ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდა სტუდენტებს, ჩვეულებრივ, ორ ნაწილად შეუძლიათ (სექტემბერი, თებერვალი), თუმცა, სტუდენტების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს თანხის ამგვარად შეტანას და მათ განცხადებების დაწერა უწევთ სწავლის საფასურის ყოველთვიურ განაწილებაზე. ახალგაზრდებისთვის არცთუ ისეთი მარტივი გადასახდელია თანხის დაგვიანებით შეტანის გამო ჯარიმის გადახდაც.
2012-2013 სასწავლო წლის სწავლის საფასურის გრაფიკით გადახდის თაობაზე განცხადებების მიღების ბოლო ვადა იყო 2013 წლის 18 იანვარი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ლანა ღვინჯილიას თქმით, ის კრიტერიუმი, რომლითაც განისაზღვრება, რომელი სტუდენტის თხოვნა დააკმაყოფილონ, არის ის მიზეზი, რის გამოც ითხოვს განმცხადებელი სწავლის საფასურის გადანაწილებას.
"განცხადების ფორმაში სტუდენტი უთითებს სწავლის საფასურის გადანაწილების მოთხოვნის მიზეზს და ამ კრიტერიუმით ვსაზღვრავთ, თუ რომელი თხოვნა დავაკმაყოფილოთ. უმრავლესობის თხოვნა კმაყოფილდება. დღეისათვის 2 400-მდე სტუდენტს აქვს დამტკიცებული გადახდის გრაფიკი, რაც საერთო რაოდენობის, დაახლოებით, 22%-ს შეადგენს" - ამბობს ლანა ღვინჯილია.
"სწავლის საფასურის შეტანის ვადა თავიდან ორ ნაწილადაა დაყოფილი, მაგრამ არის შესაძლებლობა, სტუდენტმა დაწეროს განცხადება და მოითხოვოს ამ ვადის განაწილება მთელი წლის მანძილზე. თუ სტუდენტს აქვს მნიშვნელოვანი მიზეზი, როგორიცაა სწავლის შეწყვეტის საშიშროება ფინანსური პრობლემების გამო, მაშინ მის თხოვნას დააკმაყოფილებენ" - ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თაკო შანიძე.
"თანხა განაწილებული მაქვს მთელ წელიწადზე, რადგან ჩემთვისა და ჩემი ოჯახისთვის გადახდის ეს ფორმა უფრო მოსახერხებელია. დავწერე განცხადება დეკანის სახელზე, რის შემდეგაც გაფორმდა ხელშეკრულება უნივერსიტეტთან" - ამბობს მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ელენე გვერდელაშვილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ თუ სტუდენტი სწავლის საფასურის შეტანას დააგვიანებს, იგი 20-ლარით ჯარიმდება. "თუ სტუდენტს დამტკიცებული აქვს გადახდის გრაფიკი (10 ნაწილად გადახდა სასწავლო წლის განმავლობაში) და ის მაინც აგვიანებს თანხის შემოტანას, ეკისრება ჯარიმა, რაც საგნების არჩევაში ხელს არ უშლის" - აღნიშნა ლანა ღვინჯილიამ.
ასევეა იმ სტუდენტებისთვისაც, რომლებიც ერთიანად იხდიან სწავლის საფასურს, მაგრამ მათ 20 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 50 ლარიანი ჯარიმა ეკისრებათ.
როგორც "2010 წელსა და 2010 წლის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების სწავლის საფასურის გადახდის წესში" წერია, პროფესიული უმაღლესი და საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები პირველი წლის საფასურს (მთელი სასწავლო წლის საფასურს) იხდიან 1 ოქტომბრამდე. ამ ვადის გადაცილების შემთხვევაში, თუ ისინი დაფარავენ სწავლის საფასურს ორი კვირის ვადაში, დაჯარიმდებიან 50 ლარით. ყველა შემდეგ სასწავლო წელს სტუდენტებს სწავლის საფასური შეუძლიათ, დაფარონ ორ ნაწილად: პირველი სემესტრის საფასური - 15 სექტემბრამდე, მეორე სემესტრის - 1 თებერვლამდე. თუ სტუდენტი დაფარავს სწავლის საფასურს სწავლის დაწყებიდან ორი კვირის ვადაში, იგი დაჯარიმდება 50 ლარით. თუ სწავლის საფასურის დაფარვა დაგვიანდება ორ კვირაზე მეტხანს, სტუდენტებს უჩერდებათ სტატუსი და შეუძლიათ, სწავლა განაგრძონ შემდეგი სემესტრიდან, საფასურის დაფარვის შემთხვევაში.
სტუდენტებს მძიმე ტვირთად აწევთ ჯარიმის გადახდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტის თქმით, მას 2250 ლარის ნაცვლად 2750 ლარი გადაახდევინეს.
"შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, ამიტომ ვერ მოვახერხე თანხის გადახდა და გადანაწილება ვითხოვე, რაზეც მივიღე თანხმობა, მაგრამ ხელშეკრულება ვერ გავაფორმე. ბევრჯერ მივედი, მაგრამ დიდი რიგის გამო ვერ შევედი გასაფორმებლად. ოქტომბერში, რადგან არგუსი გახსნილი მქონდა, ჩავთვალე, რომ ყველაფერი კარგად იყო და ჩვეულებრივ გადავიხდიდი გარკვეულ თანხას ყოველთვიურად" - ამბობს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი თამარ გაბისონია. მან ყოველთვიურად გადახდა ვერ მოახერხა და ამა წლის 20 თებერვალს მთელი სემესტრის თანხა ერთიანად გადაიხადა - "პირველ მარტს, როდესაც არგუსი საგნების არჩევის რეჟიმში ირთვებოდა, აღმოჩნდა, რომ ჩემი არგუსი გამორთული იყო. ფინანსურ განყოფილებაში რომ დავრეკე, მითხრეს, რომ რადგან პირველი სემესტრის საფასური არ მქონდა პატიოსნად გადახდილი, მეორე სემესტრის თანხაც და 500 ლარი ჯარიმა უნდა დამეფარა მთლიანად. წინააღმდეგ შემთხვევაში არგუსს არ ჩამირთავდნენ".
მისივე თქმით, 18 მარტს თანხა სრულად დაფარა. რის შემდეგაც მას უნივერსიტეტის ფინანსური განყოფილებიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ კიდევ აქვს 25 ლარი გადასახდელი. მას შემდეგ, რაც 25 ლარი გადაიხადა, უკვე შეძლებს საგნების არჩევას. თამარ გაბისონიას თქმით, საგნების არჩევა 23 მარტს სრულდება და ამჟამად მისთვის საჭირო საგნებზე აღარ დარჩა ადგილები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო (ბიზნეს) სამართლის ფაკულტეტის სტუდენტის ნინო კვერნაძის თქმით, ჯარიმა რომ არ იყოს, თანხას არავინ გადაიხდიდა, თუმცა, ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა ჯარიმის თანხა ნაკლები ყოფილიყო. მისი აზრით, ეს ჩვეულებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობაა, რომელშიც ჯარიმის თანხა გათვალისწინებულია. ამბობს, რომ პირობითად შეიძლება ვადაგადაცილებულ დღეზე 50 თეთრი იყოს, რაც სტუდენტებს შვებას მისცემდა.
საინჟინრო ფაკულტეტის მეოთხეკურსელ ინგა ჩინჩალაძესაც მიაჩნია, რომ უნივერსიტეტის მიერ სტუდენტის დაჯარიმება არასწორი და უსამართლოა. "გადასახადი, საკმაოდ, დიდია და თუ რომელიმე სტუდენტმა ვერ მოახერხა მისი დროულად გადახდა, ნამდვილად არ უნდა დაჯარიმდეს. გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტს უნდა მიეცეს რაღაც დრო, სანამ მას ბაზა გაეთიშება. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ეს საუკეთესო გამოსავალია" - თქვა ინგა ჩინჩალაძემ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სტუდენტის განცხადების საფუძველზე, უნივერსიტეტის ფაკულტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით სტუდენტს ჯარიმას უხსნიან.