თსუ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირებით ვერ უზრუნველყოფს
თსუ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირებით ვერ უზრუნველყოფს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 3600 აქტიურ სტუდენტს ითვლის. ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამა მხოლოდ თეორიულ კურსს მოიცავს.


ნათია ღლიღვაშვილი თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. ის ჯერ სტაჟირების პროგრამით არცერთ იურიდიულ უწყებაში არ ყოფილა. მას არც ისეთი სტუდენტების შესახებ სმენია, რომელიც უნივერსიტეტმა სტაჟირებაზე სადმე გააგზავნა. "მიმაჩნია, რომ სტაჟირება სწავლის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. მხოლოდ თეორიული ცოდნა არ კმარა, პრაქტიკის გარეშე მუშაობის დაწყება თითქმის წარმოუდგენელია. უნივერსიტეტს მსგავსი პროგრამა არ აქვს, არც ისეთ სტუდენტს ვიცნობ, რომელიც სადმე სტაჟიორად გაეგზავნათ" - ამბობს ნათია ღლიღვაშვილი.

იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია ადასტურებს იმ ინფორმაციას, რომ სტაჟირება პროგრამით გათვალისწინებული არ არის. ის საბაკალავრო პროგრამაზე 3600 სტუდენტის სტაჟირებაზე გაშვებას გამართლებულად არ მიიჩნევს. "ბაკალავრიატის საფეხურზე ჩვენ არ გვაქვს პროგრამით გათვალისწინებული სტაჟირება. წარმოუდგენელია 3600 სტუდენტის სტაჟირებაზე გაშვება. ბაკალავრიატის ეტაპზე ეს შესაძლოა გამართლებულიც არ იყოს. მიუხედავად ამისა, პროგრამით გათვალისწინებულია პრაქტიკული სამართლის კურსები. (მაგ. სანივთო სამართალში, დისციპლინის ფარგლებში ისწავლება ხელშეკრულებებზე მუშაობა და სხვა). შეიძლება ეს არ არის პროფესიული პრაქტიკა, მაგრამ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს მათ" - განმარტავს პროფესორი.

იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის პროგრამისგან განსხვავებით, ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის პროგრამა სტაჟირებას მოიცავს როგორც აუცილებელ კომპონენტს. ეს არის 30 კრედიტიანი კომპონენტი, რომელიც სამი მოდულისგან შედგება. თითოეული მოდული ამ სახელის ქვეშ კლინიკებს მოიაზრებს. თუ მაგისტრანტი არ გაივლის სამივე მოდულიდან თითო კლინიკას, მაშინ ის სამაგისტრო კურსს ვერ დახურავს.

კლინიკების დირექტორი ანა ხარაიშვილი განმარტავს, რომ აქვთ სამი მოდული, რომელიც გარკვეული კრედიტების კლინიკებს მოიცავს: "სამივე მოდული პრაქტიკული კომპონენტია. გვაქვს პრაქტიკული სამართლის კლინიკა, რომელიც ამერიკის იურისტთა ასოციაციის გრანტით დაიწყო. მაგისტრანტები შედიან საჯარო სკოლებში და სამართლის ტრეინინგებს ატარებენ. არსებობს საადვოკატო კლინიკა, სადაც ჩვენი მაგისტრანტები გადიან საარჩევნო პროცედურებს, დადიან უბნებზე, მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებს სამართლებრივ კონსულტაციას უწევენ და ა.შ. გვაქვს ასევე იურიდიული დახმარების კლინიკა"- აცხადებს ანა ხარაიშვილი და დასძენს, რომ სტაჟირების აღქმას ემსგავსება მეორე მოდულის კლინიკები. უნივერსიტეტს დაახლოებით 15-16 ორგანიზაციასთან აქვს მემორანდუმი გაფორმებული, სადაც მათი მაგისტრანტები სტაჟირებას გადიან. დაწყებული საჯარო დაწესებულებებიდან, სააპელაციო, საკონსტიტუციო და საქალაქო სასამართლოები, აღსრულების ეროვნული ბიურო, პოლიციის აკადემია, პროკურატურა და ა.შ. დამთავრებული კერძო კომპანიებით (კორძაძის საადვოკატო ბიურო, ერისთავის იურიდიული ჯგუფი და სხვა)".

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებიც არ არიან პრაქტიკული კურსის ქონით განებივრებულები. მათ სტაჟირების კუთხით უნივერსიტეტის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

არჩილ დადიანი ამ ფაკულტეტის დეკანის მოადგილეა და ადმინისტრაციულ საკითხებს კურირებს. სამი თვის წინ გადაბარებულ ფაკულტეტის კვლევა და ანალიზი მიმდინარეობს. როგორც არჩილი დადიანი აცხადებს, მათ ბევრი პრობლემა დახვდათ, რომელზეც ახლა მუშაობენ და მათ აღმოფხვრაზე ზრუნავენ. ამ პრობლემებს შორის სტაჟირების საკითხს ერთ-ერთ მნიშვნელოვნად მიიჩნევს. "სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ბევრი პრობლემა აქვს, მათ შორის სტაჟირების საკითხიც. რეალურად არ არის პროგრამა, რომელიც სტაჟირებას ითვალისწინებს. კარგია, როდესაც სტუდენტი აკადემიურ ცოდნას იღებს, მაგრამ ასევევ მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია პრაქტიკული მხარეც. ადმინისტრაცია სამომავლო გეგმაზე მუშაობს, კონკრეტულად ამ პრობლემაზე მუშაობა ჯერ დაწყებული არ არის, თუმცა, იგეგმება თითოეული ფაკულტეტისთვის ცალკეული სტაჟირების პროგრამის შექმნა". მისი ინფორმაციით, კონკრეტული სამოქმედო გეგმა კი 2013 წლის იანვრის ბოლოსათვის იქნება მზად.

ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი შოთა ფალავანდიშვილი პრაქტიკის გავლის შესაძლებლობის არქონას პრობლემურ საკითხად მიიჩნევს. ის ფიქრობს, რომ მედიის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე უნივერსიტეტს მემორანდუმები უნდა ჰქონდეს გაფორმებული სხვადასხვა რადიოსთან, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიასთან. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის შესაძლებლობა არ აქვს, ამბობს, რომ ნებისმიერ სტუდენტს აქვს საშუალება, უნივერსიტეტში არსებული ტექნიკური სტაფი გამოიყენოს. "სტაჟირების პროგრამის უქონლობა საკმაოდ პრობლემატური საკითხია ჩვენთან. უნივერსიტეტს არ აქვს მემორანდუმები გაფორმებული პრესის, ტელევიზიისა და რადიოს სხვადასხვა წარმომადგენელთან. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტში გვაქვს სტუდია. გვყავს მემონტაჟეები და ოპერატორები. გავდივართ კონკრეტულ საგნებს, რომლებიც, ფაქტობრივად, პრაქტიკულ მეცადინეობას ნიშნავს" - აცხადებს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი.
სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary