„ძველი წარმოდგენა“ თვითმმართველობაზე თუ პასიური აქტივობა?
03 იანვარი, 2014
„ძველი წარმოდგენა“ თვითმმართველობაზე თუ პასიური აქტივობა? ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თითოეული სტუდენტი, უმაღლესში ჩაბარების პერიოდში გამოცდებით და მეცადინეობით დაღლილი, ფიქრობს, რომ უნივერსიტეტში დახვდება სკოლისგან სრულიად განსხვავებული გარემო, ელოდება მეტ გართობასა და თავისუფლებას. თავის მხრივ, ყველა უნივერსიტეტში, გარდა სწავლა-განათლებისა, სტუდენტური ცხოვრება, სხვადასხვა სახის გასართობი, სპორტული თუ შემეცნებითი აქტივობა მნიშვნელოვან ადგილს უნდა იკავებდეს, რომლის განვითარებაშიც დიდ როლს უნდა თამაშობდეს სტუდენტური თვითმმართველობა.

თეატრალური უნივერსიტეტი - შემოქმედებითი და განსხვავებული ახალგაზრდების სასწავლებელი, სადაც აქტიური და მჩქეფარე გარემო უნდა სუფევდეს და თითოეული სტუდენტი გრძნობდეს და ცხოვრობდეს აქტიური სტუდენტური ცხოვრებით, სამწუხაროდ, სტუდენტების თქმით, ამ თვალსაზრისით არ გამოირჩევა.

დავინტერესდით სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების მოსაზრებით, რამდენად საინტერესო და მრავალფეროვანია თეატრალურ უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრება, კმაყოფილები არიან თუ არა თვითმმართველობის მუშაობით, რა შენიშვნები და მოთხოვნა აქვთ.

„მათ მიერ ორგანიზებულს ვერაფერს ვიხსენებ, იმიტომ, რომ არასდროს მოდის ინფორმაცია ჩვენამდე, ძირითადად, არაფერს აკეთებენ და თუ რამე ღონისძიება გააკეთეს, მხოლოდ მათი მეგობრებისა და ნაცნობების წრეში ხდება ცნობილი და ისინი ღებულობენ მონაწილეობას. ვისურვებდი, რომ უფრო მეტი კონტაქტი ჰქონდეთ სტუდენტებთან, თითოეული ღონისძიება თუ აქტივობა დაგეგმონ და განახორციელონ ჩვენთან ერთად“ - აღნიშნა ტელერადიოჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტმა მარიამ ბენაშვილმა.

„საახალწლო ფართს აკეთებენ მხოლოდ კარგად, მინდა, უფრო აქტიურები იყვნენ შემოქმედებითი კუთხით, მოეწყოს ლიტერატურული საღამოები, შეხვედრა ცნობილ მსახიობებსა და რეჟისორებთან, მწერლებთან. მართალია, რამდენიმე შემთხვევა იყო მსგავსი, მაგრამ ვისურვებდი, უფრო ხშირად და სტუდენტების მეტი ჩართულობით“ - გვითხრა ერთ-ერთმა სტუდენტმა მარიამ ბაზალმა.

„ვისაც აქვს სურვილი, ყველას შეუძლია, ინიციატივით მიმართოს თვითმმართველობას და განახორციელოს თავისი პროექტი, ამის მაგალითი ვარ მე, თვითმმართველობის წევრი არ ვარ, რიგითი სტუდენტი ვარ, მაგრამ თითქმის ყველა პროექტში ვარ ჩართული ჩემი ინიციატივით, მაგალითად, სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“, რომელიც თვითმმართველობის ინიციატივით ხორციელდება, ასევე „ეტიუდების“ საკმაოდ მასშტაბური ფესტივალი. ეს ორივე არამხოლოდ თეატრალური უნივერსიტეტის, არამედ ქალაქის და, ზოგადად, კულტურული ცხოვრების ნაწილია და სტუდენტების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე აღვნიშნავ ერთ-ერთ პროექტს „კინოჩვენება ეროვნულ ბიბლიოთეკაში“, რომელიც დღემდე გრძელდება. ეს პროექტი თეატრალურ უნივერსიტეტსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. კინომცოდნეობის ფაკულტეტის რამდენიმე მეოთხეკურსელი ვამზადებთ და აბსოლუტური თავისუფლება გვაქვს შემოქმედებითი კუთხით“ - განაცხადა კინომცოდნე ხატია მაღლაკელიძემ.

ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტ ქეთა დათუკიშვილს ექსკურსიების საკითხი აწუხებს და ისურვებდა, რომ ბევრად მეტი ეწყობოდეს წლის განმავლობაში და ყველა ფაკულტეტის სტუდენტისთვის.

თვითმმართველობის თავმჯდომარემ თამარ ძოწენიძემ მუშაობა შემდეგნაირად შეაფასა: „ჩვენ გვაქვს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, რომელშიც შედის სავალდებულო ღონისძებები: კულტურული, შემოქმედებითი, სპორტული აქტივობა და საქველმოქმედო ღონისძიებები, ასევე წვრილ-წვრილი პროექტები, რომლებიც სტუდენტების ინიციატივით შემოდის და ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში არ მახსენდება არცერთი პროექტი, რეალური და განხორციელებადი, რომელსაც უარი ვუთხარით დაფინანსებაზე. ჩვენ სტუდენტური თვითმმართველობები გარკვეული პრობლემების წინაშე ვდგავართ იმ თვალსაზრისით, რომ თავად სტუდენტების მხრიდანაც მოდის ერთგვარი პრობლემა უნდობლობის თვალსაზრისით. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა სტუდენტს ხმა მივაწვდინოთ ინტერნეტის საშუალებით, უნივერსიტეტში საინფორმაციო დაფებზე მუდმივად არის გამოკრული განცხადება ამა თუ იმ ღონისძიების შესახებ. ვისაც აინტერესებს, ინფორმაცია დამალული ნამდვილად არ არის, ის აზრი, რომ მხოლოდ მეგობრებისა და საახლობლო წრისთვის კეთდება ესა თუ ის ღონისძიება, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“. თამარ ძოწენიძის თქმით, ისინი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობენ და ფინანსდებიან უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან: „მე, ელემენტარულად, არ მომცემენ მსგავსი კერძო ღონისძიების ჩატარების საშუალებას. მსგავსი აზრი ისევ უცოდინრობითა და ძველი წარმოდგენებითაა განპირობებული“.

სავალდებულო ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელიც თვითმმართველობის ინიციატივით ხორციელდება შემდეგნაირად გამოიყურება: ფესტივალი „ტერფსიქორე“, რომელიც ქორეოგრაფიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კეთდება; „ეტიუდების ფესტივალი“ იმართება დრამის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, მათ აქვთ შანსი, პირველი შესაძლებლობა გამოავლინონ დიდ სცენაზე; სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“, რომელიც ყველაზე მაშტაბური და ცნობილია ფართო საზოგადოებისთვის.

სტუდენტების მოწონებას იმსახურებს და მეტ-ნაკლები ჩართულობით გამოირჩევა, პროექტი „რიჩარტი“, სადაც მიწვეული სტუმარი სემინარს უტარებს დამსწრე საზოგადოებას, პრიორიტეტი პროფესიონალიზმია, ვიდრე მიწვეული სტუმრის ცნობადობა, რადგან საუბარი მაღალპროფესიულ საკითხებზე მიმდინარეობს.

სტუდენტურ დღეებზე თეატრალური უნივერსიტეტი ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას მცირე შემადგენლობით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იმარჯვებენ.

თვითმმართველობის თავმჯდომარე ექსკურსიებზე ახალი ინიციატივის შესახებ გვესაუბრა. 2013 სასწავლო წლიდან, არამხოლოდ დრამის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის, რომლებისთვისაც „გრიმის ცხების“ ტრადიციად ქცეულ ღონისძიებაზე ეწყობა ექსკურსია, არამედ დანარჩენი ფაკულტეტის პირველკურსელებისთვისაც მათი პროფესიიდან გამომდინარე მოეწყო ექსკურსიები და ამ ფაქტის ტრადიციად ქცევას აპირებენ. მისი თქმით, ზოგადად, ყველა კურსის ყველა სტუდენტისთვის ექსკურსიების მოწყობა არათუ წელიწადში რამდენჯერმე, არამედ ერთხელაც კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამის საშუალება სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ უნივერსიტეტს არ აქვს.

სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary