დაფინანსების მოლოდინში
30 ნოემბერი, 2013
დაფინანსების მოლოდინში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ხვიჩა ვახტანგაშვილი სოფელ ქვემო ხვითის მკვიდრია და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. ის ამჟამად დაფინანასების მოლოდინშია და არ იცის დააფინანსებენ თუ არა: “განცხადება დაწერილი მაქვს და ზუსტად ვერ გეტყვით დამაფინანსებენ თუ არა. ჩემი ყველა ნაცნობი პასუხის მოლოდინშია. ამჟამად მეტს ვერაფერს გეტყვით“.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 აგვისტოს N218 დადგენილების შესაბამისად, სტუდენტებს განცხადებების შეტანა 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ.

„სტუდენტებს, რომლებმაც დაგვიანებით შემოიტანეს განცხადებები ან ჯერ არ მოუმართავთ სამინისტროსთვის, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად, შეიძლება, აღუდგეთ გაშვებული ვადა, თუ წარმოადგენენ ადმინიტრაციული ვადის გაშვების საპატიო მიზეზის დამადასტურებელ დოკუმენტს“ - გვითხრეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

ლუკა ბერაძე ერთ-ერთი იმ სტუდენტთაგანია, ვინც დაფინანსებულ სტუდენტთა შორის მოხვდა: “ვსწავლობ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე. გალის რაიონიდან ვარ და ეროვნული გამოცდების დაწყებამდე მაღიარეს, როგორც საშუალო განათლება მიღებული აბიტურიენტი, შესაბამისად, მომცეს ქართული ატესტატი. შემდეგ გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მივედი, სადაც განცხადება დავწერე და თხოვნით მივმართე საქართველოს განათლების სამინისტროს იმის თაობაზე, რომ ჩემი სწავლა დაეფინანსებინათ. არსებობს ოფიციალური კანონი, რომლის თანახმადაც აფხაზეთში სწავლა-განათლება მიღებულ ყველა სტუდენტს, სახელმწიფო 100%-იანი გრანტით აფინანსებს, რომელიც 2250 ლარს შეადგენს. თუ სწავლის საფასური მეტია, სტუდენტი თავად ამატებს დარჩენილ თანხას“.

თაკო ხახუბია სოციალური პროგრამით ფინანსდება და მას უკვე შეექმნა პრობლემა თანხის დროულად არგადმორიცხვის გამო: “გარკვეული პრობლემები მექმნება გამოცდების დროს. უნივერსიტეტებში არსებობს თანხის გადახდის ვადა და გადაუხდელობის გამო, ერთხელ სტატუსიც შემიჩერდა. სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც მაქვს, არ არის საკმარისი პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ვფიქრობ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად რაღაც გზა უნდა გამონახონ და სტუდენტს არ უნდა უწევდეს ამის გამო გამოცდაზე მეორედ მისვლა ან გადაბარება“.

2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამისთვის 2 560 000 ლარი გამოყო. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობა და პირობები თავიდანავე განისაზღვრა.

დაფინანსების მოპოვება შეეძლოთ სტუდენტებს, რომლებიც: ბოლო სამი წლის განმავლობაში სწვალობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა განათლებისა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით; ასევე, სტუდენტები, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ; სტუდენტები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან, ან სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში; სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზოკვლოდ დაკარგულთა შვილები; სტუდენტები, რომლებიც არიან კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის შთამომავლები; სტუდენტები,რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, ან ობოლნი. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ან რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე; სტუდენტები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ, ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში.

ამათგან, 50 ისეთი სტუდენტი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღო ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრისპირა სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტთა რაოდენობა აღემატება ლიმიტერებულს, როგორც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გვითხრა, საქმეში ერთვება ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულები: “თუ სტუდენტების რაოდენობა აღემატება გამოყოფილი ადგილების რაოდენობას, თანხა გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, მიღებული ქულების შესაბამისად უმაღლესიდან უმდაბლესისკენ“.

რაც შეეხება სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსებაზე სამინისტროს სამომავლო გეგმებს, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გვაცნობა, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა: „მინისტრის გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი იქნება დეკემბრის დასაწყისში. სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების ოდენობა და პირობები ყოველწლიურად განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით. სავარაუდოდ, ახალი პროგრამა დამტკიცდება 2014-2015 სასწავლო წლის დასაწყისისთვის“.



სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary