რა ბედი ელით სტუდენტურ თვითმმართველობებს?
28 სექტემბერი, 2013
რა ბედი ელით სტუდენტურ თვითმმართველობებს? ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
16 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა აქციაში მონაწილე სტუდენტების ნაწილს შეხვდა, რომლებიც უნივერსიტეტში სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ პრობლემებს აპროტესტებდნენ.
შეხვედრის დროს სტუდენტებმა ისაუბრეს სტუდენტური თვითმმართველობების შესახებ, რაზეც რექტორმა განაცხადა: ”სტუდენტური თვითმმართველობა მაღიზიანებს, არ მომწონს მეც, მაგრამ ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული და მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, ეს სტრუქტურა მალე კანონით აღარ იქნება“.

ჩვენთან საუბრისას ლადო პაპავამ აღნიშნა, რომ ”უმაღლესი განათლების შესახებ“ ახალი კანონი შეიძლება, აღარ ითვალისწინებდეს მუხლებს სტუდენტური თვითმმართველობის, როგორც ერთიანი ორგანიზაციის შესახებ. შესაძლოა, ახალი კანონით, ზოგადად, განისაზღვროს საკითხები სტუდენტური ორგანიზაციებისა და მათი უნივერსიტეტების მმართველობაში მონაწილეობის შესახებ. ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვერსიაა და შესაძლოა, ის საერთოდ არ გაითვალისწინონ მიღებული ახალ კანონში“. ასევე აღნიშნა, რომ სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმების საკითხი ახალი კანონის მიღებამდე დღის წესრიგში არ დგას.

ამ საკითხზე სტუდენტებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. სტუდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით თვითმმართველობა არ არის ლეგიტიმური და არ წარმოადგენს და არ იცავს სტუდენტების ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ფიქრობენ, რომ ასეთი გაერთიანების არსებობას აზრი არ აქვს. ”მინდა, რაც შეიძლება მალე გააუქმონ სტუდენტური თვითმმართველობა, რადგან მართვის მანკიერი პრაქტიკა აქვს და მის წევრებს არ აქვთ კარგად გააზრებული თავიანთი მოვალეობები, სტუდენტური თვითმმართველობა დამოუკიდებელმა სტუდენტურმა ჯგუფებმა უნდა შეცვალონ” - განაცხადა თსუ-ს ერთ-ერთმა სტუდენტმა ანა იჩქიტიძემ. გარდა ამისა, სტუდენტები მიიჩნევენ, რომ თვითმმართველობა იქცა არა განათლების ხელშემწყობ, არამედ გასართობ და მიკერძოებულ ორგანოდ, რომელსაც იმაზე დიდი გავლენა აქვს, ვიდრე საჭიროა. ზოგი ფიქრობს, რომ სტუდენტური თვითმმართველობები არ უნდა გაუქმდეს, არამედ უნდა შეიცვალოს მისი სტრუქტურა და გახდეს ლეგიტიმური. თსუ-ს მეოთხე კურსის სტუდენტი თინათინ ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ”ზოგადად, სტუდენტური თვითმმართველობა უნდა არსებობდეს, მაგრამ ზუსტად უნდა ემსახურებოდეს იმ მიზნებს, რისთვისაც არის შექმნილი - დაიცვას სტუდენტების უფლებები, გვერდში დაუდგეს მათ და თავიანთი სახით მხარდამჭერი და შუამავალი ჰყავდეთ ადმინისტრაციასთან. დღეს ეს ასე არ არის, ამიტომ უნდა შეიცვალოს სტრუქტურა, გახდეს უფრო ღია და გამჭვირვალე და სწორად გადანაწილდეს მოვალეობები”.

სტუდენტების ნაწილი თვითმმართველობების გაუქმების მოწინააღმდეგეა და აღნიშნავს, რომ სტუდენტური თვითმმართველობა არ უნდა გაუქმდეს, რადგან ეს ორგანიზაცია სტუდენტების ინტერესებსა და სურვილებს ემსახურება, ამ ორგანიზაციის აქტიური და დაინტერესებული წევრები უდიდეს გამოცდილებას იძენენ არა მხოლოდ იმ სფეროში, რომელ დეპარტამენტშიც არიან, არამედ მეგობრებისგან ბევრ რჩევასაც იღებენ. ფიქრობენ, რომ რექტორმა მხოლოდ იმიტომ გააკეთა ასეთი განცხადება, რომ მან ზუსტად არ იცის თვითმმართველობის დეტალური საქმიანობის შესახებ.

აღნიშნულ საკითხზე გავესაუბრეთ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატს ირმა პავლიაშვილს. მან აღნიშნა, რომ სტუდენტური თვითმმართველობების საკითხი კანონითაა დარეგულირებული და რექტორს არ შეუძლია მისი გაუქმება. „აქვე აღვნიშნავ, რომ თუ საკანონმდებლო დონეზე მოხდება ამ კუთხით კანონპროექტის ინიცირება, ჩვენ ჩავერთვებით და ჩვენს კრიტიკულ მოსაზრებებს წარმოვადგენთ“ .
სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary