„ხიდჩატეხილობა“ ლექტორებსა და სტუდენტებს შორის
16 ნოემბერი, 2013
პროცესებს ყოველთვის ახლავს პრობლემები. ამ მხრივ არც სასწავლო პროცესია გამონაკლისი, მით უმეტეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჯერად სტუდენტები ლექტორების შესახებ გამოთქვამენ უკმაყოფილებას და აღნიშნავენ, რომ ლექციების უმრავლესობა უინტერესოდ და მონოლოგის რეჟიმში მიმდინარეობს. სტუდენტების განცხადებით, ლექტორებსა და სტუდენტებს შორის არ არის ისეთი კონტაქტი, როგორიც უნდა იყოს.

”3 წელია აქ ვსწავლობ და ამ პრობლემას ყოველდღიურად ვაწყდები რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არ შემხვედრია ისეთი ლექტორი, ვინც სტუდენტებთან ახლო კავშირშია და კონტაქტი აქვს ლექციის ან სემინარის დროს. არის ლექტორების კატეგორია, რომლებიც თავიანთი დამსახურების თუ სახელის გამო თავს ძალიან შეურაცხყოფილად გრძნობს, როდესაც სტუდენტი დამატებით ინფორმაციას მიაწვდის კონკრეტულ საკითხზე. საბოლოოდ გამოდის, რომ სტუდენტებს არ გვაქვს აზროვნების შესაძლებლობა, რადგან იძულებულები ვართ, სემინარის დროს დაფასთან გამოვიდეთ და ”გაკვეთილი” მოვყვეთ. ამის გამო მიჯაჭვულები ვართ რაღაც კონკრეტულს და ვერ ვივითარებთ დამოუკიდებელ და თავისუფალ აზროვნებას. ეს ყველაფერი სკოლას მახსენებს” -აღნიშნა თსუ-ს ერთ-ერთმა სტუდენტმა თეკლა ბოჭორიშვილმა.

”არის ლექციები, როდესაც ხშირ შემთხვევაში მეძინება, რადგან ლექცია მიმდინარეობს მონოლოგის რეჟიმში და სტუდენტს არ აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს ამ პროცესში და საკუთარი აზრი გამოთქვას” - გვითხრა სტუდენტმა ლალი ვაშაყმაძემ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პრობლემის არსებობაში სტუდენტები თანაბრად ადანაშაულებენ ლექტორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს. ჩვენთან საუბარში მათ აღნიშნეს, რომ თავად სტუდენტსაც მიუძღვით ამ ყველაფერში წვლილი. ”ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ ლექტორებთან, რომლებიც ”გვაიძულებენ” რომ ვიაზროვნოთ, სამუშაო ჯგუფები არ ივსება, რატომღაც სტუდენტებს ურჩევიათ რაღაცეები დაიზეპირონ და მოყვნენ. სტუდენტები უკვე გადავეჩვიეთ აზროვნებას და ამის სურვილიც ძალიან ცოტას შერჩა. ჩვენთვის უკვე უცხოა ის, რომ რაღაც ჩვენით უნდა გავაკეთოთ და კონკრეტულ დასკვნამდე დამოუკიდებლად უნდა მივიდეთ”.

იმისათვის, რომ ამ პრობლემის წარმოშობის მიზეზები გაგვერკვია, გადავწყვიტეთ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გავსაუბრებოდით ამ საკითხზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მოგვაწოდა ინფორმაცია ლექტორების მიღების წესებზე, სადაც განმარტებულია, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომ გახდეს თსუ-ს ლექტორი. თსუ-ში ლექტორები კონკურსის წესით მიიღებიან. აკადემიური პერსონალის სამხახურში მიღების წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს შრომის კოდექსის”, ”უმაღლესი განათლების შესახებ”, ”ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის წესდების” და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველი ეტაპი დოკუმენტაციების წარდგენაა, მეორე ეტაპი კი გასაუბრებას გულისხმობს. კონკურსს ატარებს საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობა მტკიცდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ უნივერსიტეტის რექტორის წარდგინებით. როგორც აღნიშნულ დოკუმენტშია წარმოდგენილი, ლექტორებს სხვა დანარჩენთან ერთად მოეთხოვებათ რამდენიმე წლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება. გარდა ამისა, კონკურსის მეორე, გასაუბრების, ეტაპზე ზუსტდება პრეტენდენტის შესახებ არსებული ინფორმაცია, პრეტენდენტის პროფესიული უნარ-ჩვევები, გადმოცემის, ლოგიკური აზროვნების უნარი, ქცევისა და მეტყველების მანერა და სხვა საკითხები, რომლებიც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის შრომითი და საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობის სფეროსთან.

ლექტორების მიღების წესი მოიცავს თითქმის ყველა ასპექტს, მათ შორის გადმოცემის უნარსა და აუდიტორიასთან ურთიერთობასაც.

იხილეთ ლექტორების კომენტარი

სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary