სტუდენტები და დაკარგული სასწავლო გრანტები
10 სექტემბერი, 2013
2005 წლიდან სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აერჩიათ ის პროფესია, რომელიც მათ სურდათ, საშუალო განათლების საფუძველზე ჩაებარებინათ ერთიანი ეროვნული გამოცდები და აეღოთ სასწავლო დაფინანსება სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლით საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.
თუმცა, 2011-2012 წელს კანონპროექტმა ცვლილება განიცადა. სასწავლო გრანტის 30%-იანი, 50%-იანი და 70%-იანი დაფინანსების მიღების უფლება ჩამოერთვა გარკვეულ დარგებსა და სპეციალობებს, მაგალითად, იურიდიულს, ბიზნესის ადმინისტრირებას (გარდა ტურმიზისა), სამედიცინოს, ჯანდაცვას, მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკას, საერთაშორისო ურთიერთობებს, საჯარო მმართველობას.

ყოველივე ამის მიზეზად კი სახელმწიფოსათვის პრიორიტეტული პროფესიების განვითარება დასახელდა, რის შედეგადაც მოსალოდნელი იყო სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება.

მაგრამ ეს იყო არა მოტივაციის ამაღლება, წახალისება, არამედ იძულება იმ სტუდენტებისა, აერჩიათ არა მათთვის, არამედ სახელმწიფოსათვის პრიორიტეტული პროფესიები უსახსრობის გამო. მათ, ვინც არ დათმო საკუთარი პოზიცია, დღეს სწავლის სრულ გადასახადს იხდის. მათი მაჩვენებელი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საკმაოდ მაღალი იყო.

აღნიშნულ საკითხზე, 2013 წლის 18 მარტს, "საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ" და "დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციამ" მოაწყო შეხვედრა სტუდენტებთან, რომლებსაც აწუხებთ სასწავლო გრანტთან დაკავშირებული პრობლემები.
"მათ ვესაუბრეთ ჩვენი პრობლემების შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ შეიცვალა ხელისუფლება და ჩაიდო დაფინანსება განათლებაში, შესაძლებელი გახდა, რომ გადაიხედოს ჩვენი ნაშრომები და მოგვცენ შესაბამისი დაფინანსება" - აცხადებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნაზი ბაკაშვილი.

"როგორ შეიძლება, ერთ დღესაც გაიღვიძო და აღმოჩნდეს, რომ თურმე ქვეყანას არ სჭირდება ამდენი ექიმი, იურისტი ან ასე შემდეგ. სახელმწიფომ ჩვენი უფლებები დაარღვია, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, სურვილისამებრ აგვერჩია ჩვენთვის პრიორიტეტული პროფესიები. სახელმწიფო გრანტების მოხსნით კი არ უნდა უქმნიდეს რეკლამას საინჟინრო თუ მსგავს პროფესიებს, არამედ მისი საჭიროება და პრიორიტეტულობა ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ მინიმუმ სურვილი გაუჩნდეთ ამ პროფესიის დაუფლებისა" - აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ნანა ბარამია.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტის ნანა ჯანაშიას თქმით, ამგვარი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან, რომელმაც ადამიანებში მიზნების ცვლილება გამოიწვია, საბოლოოდ იმ შედეგს მოგვცემს, რომ ქვეყანას შესაძლებელია, ჰყავდეს ქვეყნისთვის პრიორიტეტული პროფესიის ადამიანები, მაგრამ საკითხავია ის, თუ რამდენად სარგებლიანი იქნება მიზნების ამგვარი ცვლილება, როცა სტუდენტებს ინტერესი აქვთ დაკარგული ამ პროფესიებისადმი.
როგორც "საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის" წარმომადგენელი ნოდარ თათვიძე აცხადებს, მათ სტუდენტებთან ერთად თხოვნით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს, რომ 2011-2012 წლებში სასწავლო გრანტთან დაკავშირებული პრობლემები გაითვალისწინოს და შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც ინდივიდუალურად შეისწავლის 2011-2012 წლებში ჩარიცხული სტუდენტების სამართლიან მოთხოვნას და დაეხმარება მათ პრობლემის მოგვარებაში.

სტუდენტები იმედს იტოვებდნენ, რომ საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო უყურადღებოდ არ დატოვებდა სტუდენტების პრობლემას და მათ თხოვნასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.

ჩვენ 8 აპრილს წერილობითი თხოვნით მივმართეთ საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, რათა მოეწოდებინა ინფორმაცია "საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის" მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. კერძოდ, თუ რა სახის გადაწყვეტილების მიღებას აპირებდა სამინისტრო გრანტებზე და არსებობდა თუ არა, საკმარისი ბიუჯეტი სტუდენტთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

სამწუხაროდ, აღნიშნულ საკითხზე წერილობითი პასუხი არ მიგვიღია რამდენიმე თვის მანძილზე. მხოლოდ 13 ივლისს სატელეფონო ზარის მეშვეობით შესაძლებელი გახდა მიგვეღო შემდეგი სახის ინფორმაცია: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განიხილა აღნიშნული განცხადება, რომლისთვისაც სპეციალურად კომისიაც შეიქმნა, რათა ერთობლივად ემსჯელათ აღნიშნულზე.

მიუხედავად ყველაფრისა, სტუდენტების იმედები არ გამართლდა. კომისიის წარმომადგენლების განცხადებით, არ აქვს სახელმწიფოს საკმარისი ბიუჯეტი ამ სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფარად.

ამ ეტაპზეც გრძელდება სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტული პროფესიების დასახელება, თუმცა, სხვა პროფესიებზე კვლავ გაიცემა 50%-იანი, 70%-იანი და 100%-იანი გრანტები.
სხვა სტატიები
თითოეული ინდივიდის ცხოვრებაში დგება დრო, როცა სურს, გააღწიოს ერთფეროვანი სამყაროდან, ურთიერთობებიდან, კანონებიდან და სურვილის, უნარის, მოტივაციის შესაბამის კარიერაზე დაიწყოს ფიქრი. გადაწყვეტილება, თუ რა პროფესიით გააგრძელებს ადამიანი ცხოვრებას ძალიან რთული მისაღებია და ამ მხრივ ყურადღებას რამდენიმე ორიენტირი იქცევს. ურბანული ცხოვრებისა და სხვადასხვა სამუშაო სფეროს განვითარებამ, ტექნოლოგიური პროგრესის გავლენით სამუშაო ძალის მოდერნიზაციამ ადამიანს მისცა შესაძლებლობა გარკვეული როლი შეასრულოს მუდმივად ცვალებად სამყაროში და აქტიურად გამოიყენოს საკუთარი უნარები შრომის ბაზარზე. არჩევანი დიდია, სამყარო მრავალი წვრილი და მსხვილი ფუნქციის მატარებელი ნაწილებისგანაა აგებული.
სრულად
ისეთ სახელმწიფო სისტემაში, სადაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ალბათ, თითოეულ აქ მცხოვრებ ადამიანს აქვს სურვილი საკუთარი სატკივარი გაუზიაროს აუდიტორიას. სამწუხაროდ, ჩვენს სამშობლოში ასეთი სატკივარი თუ პრობლემები იმდენად უხვადაა, რომ ამორჩევაც არ საჭიროებს დიდი აზრის დატანებას.
სრულად






Carpet Cleaning Calgary