გაცვლითი პროგრამები - გზა წარმატებისკენ
18 იანვარი, 2014
დღევანდელ ახალგაზრდობაში დიდ ინტერესს იწვევს გაცვლითი პროგრამები. საქართველოში, ძირითადად, ორი გაცვლითი პროგრამის პოპულარობა გამოიკვეთა: „Airex“ და “Flex”.

ზოგადად, გაცვლითი პროგრამები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა პოპულარული, მიზანი კი ქვეყნებს შორის კულტურის ურთიერთგავცლა, გამოცდილების მიღება და უცხო ენის გაუმჯობესება იყო. გაცვლითი პროგრამების ორი ტიპი გამოიყოფა: „მოკლევადიანი“ და „გრძელვადიანი“. მოკლევადიანი, იგივე „summer exchange program“, რომლის ხანგრძლივობა ერთი კვირიდან ოთხ კვირამდე გრძელდება. მისი მიზანია მოკლე დროში ადგილობრივი კულტურული აქტივობის გაცნობა, ენის შესწავლა.

გრძელვადიანი პროგრამების ხანგრძლვიობა 6 დან 10 თვემდე გრძელდება, ხშირად თითქმის ერთი აკადემიური წელიც. ამ შემთხვევაში მონაწილეები ცდილობენ, უფრო ღრმად გაეცნონ და სოციალიზდნენ ადგილობრივ კულტურასთან.
„FLEX“ - მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა სკოლის (15-17 წლის) მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას, გაეცნონ ამერიკის კულტურასა და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებთან ერთად ერთი აკადემიური წლის განმავლობაში. ამ პროგრამით საქართველოდან ყველაზე მეტ მოსწავლეს მიეცა საშუალება, ესწავლათ ამერიკის სკოლებში. მარი მანაგაძე სწორედ ამ პროგრამის საშუალებით ეწვია ამერიკის შეერთებულ შტატებს 2010-2011 წლებში. მისი თქმით, მან ამ პროგრამის მეშვეობით ბევრი რამ შეიძინა, პირველ რიგში, უცხო ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილება, ბევრი მეგობარი, გაეცნო სხვა კულტურასა და ცხოვრების წესს, გაიგო განსხვავებული სწავლების შესახებ: „ჩემს სკოლაში მაღალ დონეზე იდგა სპორტი, რამაც საშუალება მომცა, ბევრ აქტივობაში მიმეღო მონაწილეობა, გავწევრიანებულიყავი გუნდში. სკოლაში საინტერესო ღონისძიებები ტარდებოდა, რაც კარგი საშუალება იყო მეგობრების გაცნობის“. მისი თქმით, ამერიკაში კიდევ უფრო მეტად ხდები ლიბერალი სხვა კულტურის მიმართ და განსხვავებულობას უკეთ აღიქვამ. გაცვლითი პროგრამის უარყოფითი შედეგებიდან იხსენებს, რომ ძალიან გაუჭირდა უცხო გარემოსთან შეგუება და კულტურული შოკი ჰქონდა.

თინათინ ერეკლიშვილი 2011-2012 წლებში ეწვია ამერიკას. ის მოხარულია, რომ გახდა “Flex“-ის ოჯახის წევრი, და, რაც ყველაზე მთავარია, გარდა ენის სწავლისა და გამოცდილების მიღებისა, ბედნიერია, რომ მიეცა საშუალება, ამ პროგრამით ამერიკისთვის გაეცნო საქართველო. ეს პროგრამა არის ყოფილ საბჭოთა კავშირის ათი ქვეყნის, მათ შორის საქართველოსთვის განკუთვნილი. საქართველოში პროგრამის კორდინატორია კრისტი მილორავა. მისი თქმით, ეს პროგრამა ახალგაზრდებს ეხმარება კარიერული წინსვლის მიღწევაში და საქართველოში წარმატებულ ადამიანებად დაბრუნებაში. ეს პროგრამა სრულად არის დაფინანსებული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. პროგრამის უმთავრესი მიზანია, ამ ორი ქვეყნის ( აშშ, საქართველო) ახალგაზრდებს შორის გააღრმავოს ურთიერთგაგება, რაც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, განვითარდნენ და შეისწავლონ აშშ-ს მთავრობის სისტემა, ამერიკული ცხოვრების წესი, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.

არანაკლებ საინტერესო აქტივობას გვთავაზობს “IREX-Georgia” – საერთაშორისო კვლევისა და გაცვლის საბჭო, საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს ცოდნის გაღრმავებას. IREX-ის ძირითადი მიზანია შესაძლებლობა მისცეს როგორც ცალკეულ ადამიანებს (მაგალითად სტუდენტს), ასევე დაწესებულებებს, მიიღონ მონაწილეობა სამოქალაქო საზოდაგოების ჩამოყალიბებაში. ის ხელს უწყობს სტუდენტების, მკვლევარების, საზოგადო მოღვაწეების, ბიზნესმენების, ჟურნალისტებისა და სხვათა პროფესიულ განვითარებას, დამოუკიდებელი მედიის განმტკიცებას, აკადემიური, საჯარო და არასამთავრობო დაწესებულებების განვითარებას. თავისი პროგრამების მეშვეობით საშუალებას აძლევს უნივერსიტეტებს, ფონდებსა და პოლიტიკოსებს გაიღრმავონ ცოდნა და განავითარონ უნარ-ჩვევები.

ამ პროგრამებს სრულად აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატები. საქართველოში “IREX”-ის საგანმანათლებლო პროგრამის ოფიცერია ეკატერინე ყუფუნია. მისი თქმით, წელს რაიმე სიახლე არ იგეგმება. პროგრამა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას, საგანმანათლებლო გავცლითი პროგრამა ევრაზიასა და ცენტრალურ აზიაში (global undergreduate Exchange program in Eurasia and central Asia) და მონაწილეებს შეარჩევს ამერიკულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად, სრულიად დაფინანსებულ ერთ წლიან პროგრამაზე.

შთაბეჭდილება გაგვიზიარა ამ პროგრამის მონაწილემ გიორგი მიქავამ, რომელმაც 2012-2013 წლებში ისარგებლა ამ პროგრამით: „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება იყო უცხო კულტურასთან ზიარება, კულტურასთან, რომელიც არის ძალიან მრავალფეროვანი და ერთ-ერთი ყველაზე ტოლერანტი და ჰუმანური. ასევე მნიშვნელოვანი იყო იმის გააზრება, რომ საქართველო ნამდვილად არ არის რჩეული ერი და სხვა ერშიც შეიძლება, ნახო საუკეთესო ადამიანები და ადამიანებს შორის საუკეთესო ურთიერთობები. პირველად ვნახე, რას ნიშნავს ცხოვრება ქვეყანაში, სადაც დარწმუნებული იქნები, რომ შენი უფლებები არ დაირღვევა, და თუ დაირღვა, ამაზე პასუხს აუცილებლად აგებენ, ეს უკვე ჩემი ამერიკელი მეგობრების ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ვიცი. ამერიკამ რეალურად მომცა საშუალება, გამერკვია, რა მაინტერესებდა, რისი კეთება მინდა ცხოვრებაში. ამერიკულ უნივერსიტეტში არასდროს მიგვრძნია თავი დაბნეული ან მოწყენილი, რადგან ყოველთვის არის ადამიანი, ვინც დაგეხმარება და სწორ არჩევანს გაგაკეთებინებს. უარყოფითი ფაქტორიდან შემიძლია ის მოვიყვანო, რომ ზოგიერთ ამერიკელს უცხოელი არ უყვარს, ესეც ცალკეული ფაქტებია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩემმა უნივერსიტეტმა კრედიტები არ ჩამითვალოს და ერთი აკადემიური წელი დამემატოს, არ ვნანობ წასვლას იმიტომ, რომ ისინი ვერასდროს მომცემენ ისეთ ცოდნას, რაც ამერიკაში მივიღე“.

სხვა სტატიები
თითოეული ინდივიდის ცხოვრებაში დგება დრო, როცა სურს, გააღწიოს ერთფეროვანი სამყაროდან, ურთიერთობებიდან, კანონებიდან და სურვილის, უნარის, მოტივაციის შესაბამის კარიერაზე დაიწყოს ფიქრი. გადაწყვეტილება, თუ რა პროფესიით გააგრძელებს ადამიანი ცხოვრებას ძალიან რთული მისაღებია და ამ მხრივ ყურადღებას რამდენიმე ორიენტირი იქცევს. ურბანული ცხოვრებისა და სხვადასხვა სამუშაო სფეროს განვითარებამ, ტექნოლოგიური პროგრესის გავლენით სამუშაო ძალის მოდერნიზაციამ ადამიანს მისცა შესაძლებლობა გარკვეული როლი შეასრულოს მუდმივად ცვალებად სამყაროში და აქტიურად გამოიყენოს საკუთარი უნარები შრომის ბაზარზე. არჩევანი დიდია, სამყარო მრავალი წვრილი და მსხვილი ფუნქციის მატარებელი ნაწილებისგანაა აგებული.
სრულად
ისეთ სახელმწიფო სისტემაში, სადაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ალბათ, თითოეულ აქ მცხოვრებ ადამიანს აქვს სურვილი საკუთარი სატკივარი გაუზიაროს აუდიტორიას. სამწუხაროდ, ჩვენს სამშობლოში ასეთი სატკივარი თუ პრობლემები იმდენად უხვადაა, რომ ამორჩევაც არ საჭიროებს დიდი აზრის დატანებას.
სრულად






Carpet Cleaning Calgary