გასაჭირს შეჩვეულნი ტექნიკურ უნივერსიტეტში
12 ოქტომბერი, 2013
გასაჭირს შეჩვეულნი ტექნიკურ უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
პირველკურსელის დაბნეული სახე... უსასრულო რიგი ლიფტთან... არასასურველი სართული და კითხვაზე - კონკრეტულად, ლიფტი რომელ სართულზე მიდის? ლიფტიორის უხეში პასუხი: „ჩაჯდები და ნახავ“. კვლავ ლიფტის მოლოდინი, მერე ისევ არასასურველი სართული და ბოლოს დასკვნა: „ფეხით ავალ“. ამასობაში ლექტორის უკმაყოფილო სახე და საყვედური დაგვიანებაზე. ასე გრძელდება უსასრულოდ...

ეს სტუ-ს სტუდენტთა ყოველდღიურობაა. დერეფნებში სამშენებლო მასალებია განთავსებული, უსიამოვნო სუნი, ჩამოვარდნილი სტენდები, ჩამოხეული ფურცლები, ბიბლიოთეკასა და ქსეროქსის აპარატთან უსასრულო რიგი, წარწერა ლიფტთან - „ლიფტი არ მუშაობს კენტ დღეებში“.

რაც შეეხება სასწავლო ლაბორატორიებს, ქიმიის ფაკულტეტის ლაბორატორიებს თავისი პირვანდელი სახე მთლიანად დაკარგული აქვს. ჩამონგრეული კედლები, წარწერა ონკანზე - „არ მუშაობს“, სამუშაოსთვის არასასიამოვნო გარემო - ქიმიური ლაბორატორიების შეუცვლელი ატრიბუტია.

„არსებული მდგომარეობის შესახებ ბევრჯერ ვცადეთ ადმინისტრაციისთვის მიგვემართა, მაგრამ უშედეგოდ. თანხის უკმარისობის გამო ვერ გვეხმარებიან. მანამდე კი ჩვენ გვიწევს ჩვენივე სახსრებით შევიძინოთ პრაქტიკული სამუშაოებისთვის საჭირო ნივთები. ერთადერთი რამ, რაც ბავშვებზე აისახება, ეს არის ცუდი გარემო, ხოლო დანარჩენი, რაც ეხება პრაქტიკულ სამუშაოს, ყველაფერი კეთდება“- განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის ლექტორმა თეა მათითაიშვილმა.

აღნიშნულ პრობლემაზე გავესაუბრეთ ქიმიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანს, ბატონ ნუგზარ წერეთელს: „ეს ძალიან მძიმე ფაკულტეტია და თუ სახელმწიფომ თავის დაფინანსებაზე არ გადაგვიყვანა, მანამდე ლაბორატორიებს არაფერი ეშველება, რადგან მათი მოწესრიგება იმაზე ძვირი ჯდება, რისი საშუალებაც ამ ფაკულტეტს აქვს. ის თანხა, რაც გამოიყოფა ქიმიის ფაკულტეტისთვის, არ არის საკმარისი ლაბორატორიების მოსაწესრიგებლად. თუმცა, მომავალი წლიდან იგეგმება ერთი საფაკულტეტო ლაბორატორიის შექმნა, რომელშიც შევა ის ამოცანები, რასაც ცალკე გადის თითოეული კათედრა“.

განსხვავებული მდგომარეობაა სამშენებლო და ენერგეტიკულ ფაკულტეტებზე. სამშენებლო ფაკულტეტის ლაბორატორია კარგ მდგომარეობაშია. აქ დასაქმებულნი არიან ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორატურის სტუდენტები, რომელთა თქმით, ამ ფაკულტეტის ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ სტუდენტები ლექციებზე არ დადიან.

„ეს ლაბორატორია 2 წლის გახსნილია და ყველა სპეციალობაზეა გათვლილი. ჩვენ სრული დატვირთვით ვმუშაობთ და ვემსახურებით გრუნტების მექანიკას, საშენ მასალებს, ტექნიკურ ექსპერტიზას, კონსტრუქციების კათედრასა და საერთოდ, შენობა-ნაგებობების ექსპერტიზას. ეს ლაბორატორია უზრუნველყოფს ამ ფაკულტეტის ყველა ცდის ჩატარებას, რადგან მხოლოდ ის არის სამუშაო მდგომარეობაში, ხოლო სხვა დანარჩენი არის უბრალოდ დალაგებული და დასუფთავებული“ - განაცხადა სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტმა ნინო ბახტაძემ.

რაც შეეხება ენერგეტიკის ფაკულტეტს, აქ არის „თელასის“ მიერ მოწყობილი ლაბორატორიები, სადაც უნივერსიტეტის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს საშუალება აქვთ გაიარონ უფასო სატრენინგო კურსები და აგრეთვე, სხვადასხვა კომპანიასაც შეუძლია ისარგებლოს ამ ლაბორატორიებით.

ტექნიკურ უნივერსიტეტში ყველაზე მოწესრიგებულ შენობად შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციული კორპუსი, სადაც ძალიან სასიამოვნო გარემოს ქმნის იქ არსებული ბიბლიოთეკა და პატარა მუზეუმი.

„ბიბლიოთეკაში ძალიან კარგი და მშვიდი გარემოა. უპრობლემოდ შეიძლება წიგნის გატანა და დროშიც არ ვართ შეზღუდულები, მაგრამ ეს არ ეხება იმ წიგნებს, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით აქვს უნივერსიტეტს“ - აღნიშნა ერთ-ერთმა სტუდენტმა თამუნა ვარდუკაძე.

სტუდენტებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს არასაკმარისი კვების ობიექტი და საკვებზე გაორმაგებული ფასები. „ჩვენს კორპუსში ბუფეტი არის მეოთხე და მეექვსე სართულზე, მაგრამ იქ მხოლოდ წყლის საყიდლად შევდივარ, რომელსაც ორმაგი ფასი აქვს, თუმცა, დროის უკმარისობის გამო დაბლა ჩასვლას ვერ ვახერხებ და მიწევს, რომ ეს თანხა გადავიხადო. რაც შეეხება საჭმელს, ვამჯობინებ გარეთ ვიყიდო, ვიდრე იქ“ - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა მარიკა ზაქაშვილმა. თუმცა, ამ თემაზე სტუდენტებს განსხვავებული აზრი აქვთ. ზოგის თქმით, პრობლემას ქმნის ბუფეტისთვის გამოყოფილი ადგილი, რომელიც ძალიან მცირეა.

როგორც უნივერსიტეტის დეკანები აცხადებენ, თითოეულ ფაკულტეტს აქვს გამოყოფილი ბიუჯეტი, რომელსაც დეკანი განკარგავს, მაგრამ ის პრობლემები, რაც თითოეულ ფაკულტეტზე არსებობს არამარტო დეკანს, არამედ სახელმწიფოსაც ეხება და სწორედ მასზეა დამოკიდებული პრობლემური ფაკულტეტების კეთილმოწყობა და სამუშაო ტექნიკით უზრუნველყოფა.

სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary