"სილაბუსი თუ რესტორნის მენიუ?"
23 ნოემბერი, 2013
"სილაბუსი თუ რესტორნის მენიუ?" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
“როგორც თავად აწყობთ, ისე ცვლიან სილაბუსებს!“ - ასეთი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორების სილაბუსების პირველი შეფასება. გამოკითხულ სტუდენთა აზრი ორად გაიყო, ნაწილი მიიჩნევს, რომ ლექტორები სალექციო კურსის შესაბამის სილაბუსებს აწვდიან, ნაწილი კი - არცთუ ისე კმაყოფილია.

“სიმართლე გითხრათ, რასაც ყველაზე ნაკლებად ვეცნობი, ეს სილაბუსებია, თუმცა, ჩემს აზრს მოგახსენებთ. დავიწყოთ ქულების გადანაწილების პრინციპით. ვფიქრობ, დასწრებაში საერთოდ არ უნდა იწერებოდეს ქულები და ეს უნდა ემატებოდეს აქტიურობას. რაც შეეხება კოლოკვიუმების 15-15 ქულიან სისტემას, მეტ-ნაკლებად ვეთანხმები, თუმცა, უმჯობესი იქნება 10-10 ქულიანი სისტემა და ის 5-5 ქულა დაემატებოდა აქტიურობას, რადგან სტუდენტი უფრო მეტს იყოჩაღებს. ეს გადანაწილება სტუდენტებში გააძლიერებდა "იძულებით" სწავლას. და ბოლოს, გამოცდის 40 ქულა ძალიან კარგია! რაც შეეხება სახელმძღვანელოებს... სამწუხაროდ, ლიტერატურის ნაკლებობას განვიცდით, ან ქართულად არ არის და თუ არის ნაკლებადღირებული, ხშირად მიწევს სემინარის მომზადება რუსულენოვანი ლიტერატურიდან. თქვენი შეკითხა: მიჰყვებიან თუ არა ლექტორები სილაბუსს? - 100%-იანი დაცვა შეუძლებელია, რადგან ამას დღესასწაულები და გაუთვალისწინებელი შემთხვევები უშლის ხელს, მაგრამ არსებობენ ფუქსავატი ლექტორებიც, რომელთაც სილაბუსი ჰგონიათ რესტორნის მენიუ, რომლიდანაც შეუკვეთ ან არ შეუკვეთ. ჩემი ნატვრაა, რომ შეიქმნას მეორე სახის სილაბუსი, რომელშიც თემატურად იქნება მოცემული საგნის ყველა ლიტერატურა, რომელიც ადამიანს მისცემდა საშუალებას, დახელოვნებულიყო საკუთარ სპეციალობაში. ასევე მოცემული ყოფილიყო საგნის პირველადი წყაროები. კარგი იქნება, თუ სილაბუსს დაერთვება სამეცნიერო კვლევა” - აღნიშნა უნივერსიტეტის სტუდენტმა კონსტანტინე მარამიამ.

უნივერსიტეტის სილაბუსებით კმაყოფილია ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი ქრისტინე ბარბაქაძე: “მომწონს, მაღლივში განსაკუთრებით იცავენ თანმიმდევრობას. ყველა ლექტორი მიჰყვება სილაბუსს და სტუდენტსა და პროფესორს შორის ნაკლები გაუგებრობა ხდება. გამოცდებისთვისაც ძალიან გვეხმარება, ლექტორის ყოველგვარი მითითების გარეშე ვიცით, რა იქნება გამოცდაზე“.

„ზოგადად, ნორმალურად შევაფასებ, თუმცა, ცხადია, მეტად დასახვეწია. ქულების გადანაწილების სისტემა მომწონს. აი, რამდენად მიჰყვებიან ლექტორები გეგმას ეს უკვე რთული საკითხია, ძირითადად, ასე არ ხდება, ხშირად საერთოდ სხვა საკითხებზე ამახვილებენ ხოლმე ყურადღებას, თუმცა, ყველა ლექტორს არ ეხება ეს შენიშვნა. უაზროდ არ უნდა იყოს ჩაყრილი ლიტერატურა. ზოგი ისეთი წიგნია მითითებული, არც არავის გადაუშლია. ეს განსაკუთრებით რუსულ ლიტერატურას ეხება. იშვიათად თუ იცის ვინმემ რუსული და მით უმეტეს იმ დონეზე, რომ სამეცნიერო ლიტერატურა თარგმნოს“ - გვითხრა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ანა სვანაძემ.

ანასგან განსხვავებული აზრი აქვს ნატო ჯალაღონიას. ის ფიქრობს, რომ ყველა ლექტორს განსხვავებული სტილი აქვს და შესაბამისად, სილაბუსებიც ინდივიდუალურია: “ზოგადად, მომწონს ეს სისტემა, ვინაიდან ყველა გამოკითხვის წინ გვაქვს გზამკვლევი, რომლითაც შემიძლია წიგნების შერჩევითა და გვერდების მითითებით მოვემზადო მომდევნო სასემინარო საათისთვის. თუმცა, არსებობს ისეთი ლექტორების კატეგორია, რომლებიც მათ მიერ გაწერილ გეგმას ასე შაბლონურად არ მიჰყვებიან და სილაბუსებში ცვლილებებიც შეაქვთ დროდადრო. ამის შესახებ კი წინასწარ ვართ ინფორმირებულნი. ეს ძალიან იშვითად ხდება, რადგან თითქმის ყოველთვის ლექტორები წლის დასაწყისში აახლებენ სილაბუსებს. ადმინისტრაცია გვატყობინებს, როდის იწყება საგნების არჩევა და იმ დროისთვის სილაბუსებიც წუთების სიზუსტით იდება. თუ რომელიმე საგნის სილაბუსი საიტზე არ დევს, მაშინ ადმინისტრაციას ვატყობინებთ და ამ პრობლემას ადვილად აგვარებენ“.

როგორც თსუ-ს ადმინისტრაციაში გვითხრეს, უნივერსიტეტი ყველა ლექტორს ავალდებულებს სილაბუსით იხელმძღვანელოს: “სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველა სასწავლო კურსს აქვს შესაბამისი სილაბუსი. სილაბუსი საგანმანათლებლო პროგრამის (როგორც აკადემიურის, ასევე პროფესიულის) შემადგენელი ნაწილია. ამდენად, პროფესორი ვალდებულია სილაბუსის მიხედვით განახორციელოს სწავლება“. თსუ-ში სილაბუსები ერთი სტანდარტით არის შედგენილი, რომელსაც აკადემიური საბჭო ადგენს: “სილაბუსებში შეფასების სისტემა გაწერილია მინისტრის ბრძანებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეფასება მრავალკომპონენტიანია. აკადემიური კომპონენტების გაწერა და ამ კომპონენტებზე შეფასების ქულათა მინიჭება პროფესორის კომპეტენციაა. სასწავლო პროგრამები სილაბუსებთან ერთად მტკიცდება ფაკულტეტის საბჭოზე, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში ტექნიკური ექსპერტიზის გავლის შემდეგ (შიდა შეფასება) სასწავლო პროგრამები სილაბუსებთან ერთად მტკიცდება. შემდეგ პროგრამა გადის აკრედიტაციის ეტაპს (გარე შეფასება). მხოლოდ ამ პროცედურების გავლის შემდგომ ხდება პროგრამის იმპლემენტაცია“.

სემესტრის დაწყების შემდეგ, სილაბუსში ცვილებების შეტანა რამდენადაა ნებადართული, ამაზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გვიპასუხა, რომ სილაბუსებში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია სემესტრის დაწყების შემდეგაც: “თუმცა, თუ სილაბუსი ძირეულ ცვლილებას განიცდის, მაშინ ამ სილაბუსით სარგებლობა ხდება მომდევნო სემესტრში“.
იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სტუდენტი უკმაყოფილოა სილაბუსში შეტანილი ცვლილებების გამო, მათ შეუძლიათ, მიაკითხონ ადმინისტრაციას კონკრეტული პრეტენზიით: “ასეთ შემთხვევაში სტუდენტი უფლებამოსილია, მიაკითხოს ადმინისტრაციას განცხადებით, ხოლო ადმინისტრაცია ვალდებულია, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. სილაბუსი ოფიციალური დოკუმენტია და მასში შესული ნებისმიერი ცვლილება უნდა დამტკიცდეს ზემოხსენებული პროცედურების მიხედვით“.


სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary