ქუთაისში სტუდენტები სწავლასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ელოდებიან
ქუთაისში სტუდენტები სწავლასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ელოდებიან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა სწავლის ხარისხთან დაკავშირებულ ხარვეზებზე დაიწყეს საუბარი.
სტუდენტები სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად უნივერსიტეტის რექტორისგან, კომპეტენტური პირებისგან, საჭირო ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. ამ მიზნით 24 იანვარს სტუდენტები სტუდენტური გაერთიანება ,,ალტერნატიული თაობის" თაოსნობით უნივერსიტეტის რექტორ გიორგი ღავთაძესაც კი შეხვდნენ. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, კითხვები დაესვათ რექტორისთვის და პასუხებიც მიეღოთ.

სტუდენტური გაერთიანება ,,ალტერნატიურლი თაობა"" აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 8 ფაკულტეტის სტუდენტებისგან შედგება: საინჟინრო-ტექნოლოგიური, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ჯანდაცვის, საინჟინრო-ტექნიკური, პედაგოგიური, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და აგრარული ფაკულტეტების სტუდენტებისაგან. გაერთიანების მიზანია, საქართველოში სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესება და სტუდენტური თვითმმართველობების სისტემის შეცვლა, სტუდენტებისთვის მათი უფლებების გაცნობა და ამ უფლებების რეალიზებაში დახმარება, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული სტუდენტური ორგანიზაციების ინტეგრაცია სხვა უნივერსიტეტების სტუდენტურ ორგანიზაციებთან და აგრეთვე, საერთაშორისო სტუდენტურ ორგანიზაციებში გაწევრიანებაში დახმარება.

სტუდენტური გაერთიანება ,,ალტერნატიული თაობის" თავმჯდომარე მირიან გეწაძე საუბრობს, რომ მათ მიერ დასმული საკითხები დეკანატმა არასწორად გაიგო. ,,ჩვენ საუბარი არ გვაქვს ლექტორების არაპროფესიონალიზმზე, ამაზე ანარაირი პრობლემა არ გვქონია, ჩვენ რეალურად მხოლოდ ის გვინდა, რომ ლექტორი დაფასებული იყოს, ჰქონდეს მის მიერ უნივერსიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლის შესაბამისი ხელფასი"" - ამბობს მირიან გეწაძე. მისივე თქმით, უნივერსიტეტში პრობლემური საკითხები კი კიდევ უფრო სხვაა, სტუდენტებს არ აქვთ შესაძლებლობა, თეორიული ცოდნა პრაქტიკით გაამყარონ, მოუწესრიგებელია ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, უნივერსიტეტის საბიუჯეტო სახსრები არამიზნობრივად იხარჯება. ,,უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, დაახლოებით, 25 000 ლარის ოდენობით, რომელიც ლაბორატორიების რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა, რეალურად ფუჭად დაიხარჯა. მე სამედიცინო მიმართულების სტუდენტი ვარ, შესაბამისად, ვიყენებ უნივერსიტეტის ქიმიის ლაბორატორიას და შემიძლია, ვთქვა, რომ იქ არაფერი გაკეთებულა. თუკი რაიმეს გაკეთება გვჭირდება, თანხას თვითონვე ვკრებთ" -ამბობს მირიანი.

უნივერსიტეტის სტუდენტები ჩვენთან საუბრისას საკუთარი ვინაობას არ ამხელდნენ. მათი თქმით, პრობლემები აქვთ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით. ,,სწავლის ხარისხი შესაბამისობაში არაა საფასურთან, უფრო მეტიც, საკმაოდ დაბალია. ამის გარდა, უამრავი ფაქტორია ისეთი, რაც ხელს გვიშლის, მივიღოთ ჩვენთვის სასურველი განათლება, ბიბლიოთეკაში სახელმძღვანელოები უხარისხოა, უმეტეს შემთხვევში დახეული და წასაკითხად უვარგისი. ლექტორები ცდილობენ, მოგვაწოდონ ხოლმე საჭირო ლიტერატურა, მაგრამ ელექტრონული ვერსიები საერთოდ არ გვაქვს"" - ამბობენ სტუდენტები. სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი განსხვავებულ აზრს აფიქსირებს, ის ამბობს, რომ სწავლის ხარისხი სულაც არ არის დაბალი. ბიბლიოთეკაში მრავლად მოიპოვება მისთვის საჭირო ლიტერატურა, როგორებიცაა კოდექსები და არასდროს არ ჰქონია საყვედური სწავლის ხარსხთან დაკავშირებით. პრაქტიკას რაც შეეხება, ის ასახელებს წყაროს, სადაც საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტებს შეუძლიათ საკუთარი თავის აღმოჩენა, ესაა ,,ელსა" , სადაც თეორიული კურსი შეუძლიათ პრაქტიკაში გამოსცადონ, შანსი ეძლევათ, ჰქონდეთ აქტიური სტუდენტური ცხოვრება.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რომ სწავლის ხარისხი დაბალია, ამაზე ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბერში უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს ჰქონდათ გარკვეული პროტესტი. ისინი არსებულ სწავლის ხარისხსა და, ზოგადად, არსებულ სისტემას აპროტესტებდნენ. როგორც ლექტორები ამბობდნენ, სრულიად დაუსაბუთებლად ასოცირებული პროფესორები სალექციო საათების გარეშე დარჩნენ. რექტორატი აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. უნივერსიტეტის რექტორის გიორგი ღავთაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი ასე მწვავედ მაშინ, როცა უნივერსიტეტის პრობლემებს ადმინისტრაცია თავადაც სწავლობს.

რექტორთან შეხვედრისას დღის წესრიგში უნივერსიტეტის ლექტორების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საკითხიც დადგა. ,,ალტერნატიული თაობის"" წარმომადგენლებს და სტუდენტებს აინტერესებდათ უნივერსიტეტიდან 2012 წელს 60 ლექტორის გათავისუფლების საკითხი იყო თუ არა პოლიტიზირებული.

უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი ღავთაძის თქმით, თუ სტუდენტს აღელვებთ სასწავლო პროცესი და მისი ხარისხის გაუმჯობესება, არ უნდა ერეოდნენ იმაში, თუ რა პოლიტიკაა უნივერსიტეტში და არის თუ არა ლექტორების გარკვეული რაოდენობა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული. ,,როცა ,,ალტერნატიული თაობის" წარმომადგენლებთან მქონდა შეხვედრა, მათ პირველი კითხვა უნივერსიტეტის პოლიტიკასთან დაკავშირებით დამისვეს, თითქმის არ იყო განხილული სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა, არც იმაში დავეთანხმები სტუდენტებს, რომ სწავლა უხარისხოა. ეს ყოველივე სიცრუეა. სტუდენტებს სწავლისთვის საკმაო რესურსი აქვთ, ლიტერატურაც საკმაო რაოდენობით არის ბიბლიოთეკაში და ამ კუთხით წლებია მიმდინარეობას მუშაობა, ყველაფერი მოწესრიგებული გვაქვს"" - ამბობს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე.

,,ალრეტნატიული თაობის" თავმჯდომარის მირიან გეწაძის თქმით კი, როცა მათ რექტორთან შეხვედრისას წინა პლანზე წამოწიეს არსებული პრობლემები, ამას ემოციური დატვირთვა მოჰყვა ადმინისტრაციის მხრიდან. პრობლემის გადაჭრის გზები ჯერ კიდევ არ არის, დახვეწის პროცესშია. ,, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პროცესებს რეალური მოქმედებები მოჰყვება. საჯარო შეხვედრის გარდა, ჩვენ რექტორთან პირადი საუბრებიც გვქონდა და მისგან მივიღეთ გარკვეული დაპირებები. გვითხრეს, რომ ყველა ის პრობლემა, რაც სტუდენტებს აწუხებთ, ნელ-ნელა, ეტაპობრივად მოგვარდება, მოწესრიგდება უნივერსიტეტის ლაბორატორიები, გაიზრდება წიგნების მარაგი ბიბლიოთეკაში. სემესტრის დასაწყისში, როცა ჩემთვის, როგორც პირველკურსელისთვის უცხო იყო არსებული პრობლემები, საჭირო ლიტერატურის ქსეროასლების შეგროვებას ორი კვირა მოვანდომე და ვფიქრობ, რომ ეს რეალური პრობლემაა. ჩვენ ჯერ კიდევ პრობლემის მოგვარების მოლოდინში ვართ და თუ ვერ დავინახავთ რეალურ წინსვლას, ჩვენ ურთიერთობის უფრო რადიკალურ ზომებსა და ხერხებს მივმართავთ" - ამბობს მირიან გეწაძე.
სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary