სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას ხშირად კრედიტის სამჯერ აუღებლობა იწვევს
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას ხშირად კრედიტის სამჯერ აუღებლობა იწვევს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ტერმინია "სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა". ბევრ სტუდენტს ამ ტერმინის შესახებ ცოტა ინფორმაცია აქვს, ამიტომაც მათ ხშირად მეორე ტერმინთან, "სტუდენტის სტატუსის შეჩერებასთან" ურევენ.


გიორგი შაიშმელაშვილი ახლა საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის მეორეკურსელია. მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსი შეუწყდა.

"თსუ-ში 3 საგანი ჩამრჩა, რადგან 2 წელი ნორმალურად არ მივლია უნივერსიტეტში. ამის გამო სტუდენტის სტატუსი შემიწყდა. როდესაც აღდგენა მოვინდომე, მითხრეს, რომ მობილობა უნდა გამევლო. დავრეგისტრირდი განათლების უზრუნველყოფის ცენტრის საიტზე (ექე.გე), გადავიხადე რეგისტრაციის საფასური 50 ლარი და მივიღე მონაწილეობა გარე მობილობაში, რომელზეც ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულით გადიხარ. თსუ-დან ჩარიცხვა/ამორიცხვის საბუთი წარვადგინე ტექნიკურ უნივერსიტეტში და ახლა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ვსწავლობ" - ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი.

გიორგის აღნიშნული პროცედურების გავლა და სხვა უნივერსიტეტში გადასვლა მოუხდა, რადგან პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა ნიშნავს მხარეთა შორის ხელშეკრულების პირობების საბოლოო შეჩერებასა და ხელშეკრულების გაუქმებას.

თსუ-ში სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა/შეჩერებას არეგულირებს უნივერსიტეტის მარეგულირებელი წესის მეხუთე და მეექვსე თავები.

სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება;
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;
პირადი განცხადება;
შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შეუსრულებლობა აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დადგენილ ვადებში;
კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის;
ერთი და იგივე სავალდებულო სასწავლო კურსის სამჯერ მოსმენა და კრედიტის ვერ მიღება;
ფაკულტეტის საბჭოს მიერ სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების საფუძველზე;
გარდაცვალება.

სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი დგება ბრძანების გამოცემიდან ექვსი თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია, ისარგებლოს მობილობის უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია მიმღები დაწესებულების წესდებასთან.

თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტმენტში ამბობენ, რომ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის მიზეზი ყველაზე ხშირად კრედიტის სამჯერ აუღებლობა ხდება. ამ შემთხვევაში სტუდენტის შესახებ გამოიცემა სტატუსის შეწყვეტის ბრძანება. ამის დამატებით, თუ ჩარჩენილი საგანი არის საფაკულტეტო სავალდებულო, მაშინ სტუდენტი იმავე ფაკულტეტზე სწავლას ვერ გააგრძელებს და მას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა მობილობაში და გადავიდეს სხვა ფაკულტეტზე, ასევე შეუძლია შეიცვალოს სპეციალობა.

თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის თამარ თაქთაქიშვილის თქმით, თუ სტუდენტს სტატუსი, მაგალითად, 2010 წლის 4 თებერვლამდე შეწყდა და ამის შემდეგ 10 წელია გასული, მას შეუძლია იმავე უნივერსიტეტში აღდგეს ან მობილობით გადავიდეს სხვა სასწავლებელში, ხოლო თუ სტატუსის შეწყვეტის მიზეზი კრედიტის სამჯერ აუღებლობა ან მობილობით სხვა უნივერისტეტში გადასვლა აღმოჩნდა, მაშინ უნივერსიტეტში აღდგენა 10 წლის შემდეგაც შეუძლებელია.

თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ეკა ენუქიძის ინფორმაციით, ვინაიდან სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი, სტატუსის შეჩერების ვადის გადაჭარბება იწვევს სტატუსის შეწყვეტას.

თუმცა, არსებობს გამონაკლისები, თუ სტუდენტი საზღვარგარეთ სწავლისა ან ავადმყოფობის გამო ვერ უბრუნდება სასწავლო პროცესს, მას სტატუსი არ შეუწყდება. ხოლო სხვა შემთხვევაში, თუ სტუდენტი 5 წლის შემდეგ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არ გამოჩნდა, ეს უკვე სტატუსის შეწყვეტის საფუძველია.


სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary