ახალგაზრდების თვალით დანახული უკრაინის კრიზისი
05 მარტი, 2014
სანამ პარტია "УДАР"-ის ლიდერი ვიტალი კლიჩკო უკრაინელებს მოუწოდებს, პროვოკაციებს არ აჰყვნენ, აშშ-ს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს ეკონომიკური სანქციების დაკისრებით ემუქრება, „დიდი შვიდეულის ქვეყნები“ რუსეთის ფედერაციას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისაკენ მოუწოდებენ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კი უკრაინის მხარდამჭერ აქციებს მართავენ, რუსეთი საუკუნოვან სახელმწიფო სტრატეგიას აგრძელებს: შეინარჩუნოს პირდაპირი გავლენა შავი ზღვის სანაპიროზე.

რუსული პროვოკაციის შედეგები უკრაინაში: დაღუპულია 94 ადამიანი. ყირიმში პროდასავლური კურსის მომხრე ახალგაზრდებს სირცხვილის კორიდორში ცემით მიათრევენ. სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის (ხარკოვი, დონეცკი, დნეპროპეტროვსკი, ოდესა, სიმფეროპოლი, სევასტოპოლი) პოზიციები რადიკალურია - „არა უკრაინულ ნაციზმს“; „არა ფაშიზმს“ - ისინი რუსეთს დახმარებას სთხოვენ. რუსეთი უკრაინას სამხედრო მოქმედებების დაწყებით ემუქრება.
განმეორდება თუ არა გასული საუკუნის 20-იანი წლები? რა გავლენა ექნება პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე უკრაინაში განვითარებულ სცენარს?

მარინა იევსუკოვა, 24 წლის, ასწავლის ინგლისურს ლუჰანსკის რეგიონის კერძო სკოლაში. მიაჩნია, რომ უკრაინის ახალ ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ლიდერებს გადაწყვეტილებების მიღებამდე განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ: „შეშფოთებული ვარ ქვეყანაში არსებული ვითარებით. ლუჰანსკი სამრეწველო რეგიონია და ეკონომიკის განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს. ინდუსტრიული წარმოების დიდი ნაწილი კი რუსეთზეა დამოკიდებული“. მისი თქმით, ადგილობრივებს ქარხნების დახურვისა ეშინიათ, რაც მათ პოლიტიკურ ხედვაზეც აისახება. ხელისუფლებისაგან ბრძნულ გადაწყვეტილებას ელოდება: “აუცილებელია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნება, რადგან წარმოებული პროდუქციის ექსპორტირება სწორედ რუსეთის ბაზარზე ხდება. თუმცა, ისიც მესმის, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ევროკავშირთან. ვიცი, რომ უკრაინის ხელისუფლებას ამ ორი მიმართულებით ძალიან მძიმე „მუშაობა“ მოუწევს, მაგრამ უკრაინის სრულფასოვანი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ურთიერთების შენარჩუნება, როგორც რუსეთთან, ისე ევროკავშირთან“.

შავი ზღვიდან 30-კილომეტრში...

სტანისლავ სტოიანოვი, 25 წლის, მუშაობს საბროკერო კომპანია FOREX-ში. ფიქრობს, რომ რუსეთი უკრაინას გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების საშუალებას არ მისცემს: “თუკი უკრაინა თავისას „გაიტანს“, რუსეთი „შიშველი“ დარჩება, ამიტომ პუტინი ყველა ღონეს იხმარს უკრაინის „საბაჟო კავშირში“ გასაწევრიანებლად“. სტანისლავს მიაჩნია, რომ მსოფლიო საერთაშორისო დონეზე რუსეთის იზოლაციას შეძლებს, მაგრამ უკრაინაში ვითარება ყირიმით თუ ყირიმის გარეშე, მაინც არასტაბილური დარჩება. იგი უკრაინისა და რუსეთის დაპირისპირებას რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებას ადარებს: “საქართველოც უკრაინის მსგავსად, ე.წ. ბუფერულ ზონას წარმოადგენს რუსეთისათვის. საქართველო რუსეთს, შესაძლოა, გაზსადენების გასაყვანად სჭირდება. თავისი პოზიციების გასამყარებლად სეპარატიზმთან დაკავშირებულ პრობლემებს კარგად იყენებს. უკრაინაშიც, როგორც საქართველოში, მიმართავს პასპორტების დარიგების ძველ მეთოდს, რათა შემდგომ გაამართლოს რუსული ჯარების შეყვანა. რაც შეეხება ჯარს, საქართველოსთან ომის შემდეგ რუსეთმა საგრძნობლად გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი და ახლა კარგად აღჭურვილი სამხედრო პერსონალი ჰყავს“. მისი თქმით, რაც ბულგარეთის ხელისუფლების სათავეში სოციალისტური მთავრობა მოვიდა, მას შემდეგ რუსეთის პოზიციები ეკონომიკური თვალსაზრისით, ძლიერდება და მყარდება. იგი ბულგარეთს ევროპაში არსებულ რუსულ „ტროას ცხენსაც“ კი უწოდებს.

პოსტსაბჭოთა ქვეყნის ახალგაზრდები რუსეთის ფედერაციის რუტინას გრძნობენ, რის მიზეზადაც ეკონომიკურ დამოკიდებულებას ასახელებენ. მათი აზრით, სწორედ ეს დამოკიდებულება-საჭიროება განაპირობებს რუსეთის, როგორც აგრესორი ქვეყნის არსებობას. მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა, მომავალი თაობა თანხმდება, რომ პრობლემების მშვიდობიანად მოგვარება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება.
სხვა სტატიები
თითოეული ინდივიდის ცხოვრებაში დგება დრო, როცა სურს, გააღწიოს ერთფეროვანი სამყაროდან, ურთიერთობებიდან, კანონებიდან და სურვილის, უნარის, მოტივაციის შესაბამის კარიერაზე დაიწყოს ფიქრი. გადაწყვეტილება, თუ რა პროფესიით გააგრძელებს ადამიანი ცხოვრებას ძალიან რთული მისაღებია და ამ მხრივ ყურადღებას რამდენიმე ორიენტირი იქცევს. ურბანული ცხოვრებისა და სხვადასხვა სამუშაო სფეროს განვითარებამ, ტექნოლოგიური პროგრესის გავლენით სამუშაო ძალის მოდერნიზაციამ ადამიანს მისცა შესაძლებლობა გარკვეული როლი შეასრულოს მუდმივად ცვალებად სამყაროში და აქტიურად გამოიყენოს საკუთარი უნარები შრომის ბაზარზე. არჩევანი დიდია, სამყარო მრავალი წვრილი და მსხვილი ფუნქციის მატარებელი ნაწილებისგანაა აგებული.
სრულად
ისეთ სახელმწიფო სისტემაში, სადაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ალბათ, თითოეულ აქ მცხოვრებ ადამიანს აქვს სურვილი საკუთარი სატკივარი გაუზიაროს აუდიტორიას. სამწუხაროდ, ჩვენს სამშობლოში ასეთი სატკივარი თუ პრობლემები იმდენად უხვადაა, რომ ამორჩევაც არ საჭიროებს დიდი აზრის დატანებას.
სრულად






Carpet Cleaning Calgary