ძალიან ძნელია არ იყო პოლიტიზებული როდესაც მოსახლეობის უმრავლესობის ერთადერთ განსახილველ თემად პოლიტიკა იქცა, მასმედიაც კარგად უწყობს ამას ხელს - გიორგი ბალახაძე, თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი.
ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში აქტიურობას სოციალურ პრობლემებში ვხედავ. საზოგადოების დიდი ნაწილი საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობს და მგონი უმუშევრობა უნდა იყოს პოლიტიზაციის ასეთი მაღალი დონის მიზეზი - თედო ტონია, თსუ, ეკონომიკისა და ბიზნესის, III კურსი.
ძნელია დღეს საქართველოში იყო აქტიური ახალგაზრდა მოქალაქე და გაექცე პოლიტიკას, თუმცა, გააჩნია ამ ტერმინს როგორ გავიგებთ. როგორც წესი, პოლიტიზება იმ გაგებით, რომ აქტიურად ადევნებდე თავლ-ყურს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და კონტროლს უწევდე შენი მხრივ ხელისუფლებას, საკმაოდ ჯანსაღია. ჩემი აზრით, მოქალაქის მხრიდან ნეიტრალურობა, ანუ არაპოლარულობა და მიუკერძოებლობა, ყველაზე მეტად არგებს სახელმწიფოს, რადგან ეს უკანასკნელი არის უმაღლესი ინსტიტუცია და მაღლა დგას ნებისმიერ პარტიულ ინტერესზე. მე ამ პოზიციაზე ვიმყოფები და ვცდილობ არ დავარღვიო ეს წონასწორობა - ზვიად აძინბაია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკური მეცნიერების III კურსი.
პოლიტიზებული აზროვნება, ყველა საკითხის (მათ შორის პირადი უიღბლობის) პოლიტიკასთან დაკავშირება, საზოგადოების "შენიანებად" და "სხვებად", "იმისტებად" და "ამისტებად" დაყოფა, "პროფესიონალი ექსპერტების" "პროფესიონალური" შეფასებებით აჭრელებული სოციალური ქსელები, პოლიტიზებული სტუდკავშირები, საზოგადოებაში თვითიდენტიფიკაციის განმსაზღვრელ ფაქტორად ქცეული პოლიტიკური ორიენტაცია - ეს ის მცირე ჩამონათვალია დღევანდელი ახალგაზრდობის პრობლემათა იმ მთავარი საკითხის, რასაც პოლიტიზირებული ახალგაზრდობა ჰქვია. აღნიშნული პრობლემა ასეთი სიმწვავით არ დადგებოდა საზოგადოების დღის წესრიგში, რომ არა ხშირ შემთხვევაში მისი აგრესიული გამოვლინებებისა და შედეგების არსებობა და მტრულად ქცეული საზოგადოების დამახინჯებული აზროვნების ჩამოყალიბება.
მიუხედავად იმისა რომ ამ პრობლემამ თავისი აქტუალობა განსაკუთრებით თანამედროვე ქართულ ახალგაზრდობაში შეიძინა, მისი წარმოშობის მიზეზები ბევრად უფრო ადრეა გასაანალიზებელი. ქართული უნივერსიტეტების დღევანდელი სტუდენტური თვითმმართველობები სხვა არაფერია, თუ არა საბჭოთა საქართველოს კომკავშირების თანამედროვე გაუმჯობესებული ვერსია. თუ ევროპისა და ამერიკის ქვეყნების უნივერსიტეტთა უმრავლესობაში სტუდენტური თვითმმართველობები, ეს ის მნიშვნელოვანი წარმატებული ბერკეტი და ორგანოა, რომელიც აქტიურად იცავს სტუდენტთა უფლებებს და ემსახურება მათი ინტერესების გატარებას, საქართველოში რატომღაც მკვეთრად იცვალა თავისი დანიშნულება და დღესდღეობით, რასაც მათ ნამდვილად ვერ დავუკარგავთ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისა და მათი იდელოგიის ერთგული სამსახურია, რასაც თავის დროზე საბჭოთა საქართველოში ასევე წარმატებით ახორციელებდა პატრიული კომკავშირი. ამას ის პრობლემაც ემატება, რომ ბევრი ახალგაზრდისათვის სტუდენტური თვითმართველობა კარიერული "წინსვლის" დაწყების ერთგვარ მნიშვნელოვან ასპარეზად იქცა, სადაც ერთგულად გაწეული სამსახურისთვის გულუხვად აჯილდოებენ მომავალი კარიერული დაპირებებით. ამიტომაც მთავარ დანიშნულებადაკარგული სტუდკავშირებად ქცეულ სტუდენტურ თვითმმმართელობებს ძნელია მოსთხოვო საერთო სტუდენტური იდეების ინტერესების გატარება და განხორციელება. უკვე შემდგომში საბჭოთა დამახინჯებულმა აზროვნებამ თავისი მნიშვნელვანი როლი ითამაშა ქართული საზოგადოების და ახალგაზრდობის სხვა თაობებშიც.
სტუდენტურ გაერთიანებებში აქტიური ჩართვა საქართველოში ბოლო ათწლეულის მანძილზე მომავალი კარიერის უზრუნველყოფის ერთგვარ გარანტად იქცა. ლიდერობაში თავისთავად ცუდი არაფერია, მაგრამ ჩვენთან სტუდენტი ლიდერები ვერ ყალიბდებიან იმ ძალად, რომელიც რეალურ კონტროლს გაუწევს და დაუპირისპირდება სისტემის მანკიერ მხარეებს. ამ ტრადიციამ ფესვები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში გაიდგა. ჯერ კიდევ მაშინ ე.წ. "კომკავშირელი აქტივების" ჩამოყალიბების შემდეგ ახალგაზრდები აქტიურად ჩაებნენ პარტიის სამსახურში, რომელიც ნათელ და დიად მომავალს სთავაზობდა. სამშობლოს "ღირსეული" მომავლის შენებაში ჩართული მსგავსი ახალგაზრდების დიდი ნაწილი კი სარფიანი და წარმატებული ჩინოვნიკის კარიერას იკეთებდა. შემდგომში ამ ახალგაზრდების ნაწილს 90-იან წლებში ეროვნული მოძრაობის სახელითა და იდეებით გაერთიანებული მოძრაობა დაუპირისპირდა, რომელთაც დემოკრატიულ, ცივილიზებულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრების მძაფრი სურვილი ამოძრავებდათ.
ე. წ. 90 - იანებმა და ამ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, პოლიტიკური ძალების მიერ არასწორად გატარებულმა ნაადრევმა და გაუაზრებელმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა ძალაუნებურად ჩააბა გამოუცდელი ახალგაზრდობა ეროვნულობისა და დამოუკიდებლობისათვის გაერთიანებული პოლიტიკური ტიპის მოძრაობებში. ქართველმა ახალგაზრდობამ მიიღო დიდი გამოწვევა გამხდარიყო მნიშვნელოვანი საყრდენი ახალგაზრდა, დამოუკიდებელი, დემოკრატიულ ღირებულებებზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში, თუმცა, ამ შემთხვევაშიც ვერ ვიტყვით, რომ საზოგადოება მომზადებული შეხვდა ამ გამოწვევას და მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. საბჭოთა ცნობიერებამ, დამახინჯებულმა პოლიტიკურმა აზროვნებამ, დამოუკიდებელი სახელმწიფოს და დემოკრატიის არქონის გამოცდილებამ, მნიშველოვანი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა საზოგადოებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკური აზროვნების სწორედ წარმართვის პროცესში.
იმისათვის, რომ პრობლემის ცალსახად შემფასებლების როლში არ აღმოვჩნდეთ და იგი მხოლოდ თანამედროვეობის პრობლემად არ ჩავთვალოთ, ასევე შევძლოთ პრობლემის გადასაჭრელი ეფექტური გზები შევიმუშაოთ, უნდა გავაანალიზოთ საზოგადოების როლი ახალგაზრდების პოლიტიზებულობის პრობლემის წარმოქმნაში. დღევანდელი ახალგაზრდობა იმ მწვავე პრობლემებითურთ, რაც დღესდღეობით განხილვის საგანია, არის ერთგვარი შედეგი თავად ასევე უსაზღვროდ პოლიტიზებული საზოგადოებისა. ამიტომაც, შედეგად ამ ტიპის საზოგადოების ახალგაზრდული ნაწილისთვის რომელიმე პოლიტიკური პარტიის იდეოლოგიის გაზიარება საზოგადოებაში დამკვიდრების ერთ-ერთი მნიშნელოვანი ატრიბუტია. ამ საზოგადოებაში ნეიტრალურ პიროვნებებს ხშირ შემთხვევაში ცინიკურად "შუაშისტებს" უწოდებენ და ეჭვის თვალით უყურებენ. ეს ის საზოგადოებაა, სადაც მკვეთრ ზღვარს ავლებენ "ჩემიანებსა" და "სხვისიანებს" შორის, სადაც აპოლიტიკურობა და "შუაშისტობა" ეჭვის საბაბია. ალბათ, საქართველო ერთ-ერთ მოწინავე რიგებში იქნება იმ ქვეყნებთან ერთად, სადაც მცირეწლოვანი ბავშვიდან დაწყებული, სტუდენტით დამთავრებული, ყველა პოლიტიკური ჩინოვნიკის სახელი და გვარი, თანამდებობა, წარსული თუ აწყმო ზედმიწევნით იციან.
ქართულ ახალგაზრდობას დისკუსიის ფართო სივრცე სოციალური ქსელების "ფეისბუქისა" და "ტვიტერის" საშუალებით აქვს გახსნილი.
ქართულ ახალგაზრდობას დისკუსიის ფართო სივრცე სოციალური ქსელების "ფეისბუქისა" და "ტვიტერის" საშუალებით აქვს გახსნილი.
ერთი შეხედვით კარგად ინფორმირებული ახალგაზრდობის ნაცვლად, არასრულყოფილად და ჯანსაღ კრიტიკულ აზროვნებასა და ანალიტიკას მოკლებულ ადამიანებთან გვაქვს საქმე. ასეთ საზოგადოებაში მეტია საშიშროება, რომ ადვილად შეიქმნას მტრის სახე.
საკუთარი აზრის იდეალურად მიჩნევისა და კრიტიკული აზრის შეუწყნარებლობა - ეს ის ფაქტორებია, რომელიც ხელს უწყობს, უკვე არსებულ, ისედაც პოლიტიზებულ და ხშირ შემთხვევაში დაძაბულ, კონფორნტაციულ გარემოსა და საზოგადოების დანაწევრებას.
სტატიის ავტორები - ლაშა კაციაშვილი, ნანა ივანიაშვილი