ფირუზისფერი ცა, მწვანე ბალახი, კარავი, ღამით კოცონი, მშვიდი გარემო, ალკოჰოლი და, რაც მთავარია, მეგობრები -ზოგისთვის ეს იდეალური გარემოა განტვირთვისა და გართობისათვის.
22 წლის ლევან მჭედლიძე უპირატესობას გართობის სწორედ ამ ფორმას ანიჭებს.
"ძირითადად, მეგობრები ხან ბუნებაში, ხანაც ერთმანეთთან ვიკრიბებით. გართობა ალკოჰოლის გარეშე წარმოუდგენელია. თვეში ერთხელ სადმე ბუნებაში მივდივართ. მოსახერხებელ ადგილას ვშლით კარვებს და ვერთობით" - ამბობს ლევანი.
ლევანსა და მის მეგობრებს თავიანთი მუსიკალური ჯუფიც აქვთ. მათთვის რეპეტიციებიც ერთგვარი გართობაა.
ზოგი კარავში ღამისთევას კლუბში სიარულს ამჯობინებს. დღეს თბილისში კლუბების რაოდენობამ იმატა. კარგი კლუბი ნიშნავს გემოვნებიან მუსიკას, სასიამოვნო გარემოს, დიჯეის და მეგობრებთან ყოფნას.
სტუდენტი მარიამ ქერაული ღამის ცხოვრებით ცხოვრობს. ის ერთ-ერთ ღამის კლუბში მიმტანად მუშაობს და ამბობს, რომ მისთვის ეს სამსახური ერთგვარი გართობის საშუალებაც არის.
"კლუბის კონტინგენტი, ძირითადად, თინეიჯერებისგან შედგება, რომლებიც ღამის ცხოვრებით ცხოვრობენ. ისინი ჩვენი ხშირი სტუმრები არიან. კლუბსაც გააჩნია, მთავარია კარგი შოუპროგრამა და გემოვნებიანი მუსიკა იყოს და მაშინ ტინეიჯერებს უფროსებიც უერთდებიან მუსიკის მოსასმენად" - გვეუბნება მარიამ ქერაული.
მიუხედავად იმისა, რომ მარიამი კლუბში მუშაობს და თითქმის ყოველდღე იქ ყოფნა უწევს, არასამუშაო დღეებშიც მეგობრებთან ერთად კლუბებში სიარულით ირთობს თავს.
თაკო ჯიქიას კი კლუბური გართობა არ იზიდავს, რადგან კლუბური მუსიკა მაინცდამაინც არ მოსწონს. ის მეგობრებთან ერთად ხშირად სტუმრობს კინოთეატრებსა და თეატრებს.
"მეგობრებთან ერთად ხშირად დავდივარ სხვადასხვა საინტერესო ადგილას, სადაც განტვირთვა და დადებითი ემოციით დატვირთვა შეიძლება. კლუბში სიარულს საინტერესო წიგნის კითხვას ვამჯობინებ" - აღნიშნავს თაკო.
მესამე კურსის სტუდენტ თათია შუბაშიკელისა და მისი მეგობრებისათვის გართობა საშინელებათა ფილმების ყურებაა, ამის შემდეგ კი - საღამოობით ბნელ ადგილებში სეირნობა.
"ღამით სასაფლაოებზეც დავდიოდით, სანამ არ გავიგეთ, რომ იქ კატებს კლავდნენ და ასე ირთობდნენ თავს. ჩვენ უბრალოდ შიშის ფაქტორის გამო მივდიოდით, სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით, ვყვებოდით საშიშ ისტორიებსა და იქ ყოფნა გვსიამოვნებდა" - ამბობს თათია.