩიო საგნები. ჩემი არჩეული საგნები სემესტრის ბოლოს რას გამოიღებს, არ ვიცი. არგუსი თერთმეტ რიცხვამდეა ღია და იქამდე რაღაც გაირკვევა. მჭირდება პირადი კონსულტაცია, რა საგნები და როგორ უნდა გავიარო, რომელსაც ვერ ვიღებ“ - ელენე ზურაბიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობით არის გადმოსული. როგორც თავად ამბობს, ეშინია, რომ საჭირო საგანს ვერ აირჩევს და შესაბამისად, ოთხი წლის შემდეგ დიპლომს ვერ მიიღებს.
„მობილობით ვარ გადმოსული და შთა მაქვს გასავლელი. მეუბნებიან, შენ თუ შთას აირჩევ, ჩაგიჯდება ძირითად საგანში, მაგრამ ვერ ვიგებ, ვირჩევ ყვითელ ფერს და მიმწვანდება, ან მიყვითლდება, ახლა მაჩვენა, რომ „ახალი ამბები და ინფორმაციული სტატია“ არის სავალდებულო, არადა მე ავირჩიე სავალდებულო არჩევითი“ - აღნიშნავს ელენე.

აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე, A 302 აუდიტორიას მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ თითოეულ სტუდენტთან ინდივიდუალური მუშაობა მიმდინარეობს. მათი თქმით, მთავარია, სტუდენტმა საკუთარი პრობლემით მიმართოს ადმინისტრაციას.

„თითოეულ სტუდენტთან ინდივიდუალურ კონსულტაციას ვატარებთ. თითოეულ მათგანთან 15-20 წუთი მიდის მუშაობა. ფერები და კოდები პრობლემას არ წარმოადგენს, პირიქით, პროგრამა გამარტივებულია. ყველა საგანზე ატვირთულია სილაბუსი, სანამ აირჩევს, შეუძლია გაეცნოს, რა უნდა ისწავლოს, რამდენ კრედიტიანია, ვინ არის ლექტორი, რას ისწავლის მთელი წლის განმავლობაში და ა.შ. სტუდენტი უნდა მიჰყვეს პროგრამას და პროგრამის მიხედვით აირჩიოს საგნები. სტუდენტს მხოლოდ და მხოლოდ ევალება ის, რომ ჩვენამდე მოიტანოს პრობლემა, რომ არ დარჩეს საგნის გარეშე“ - გვითხრეს ილიაუნიში.

ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი, ნიკა მეგუთნიშვილი ამბობს, რომ საგნების არჩევა მოახერხა, თუმცა, მას ცხრილის პრობლემა შეექმნა.

„რაც მინდოდა ავირჩიე ყველაფერი, უბრალოდ საგნები ძალიან ცუდად დამემთხვა, ოთხშაბათს ერთად რამდენიმე საგანი მომიწია. პროგრამული უზრუნველყოფა ძალიან ცუდი იყო, იმ დღეს ყველა საგნის არჩევა ვერ მოვასწარი, ბაზას ველოდებოდი, რამდენჯერმე დავაჭირე არჩევას, მაგრამ ოთხჯერ გამომაგდო, შემდეგში რომ შევედი, უკვე გაწითლებული იყო ჩემი ჯგუფები და რაც მინდოდა, აღარ იყო. მეორე დღეს მომიწია დანარჩენი საგნების არჩევა. ოთხშაბათს შვიდი ლექცია მიწევს. დავწერე განცხადება, რომ ლექცია სხვა დღეს გადამიტანონ . ორჯერ ვიყავი მისული. დღეს არეულობა იყო, საბოლოო ჯამში, მითხრეს რომ მიხედავდნენ, სავარაუდოდ, ხვალ უნდა მივიღოთ პასუხი“ - გვითხრა ნიკამ.

მაია პაპიაშვილი მესამე კურსის სტუდენტია. ძირითადი საგნების არჩევას ვერ ახერხებს. როგორც მაიამ აღნიშნა, კრედიტები არ უღიარეს, რის გამოც ძირითადი მოდულის საგნების გავლა გადაწყვიტა. „ გავიარე საგანი, ჩავიჭერი და ახლა მინდა ახლიდან გავიარო. ამის საშუალებას ძველი არგუსი მაძლევდა, ახლა ვერ ვახერხებ. ალბათ, მომიწევს თითოეულ საგანზე განცხადებები დავწერო. სამართლის ფაკულტეტზე ვარ და ძირითადი საგნები რაც არის, ვერ ავირჩიე. გადმოსული ვარ და ძირითადი მოდულის საგნებზე 60 კრედიტიდან 18 მაქვს მარტო, არ მიღიარეს და ამიტომ ვიფიქრე, ახლა გავივლიდი ძირითადი მოდულის საგნებს და შემდეგ სამართლის საგნებს“.

საინფორმაციო ტენოლოგიების სამსახურის უფროსი, გიორგი ბასილაია არგუსის სისტემის ტექნიკურ დეტალებსა და საგნების არჩევის პროცედურის შესაძლო გამარტივებაზე გვესაუბრა: „გვაქვს „ფეისბუქის“ გვერდი და თვითონ არგუსის სისტემა. არგუსის სისტემაში წერია არგუსის ინსტრუქცია, სადაც არის ვიდეო, რომელშიც ახსნილია, თუ როგორ ხდება საგნების არჩევა. ინსტრუქცია ხმოვანია. ასევე სლაიდებად გვაქვს გაკეთებული ინსტრუქცია და ესეც განთავსებულია. "ფეისბუქის" გვერდზე დიდი დატვირთვაა. გვყავს 5000-ზე მეტი მომხმარებელი, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში გვწერენ და მათ კითხვებს უწყვეტ რეჟიმში ვპასუხობთ. არგუსის ახალ სისტემაში ჩაშენებულია საგნის სტატუსი, თუ რა ტიპის საგანია ის, ანუ სამი კატეგორიის საგნიდან რომელ ფერს ეკუთვნის, ლურჯს, ყვითელს თუ მწვანეს. ლურჯი არის სავალდებულო, სავალდებულო არჩევითი საგნები არის მწვანე და სხვა პროგრამის მიერ შეთავაზებული საგანი - ყვითელი. საგანს აქვს კოდი და სახელი რომ არ ჩაწერო, შეგიძლია კოდით მოძებნო. პირველკურსელებს საგნებს ჩვენ ვურჩევთ და ცხრილს ვუდგენთ. მაღალკურსელებში კონკურენციაა და დასწრებაზეა. განსაკუთრებით მათ ვეხმარებით, ვინც უკვე ამთავრებს უნივერსიტეტს“.

გიორგი ბასილაიას თქმით, წელს სისტემა შეიცვალა და ახალი არგუსის სისტემა დაინერგა, რომელშიც სტუდენტებს ავტომატური გამოთვლები აქვთ. სისტემა დიდი რაოდენობის მომხმარებლის გამო გადაიტვირთა.

„ახალი არგუსის სისტემის ყველაზე დიდი პლუსი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ არის ის, რომ გზაბნეული სტუდენტები, რომლებმაც შემთხვევით რაღაც აირჩიეს და შემთხვევით მერე აღმოჩნდა, რომ ის არ ეთვლება, რის გამოც ფულიც უნდა გადაიხადოს და წელიც დაკარგოს, ასეთი სტუდენტი ძალიან ცოტა, თითქმის აღარ იქნება. იმიტომ, რომ ყველაფერს ხედავენ თვალნათლივ, თუ ჩაეთვალა, ანუ კრედიტი მოემატა, იქვე დაუწერს, ადრე არ ხდებოდა ასე. ახლა ყველა წლის ბავშვისთვის ცალკე ისტორია იქმნება და ის თავის კრედიტებს აღარასდროს დაკარგავს. ვგეგმავთ, რომ კოორდინატორებთან ერთად ჩავსვათ პროფესორები, სტუდენტებს შეუძლიათ, კონსულტაცია მათთან გაიარონამ სასწავლო პროგრამაზე. ეს იქნება მუდმივი კონსულტაცია, რომ შემდეგი წლის საგნები წინასწარ შეარჩიოს სტუდენტმა და იცოდეს, რისი გავლა მოუწევს“ - განაცხადა ილიაუნის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა გიორგი ბასილაიამ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა 30 სექტემბერს იწყება, როგორც ილიაუნიში აცხადებენ, არგუსი 11 ოქტომბრამდე გაიხსნება. სტუდენტებს ორი კვირის მანძილზე შეეძლებათ საგნების არჩევა.

სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary