აუტიზმის ცენტრი ილიაუნში 3 წელია არსებობს. ის 2010 წლის მაისში საქართველოს აუტიზმის ასოციაციასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად ამოქმედდა. "ჩვენ არ ვიცოდით, რომ ამდენი აუტისტური სპექტრის ბავშვი იყო საქართველოში და ცენტრის გახნის აუცილებლობა სწორედ ამან გამოიწვია" - გვითხრა ცენტრის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა სოფიკო კერესელიძემ.
მან კალიფორნიის შტატში თავად მიიღო გამოცდილება. "როდესაც ჩემს შვილს აუტიზმის ნიშნები შევამჩნიეთ, კალიფორნიის შტატში აღმოვაჩინეთ ცენტრი, სადაც ნიკოს მეც დავყვებოდი და ვსწავლობდი, როგორ უნდა მემეცადინებინა დამოუკიდებლად. როდესაც თბილისში დავბრუნდი, მივხვდი, მარტო ვერ ვამეცადინებდი. დავიწყე სხვა მშობლების ძიება. თავიდან ვიფიქრეთ, რომ ერთმანეთის შვილებთან უფრო ეფექტურად ვიმუშავებდით, ძალიან რთულია მშობლისთვის, როდესაც გაწეულ უზარმაზარ შრომაზე ბავშვი არ გპასუხობს ადეკვატურად. სხვა მშობლებმა შედეგი რომ ვერ ნახეს, ხელი ჩაიქნიეს. სულ სამჯერ მოვიდნენ. მივხვდი, რომ ასე არაფერი გამოვიდოდა და დავიწყეთ რესურსების მოძიება, როგორ დაგვეარსებინა მსგავსი ცენტრი".
ილიაუნისა და პორტიჯის ასოციაციის წყალობით დაახლობით ათი ბავშვის მიღება გახდა შესაძლებელი. "თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ეს იყო ყველაზე ნათელი წერტილი. პორტიჯის ხელძღვანელს ნინო ცინცაძეს ვუთხარი, რომ ნანახი მქონდა ინტერვენციის ასეთი მეთოდი, რომელიც ძალიან ეფექტური იყო და გულისხმობდა კვირაში 40 საათით მეცადინეობას. ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი რესურსი იმიტომ, რომ 3 საათში ერთხელ ასეთ მეცადინეობას ვერ უძლებს ერთი თერაპევტი, უნდა ხდებოდეს მათი მონაცვლეობა. ამისთვის კადრების აღზრდა იყო საჭირო და გადავწყვიტეთ, რომ ილიაუნის ფსიქოლოგიის მიმართულებაზე შექმნილიყო ასეთი მოდული აუტიზმის სახელწოდებით. ამ ყველაფერში ძალიან დაგვეხმარა უნივერსიტეტი" - აღნიშნა სოფიკო კერესელიძე.
ცენტრის მუშაობის ფარგლებში აქ ყოველწლიურად 15-20 სტუდენტი გადის საწარმოო პრაქტიკას. როგორც ჩვენთან საუბრისას აუტიზმის ცენტრის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა აღნიშნა, თეორიულ კურსებზე, თუ თარგმანზე სტუდენტებთან ერთად ხდებოდა მუშაობა და მათ ერთად ჩამოაყალიბეს ცენტრი.
აუტიზმის ცენტრი ამერიკული ანალოგით შეიქმნა. "ჩვენ ძალიან ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად მიახლოებული ყოფილიყო იმ ცენტრთან, რომელშიც ნიკო დადიოდა კალიფორნიის შტატაში. ეს იყო უნივერსიტეტთან არსებული, გამოყენებითი ქცევის ანალიზის მეთოდით ატარებდნენ ინტერვენციას. ეს იყო ყველაზე ეფექტური ჩემი შვილისთვის და არა მარტო. იქ ვნახე უამრავი მშობელი, რომელიც სხვადასხვა ცენტრიდან იყო მოსული და ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ ის დრო, რაც სხვაგან იარეს, დაკარგულია მათი ბავშვებისთვის. აქედან გამომდინარე, როდესაც ვნახე, რომ ერთ თვეში შედეგი უკვე იყო, გადავწყვიტე მისი ანალოგი შექმნილიყო" - აცხადებს სოფიკო კერესელიძე.
ცენტრს ყოველწლიურად სტუმრობენ ამერიკელები, რომელთა დამსახურებაცაა ინფრასტრუქტურის შექმნა. ასევე მათთანაა დაკავშირებული საზაფხულო სკოლა, სადაც სტუდენტები, ბავშვები, თუ მშობლები ბევრ რამეს სწავლობენ.
ცენტრში სულ 3 კლინიკური დირექტორი, 5 სუპერვაიზერი, 8 ლიდერ თერაპევტი და 10 თერაპევტი მუშაობს. მათთან 29 ბავშვი თანაბრადაა განაწილებული და თითოეულთან მათი პროგრესისა თუ რეგრესის მიხედვით ხდება ინდივიდუალური მიდგომა.
თუ სახელმწიფოს მხრიდან მოხდება დაინტერესება, ეს არა მარტო ცენტრისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ვინაიდან აუტიზმის ადრეული გამოვლენა, დაახლოებით 50%-ში სრულ განკურნებას ნიშნავს.
ქეთი 20 წლის არის და ილიაუნის ფსიქოლოგისის ფაკულტეტის სტუდენტია. "მიხარია, რომ ილიაუნის დახმარებით გაიხსნა ეს ცენტრი და გარდა იმისა, რომ ამ ბავშვების დახმარება ხდება, აქ ჩვენი სტუდენტები გადიან პრაქტიკას, რაც მათთვის ძალიან ბევრის მიმცემია. ვიმედოვნებ, რომ მეც მომეცემა ამის საშუალება".
"ვფიქრობ, რომ ეს არის ცენტრი, რომლიც ამ ბავშვებსა და მათ მშობლებს ძალიან ეხმარება. არა მარტო ამ ბავშვების ინტეგრაციას ახდენს, არამედ უზარმაზარ შრომას უწევს მათ მშობლებსაც. ვიცი, რომ ძალიან პატარა ფართი აქვთ, რის გამოც ვერ ხერხდება უფრო მეტი ბავშვის მიღება და კარგი იქნება, თუ სახელმწიფო რამენაირად გაუწევს მათ დახმარებას" - ამბობს 19 წლის მარიამი, რომელიც მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტია.
პაყდაყ ლოანს