თეატრალური უნივერსიტეტი - დიდი გეგმები, მცირე ფინანსები
18 იანვარი, 2014
გალერეა
თეატრალური უნივერსიტეტი - დიდი გეგმები, მცირე ფინანსები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი ორ სასწავლო კორპუსშია განთავსებული: რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირზე. ორივე შენობა მე-19 საუკუნისაა და, შესაბამისად, უამრავი ინფრასტრუქტურული პრობლემა აქვს. შენობის გარდა, უნივერსიტეტში სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობაც შეინიშნება.

როგორც რექტორი გოგი მარგველაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს: „საჭიროა მთლიანად შენობის რეაბილიტაცია, ამ შენობას სჭირდება საფუძვლიანი კაპიტალური სამშენებლო სამუშაოები, განახლება მთელ საკომუნიკაციო სისტემას. გარდა სახურავისა და ფასადისა, რომელიც შარშან მერიის პროგრამით შევაკეთეთ“.

სტუდენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მრავალი მიმართულებით, როგორიცაა: კონკრეტულ ფაკულტეტებზე ტექნიკური აღჭურვილობის არქონა, მეორე კორპუსში მოუწესრიგებელი საფირფარეშოები, აუდიტორიების, სკამების, მერხების არაკომფორტულობა, ბუფეტის არქონა, პირველი კორპუსის გათბობის სისტემა, ცარიელი და გაყინული ბიბლიოთეკა. ამასთან, სტუდენტთა გარკვეული ნაწილი ძვრას ხედავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში ყველა პრობლემა მოგვარდება.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტ სალი კიპაროიძის თქმით: „მე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ. მე და ჩემს ჯგუფელებს ძალიან გვაწუხებს საჭირო ტექნიკის არქონა უნივერსიტეტში, რაც გვესაჭიროება სასწავლო პროცესში, დავალებების შესასრულებლად და იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში ეს პრობლემა მოგვარდება, რადგან რამდენი ფაკულტეტისთვის უკვე შეძენილია ტექნიკა“.

როგორც ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტი თეკლა ქაროსანიძე ამბობს ჩვენთან საუბარში: “მე ყველაზე მეტად ბიბლიოთეკის საკითხი მაწუხებს, გარდა იმისა, რომ პირობებია ცუდი და ზამთარში ცივა, ბევრი საჭირო წიგნი არ არის, ინტერნეტით სარგებლობაც შეუძლებელია“.

“ბუფეტი მინდა, რომ იყოს ორივე კორპუსში და წესიერი გათბობა მოწესრიგებულ აუდიტორიებში, პირველ კოპრუსში სველი წერტილები გააკეთეს და, როგორც ვიცი, მეორე კორპუსშიც აპირებენ“ - აღნიშნავს სტუდენტი ბექა ჯიქურაშვილი.
უნივერსიტეტის კანცლერის ზაზა აბულაძის თქმით: „რეალურად უნივერსიტეტს ინფრასტრუქტურული პრობლემა ბევრი აქვს, რაც გამოწვეულია ფინანსების არქონით“.

გასულ წელს კულტურის სამინისტრომ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო უნივერსიტეტს, რითაც კინოტელეფაკულტეტი მთლიანად აღიჭურვა სასწავლო პროცესისთვის საჭირო უახლესი ტექნიკით.

გოგი მარგველაშვილის თქმით, კინოფაკულტეტზე მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით მკვეთრად გაუმჯობესებულია. მის სარგებლობაში უკვე არის 6 კეთილმოწყობილი სამონტაჟო, კულტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი გრანტით შეძენილია საუკეთესო აპარატურა მთელი თავისი კომპლექტაციით: „ასევე გვაქვს უზარმაზარი სივრცე, სადაც აუდიტორიები და პავილიონები უნდა განთავსდეს, ასევე კინოსაპროდუქციო სასწავლო დარბაზი, ახლა ხმის ჩამწერი სტუდია კეთდება. ეს ყველაფერი მუშაობის პროცესშია, ის თანხა, რომელიც გამოყვეს, სამუშაოების პირველი ეტაპის ჩატარებას მოხმარდა, ახლა საჭიროა მეორე ეტაპი და უკვე მესამე ეტაპი იქნება დამამთავრებელი“.

წელს კულტურის სამინისტრო კვლავ გეგმავს გარკვეული თანხის გამოყოფას კინოტელეფაკულტეტის საბოლოო, საფუძვლიანი აღჭურვისთვის. როგორც ზაზა აბულაძე აღნიშნავს: “შემიძლია ვთქვა, რომ წლის ბოლოს კინოტელეფაკულტეტი იქნება იდეალურ მდგომარეობაში. აქამდეც დიდ კონკურენციას უწევდა სხვებს ჩვენი უნივერსიტეტი თავისი ფილმებით, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე, მით უმეტეს, უკვე ახალი ტექნიკით ძალიან კონკურენტული ფაკულტეტი იქნება“.
გასულ წელს განხორციელებული მეორე მნიშვნელოვანი პროექტია ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრ „სპარტაკის“ რეაბილიტაცია, რომელიც პირველი კორპუსის შენობაშია. ის ბოლო 15 წელია აღარ ფუნქციონირებს.

რექტორის ინფორმაციით, თბილისის განვითარების ფონდის დაფინანსებით, სასწავლო თეატრი მოვიდა თანამედროვე თეატრის ფორმაში. სამუშაოები უკვე უახლოვდება დასასრულს, მაგრამ საგულისხმოა, რომ მერიის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ სამუშაოებში არ შედის ის კომუნიკაციები, რაც აუცილებელია თეატრის ფუნქციონირებისთვის: სავენტილაციო და ელექტრო-საკომუნიკაციო სისტემა, სცენის საფარი, დარბაზი, განათებისა და ხმის სისტემა, კულისები, საგრიმიოროები და მთელი ის ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა თეატრის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. საბოლოოდ, აღსაჭურვად და დასრულებული სახის მისაცემად, ცალკე თანხაა მოსაძიებელი. რეალურად მალე მთავრდება სარემონტო სარესტავრაციო სამუშაოები, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და რესტავრაციაც საჭირო იყო. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი შესაძლოა უკვე ცალკე გრანტად გამოიყოს დარჩენილი სამუშაოების ჩასატარებელი თანხა, მაგრამ ეს ინფორმაცია (ცალკე გრანტის გამოყოფ) ჯერ დაზუსტებული არ არის.

გოგი მარგველაშვილი ბიბლიოთეკების საკითხს გამოყოფს: „აღსანიშნავია, რომ გარკვეული პრობლემები არის ორივე კორპუსის ბიბლიოთეკებში, ჯერჯერობით ისინი აკმაყოფილებენ ფუნქციონალური მინიმუმის დონეზე არსებულ მოთხოვნებს, მაგრამ დღეს ეს არ არის საკმარისი, საჭიროა, ისინი მოვიყვანოთ იმ მდგომარეობაში, რომელიც უპასუხებს დღევანდელ მოთხოვნებს - დაწყებული ბიბლიოთეკის იდეიდან დამთავრებული მისი ტექნიკური აღჭურვით“.

ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა პირველ კორპუსში გათბობის სისტემის არარსებობა. აუდიტორიები თბება კონდინციონერების საშუალებით, რაც მძიმე ტვირთად აწვება უნივერსიტეტის ბიუჯეტს - ელექტროენერგიის გადასახადი ძალიან ბევრია. ზაზა აბულაძის ინფორმაციით, ქალაქ თბილისის განვითარების ფონდი აპირებდა ცენტრალური გათბობის გაყვანას, მაგრამ შემდეგ ფინანსების არქონის გამო უარი თქვეს.

რექტორის განმარტებით: „აუცილებლად მოსაწესრიგებელია ცენტრალური გათბობის საკითხი. ეს საქმე იმდენად დიდ თანხასთან არის დაკავშირებული, სამწუხაროდ, ალბათ, 2014 წელს ამ პრობლემას ვერ გადავჭრით“.

სტუდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს ბუფეტს. კანცლერის განმარტებით, უახლოეს მომავალში იგეგმება ბუფეტის საკითხის მოგვარება: “რამდენიმე წლის წინ ჩვენ გვქონდა ბუფეტი, ფართი გვქონდა გაცემული იჯარით, ბევრი პრობლემა წარმოიშვა სამართლებრივ-იურიდიული კუთხით, შარშან გავგზავნეთ მოთხოვნა სამინისტროში, რომ ეს ფართი კვლავ გაიცეს იჯარით და იქ გაიმართოს ბუფეტი, ალბათ, მოვა დადებითი პასუხი და გავაკეთებთ“.

ზაზა აბულაძის ინფორმაციით, პირველ კორპუსში იგეგმება უნივერსიტეტის შემოსასვლელი ჰოლის სავიზიტო ბარათად ქცევა. დიზაინში ისეთი ელემენტებია გათვალისწინებული, რომ შენობაში შესვლისთანავე მისახვედრი იქნება, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში ხარ. დიზაინის პროექტი გაკეთებულია და სწორედ ამ პროექტის ნაწილია ბუფეტიც. ეს პროექტი შარშან უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ თანხის არქონის გამო გადაიდო და უკვე წელს იგეგმება მისი დასრულება.

ზემოხსენებული ინფრასტრუქტურული ცვლილებების მთელ მოცულობას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აფინანსებს კულტურის სამინისტრო. უფრო მცირემასშტაბიან პროექტებს კი უნივერსიტეტი საკუთარი ხარჯით აგვარებს.

ეტაპობრივად მიმდინარეობს აუდიტორიების შეკეთება და ახალი ინვენტარით მომარაგება. პირველ კორპუსში უნივერსიტეტის რესურსის გამოყენებით მოწესრიგდა საფირფარეშოები. რაც შეეხება მეორე კორპუსის ეზოსა და საფირფარეშოების საკითხს, სამუშაოები უკვე დაწყებულია, ამ წელს ეს პრობლემა აღმოიფხვრება.

რექტორის თქმით, 2014 წელს ყველაზე დიდი, მნიშვნელოვანი, აუცილებლად განსახორციელებელი და პრიორიტეტული კინოფაკულტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურის ბოლომდე მოწესრიგება, სასწავლო თეატრ „სპარტაკის“ მწყობრში ჩაყენება და საბიბლიოთეკო სისტემის გაუმჯობესებაა.

სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary